მოგზაურობა ძველ ბათუმში
მოვლენები
logo

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – ალტერნატიული სასჯელი ქალებისთვის

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინდივიდუალური თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელის ფორმა, ვერ უზრუნველყოფს სრულად საზოგადოების უსაფრთხოებას, არ განაპირობებს დანაშაულის შემცირებას, იწვევს პატიმრებისა და მათი ოჯახების სტიგმატიზაციას და არ არის მიმართული დაკავებული პირების რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციისაკენ.

სულ უფრო ბევრი ქვეყნის მართლმსაჯულება მიმართავს ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას დამნაშავეთათვის, რაც ხელს უწყობს ციხეების განტვირთვას, დაკავებული პირების შრომის გამოყენებას საზოგადოების სასარგებლოდ და მათი სოციალური ფუნქციის შენარჩუნებას. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – ალტერნატიული სასჯელის ერთ-ერთი ფორმა – ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ განიხილება, როგორც ე. წ. თერაპიული, გამოსასწორებელი და პოზიტიური სანქცია. მისი აქტიურად გამოყენება როგორც შეამცირებს პატიმართა რაოდენობას, არ მოხდება მათი საზოგადოებისგან გარიყვა; ამასთანავე, “სამართალდამრღვევთა შრომა” დიდი შრომითი რესურსია სახელმწიფო და არაკომერციული ორგანიზაციებისათვის.

არასაპატიმრო სასჯელის ეს ფორმა ევროპასა და აშშ-ში გამოიყენება როგორც ძირითადი და დამოუკიდებელი, ასევე ალტერნატიული სასჯელის სახე. საერთაშორისო სტანდარტები – გაეროს მინიმალური სტანდარტები არასაპატიმრო სასჯელების შესახებ – ტოკიოს წესები, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1999წ.-ს მიღებული რეკომენდაცია /N.R (99), ევროპული წესები საზოგადოებრივი სანქციებისა და ზომების შესახებ – განსაზღვრავს დამნაშავეთა იმ წრეს, რომელსაც შეიძლება შეეფარდოს ალტერნატიული სასჯელის სხვადასხვა ფორმა და, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის ზომას და ხანგრძლივობას.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არაერთგვაროვნად განიხილება სხვადასხვა ქვეყნის იურიდიულ პრაქტიკაში, რაც განპირობებულია ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობის თავისებურებებით, ჰუმანიზაციისა და ლიბერალობის ხარისხით.

როგორია ამ მხრივ ვითარება საქართველოში? საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს უსასყიდლო შრომას, რომელსაც ბრალდებულს მიუსჯის სასამართლო; ხოლო მსჯავრდებულისთვის ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. მის სახეს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

სსკ კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ფეხმძიმე ქალებს და იმ ქალებს, რომლებსაც ჰყავთ 7 წლამდე შვილი, I და II ჯგუფის ინვალიდ და საპენსიო ასაკის პირებს არ აქვთ საშუალება გამოისყიდონ რეალური სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის ქალებიც, რომლებსაც ციხეში ყოფნისას შეეძინათ შვილი. ეს შეზღუდვა, რომელიც მომდინარეობს საბჭოთა პერიოდის იურიდიული პრაქტიკიდან, უცვლელად დარჩა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში. სხვა ფაქტორებთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში მისი თანამედროვე ეტაპზე მოქმედება განაპირობა, ერთი მხრივ, წინა წლებში დამკვიდრებულმა “ნულოვანი ტოლერანტობის” მავნე ტენდენციამ,. როდესაც სახელმწიფო ანხორციელებდა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას, მათ შორის, დანაშულის ჩამდენი ქალების მიმართაც და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაიგივებამ მხოლოდ მძიმე ფიზიკურ შრომასთან, როგორიცაა დასუფთავება, გამწვანება, საველე ურბანული სამუშაობები, რაც ზღუდავს ამ ტიპის სასჯელის ქალებისთვის შეფარდებას.

კანონმდებლობის ეს ხარვეზი ხელს უშლის დამნაშავე ქალების რეაბილიტაციას მათი ოჯახთან, მცირეწლოვან შვილებთან უწყვეტი კონტაქტის, მათი სოციალური ფუნქციონირების პირობებში.

საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფონდის (FOSI) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, რომელიც გულისხმობს პატიმარი და ბრალდებული ქალების გარკვეული კატეგორიებისთვის არასაპატიმრო სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის – მისაწვდომობის უზრუნველყოფას საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის, საზოგადოებრივი აზრის მობილიზების და იურიდიული პრაქტიკის ხარვეზის აღმოფხვრის გზით. პროექტის ხელმძღვანელია ანა კანჯარაძე, პროექტის წევრები: თამარ აბულაძე, ნინო ლორთქიფანიძე, ნატო გუგავა.

ჩვენს მიერ პარლამენტში წარსადგენად მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, შეზღუდვა უნდა მოეხსნათ იმ ქალებს, რომლებსაც დღევანდელი კანონმდებლობით არა აქვთ უფლება გამოისყიდონ სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი ქალების კატეგორიაში შედიან: ფეხმძიმე ქალები; ქალები , რომლებსაც ჰყავთ 7 წლამდე შვილი; პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი და ასევე საპენსიო ასაკის პირები. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეეფარდოთ ალტერნატიული სასჯელის აღნიშნული სახე.

