საქართველოში დიზელის ფასმა 5-ლარიანი ნიშნული გადალახა. ქართულ რეალობაში ეს მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდია. ბოლო 1 წელიწადში ბენზინი 35%-ით, დიზელი კი 65%-ითაა გაძვირებული. უფრო კონკრეტულად, ბოლო ერთ წელიწადში ლიტრი ბენზინი საშუალოდ ₾1.15-ით გაძვირდა, ლიტრი დიზელი კი – ₾1.95-ით.
რა მასშტაბისაა გაძვირება და როგორ აისახება ის სხვა ხარჯებზე? თბილისიდან ბათუმამდე დაახლოებით 360 კმ-ია. თუ ავიღებთ სედანს, რომელიც 100 კმ-ზე საშუალოდ 7 ლიტრ ბენზინს წვავს, ბათუმამდე 1 გზა 29 ლარით იქნება გაძვირებული, ხოლო თუ ავიღებთ სედანს, რომელიც 6 ლიტრ დიზელს მოიხმარს, ასეთ შემთხვევაში დედაქალაქიდან ზღვამდე ჩასვლა უკვე 42 ლარით ძვირი დაჯდება.
ენერგომატარებლების გაძვირება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა პროდუქციის ფასებზეც უარყოფითად აისახება, ძვირდება არა მხოლოდ ტრანსპორტირება, არამედ მიწის დამუშავების ხარჯიც. აგროტექნიკა – ტრაქტორები, კომბაინები… ძირითადად დიზელზე მუშაობენ. დიზელზე რეკორდული ფასები უარყოფით მოლოდინებს ქმნის და სურსათის გაძვირების რისკებს წარმოშობს. გამოსავალი ვერც იმპორტი იქნება, რადგან საწვავი, განსაკუთრებით კი დიზელი, მთელ მსოფლიოშია გაძვირებული.
ეროვნული ბანკი 2027 წლის თებერვლიდან დაკრედიტებას ამკაცრებს, რაც, სავარაუდოდ, მაღალი ინფლაციური მოლოდინებითაა გამოწვეული.
რა ღირდა საწვავი უფრო ადრე, მაგალითად, 14 წლის წინ? 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ბოლო დადასტურებული ცნობა ვისოლის ქსელში 24 სექტემბრით თარიღება. მაშინ პრემიუმის ტიპის ბენზინის შეძენა ამჟამინდელთან შედარებით 2 ლარით ნაკლებად, ₾2.28-ად იყო შესაძლებელი, დაახლოებით იმდენივე ღირდა დიზელიც, რაც ამჟამინდელზე ₾2.75-ით ნაკლებია.
საწვავის ფასები ვისოლის ქსელში
წყარო: ვისოლი
ბოლო 14 წელიწადში ბენზინი საშუალოდ 94%-ით, ხოლო დიზელი 123%-ით გაძვირდა. მსგავსი გაძვირების მიზეზი მხოლოდ ერთი ფაქტორი არ გამხდარა. ბარელი ნავთობის ღირებულება 2012 წლის სექტემბერშიც 90 დოლარზე მაღალი იყო, თუმცა მას შემდეგ გაძვირდა უკვე გადამუშავებული მზა საწვავის ღირებულება, გაძვირდა ტრანსპორტირება, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 95 თეთრით, 1.65-დან 2.60-მდე გაიზარდა, აქციზის ღირებულება ბენზინის შემთხვევაში 100%-ით, დიზელის შემთხვევაში კი 167%-ით გაიზარდა. საწვავის ხარისხით ქვეყანა EURO 3-დან ჯერ EURO 4-ზე, შემდეგ კი EURO 5-ზე გადავიდა, ბოლო თვეებში რუსეთიდან შედარებით იაფი საწვავის იმპორტიც შეფერხდა. მიზეზთა ამ ერთობლიობამ,14 წელიწადში 1 ლიტრი ბენზინი საშუალოდ 2 ლარით, ხოლო დიზელი 2.75 ლარით გააძვირა.