 

გასათვალისწინებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რის გამოც ის უფრო ხშირად უნდა განხორცილედეს:
სახელმწიფო თავიდან აიცილებს ციხის პირობებში მსჯავრდებულის შენახვის ხარჯებს;
მოხდება საზოგადოების ჩაბმა მართლმსაჯულების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს მათში პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას;
მსჯავრდებული დასაქმდება, რაც უზრუნველყოფს მის რესოციალიზაციას;
მსჯავრდებულს მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ დასაქმების პერიოდში თავის გამოჩენისას დარჩეს ფირმაში და გააგრძელოს მუშაობა სასჯელის მოხდის შემდეგ, რაც თავიდან ააცილებს სახელმწიფოს განმეორებითი დანაშაულის ჩადენას;

ამ სასჯელის გამოყენებით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიღწევის შემთხვევაში დაიზოგება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საზღვარგარეთის ქვეყნებში, უმეტესად, გამოიყენება, როგორც ძირითადი და დამოუკიდებელი სასჯელის სახე (შვედეთი, ფინეთი, დიდიბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, საბერძნეთი, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ხორვატია, მოლდავეთი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი).
სხვაგვარია ვითარება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით როგორც ზოგადად, ისე კონკრეტული შეზღუდვების თვალსაზრისით.

ამ საკითხთან მიმართებაში, მდგომარეობის ანალიზის მიზნით, პროექტის ფარგლებში, განხორციელდა რიგი სამუშაობები, რომლებიც გულისხმობდა პატიმარი ქალების გამოკითხვას სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში, რუსთავში; დაწესებულების სოციალური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას; თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან შეხვედრების შედეგად მიღებული მონაცემების გაანალიზებას. წარმოგიდგენთ ზოგიერთ მონაცემს:

ქალთა #5 დაწესებულებაში განთავსებული 241 თავისუფლება აღკვეთილი პირიდან გამოკითხვაში მონაწილეობაზე დაგვთანხმდა 141 მათგანი. მსჯავრდებულთა დიდმა ნაწილმა ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის მოთხოვნით სხვადასხვა დროს მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს. აბსოლუტურმა უმრავლესობამ პასუხად უარი მიიღო, რაც, ზოგადად, იწვევს მსჯავრდებულების მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ უკმაყოფილებას. მათ არ სჯერათ, რომ ალტერნატიული სასჯელის ამ სახის მათთვის შეფარდება შესაძლებელია.

უნდა აღინიშნოს , რომ მსჯავრდებულთა უმეტესი ნაწილი მიესალმება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. ისინი მზად არიან შეასრულონ ნებისმიერი ტიპის სამუშაო. გამოკითხვისას პატიმრები ამბობდნენ: ”რა კარგია, ოღონდაც გამიშვან და მზად ვარ შრომისთვის“, „ არ მქონდა მძიმე მუხლი , მცირეწლოვანი ბავშვები მყავდა და მაინც არ გამიშვეს შრომაზე“ და სხვ. აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება – დაირღვა დამკვიდრებული მითი იმის შესახებ , რომ მსჯავრდებულ ქალებს და ბრალდებულებს არ სურთ მუშაობა, რომ მათ ეთაკილებათ მსგავსი საქმიანობა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრედებული ქალების პოზიტიური დამოკიდებულება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, როგორც ალტერნატიული სასჯელის მიმართ, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ადეკვატურად აღიქვან ვითარება, ზუსტად განსაზღვრონ დამნაშავე ქალების საჭიროებები და შეიმუსავონ მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საჭირო სტრატეგია.

გამოკითხულთა შორის დიდია მზაობა, მოიხადონ სასჯელი ალტერნატიული ფორმით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით (გამოკითხულთა 87%); მსჯავრდებულთა დიდი უმეტესობა შედარებით მსუბუქი დანაშაულისათვის იხდის სასჯელს და მათთვის ამ სახის ალტერნატიული სასჯელის შეფარდებას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი;

ამასთანავე, გამოკითხულთა უმრავლესობას აქვს შესაბამისი განათლება, რისი გამოყენებაც შესაძლებელია მათთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებისას. კერძოდ, გამოკითხულთაგან 57-ს აქვს უმღლესი განათლება, სრული ტექნიკური/პროფესიული კოლეჯი კი დაამთავრა 36-მა მათგანმა. პატიმრების აზრით, ძირითადად, მათ შეუძლიათ მუშაობა საოფისე საქმეზე (85) ; გამწვანების ( 64) და დასუფთავების ( 63) სფეროებში.
გამოკითხულთაგან 25 პატიმარს ჰყავს 7 წლის და ქვემოთ ასაკის შვილი. მათ შორის, 4 პატიმარს დაწესებულებაში – ასაკი 1-დან – 3 წლამდე; მათგან 19- ისთვის პირველი სასჯელია, მეორე – 5-ისათვის, მესამე -1 სთვის. გამოკითხვის მომენტისთვის 1 იყო ფეხმძიმე.

დანაშაულის სიმძიმის ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლოს შრომით შეცვლისას. კანონმდებლობა განმარტავს ალტერნატიული სასჯელის ამ სახის შეფარდების შესაძლებლობას დანაშულის სიმძიმისა და სასჯელის მოხდილი ნაწილის მიხედვით:

თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშულისათვის (მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას) მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი.
ბ) მძიმე დანაშაულის შემთხვევაში (სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას და არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას), მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (კანონით გათვალისწინებული სასჯელი აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას ან გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.
115 გამოკითხულისათვის, ე.ი. დიდი უმრავლესობისთვის, ეს არის პირველი სასჯელი; 19-ისათვის – მეორე სასჯელი ; 5-ისათვის -მესამე; 2-ისათვის – მეოთხე.
პრობაციის ბიუროს სტატისტიკის მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე სასამართლომ სასჯელის ძირითად სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა განუსაზღვრა 56 ქალს, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ და სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ პერიოდში შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით მხოლოდ 10 მსჯავრდებულ ქალს, რომელთაგან ერთს ჰყავდა 7 წლამდე შვილი და ერთი იყო ფეხმძიმედ. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ არის საპატიმრო სასჯელების გამოყენების შემცირების ტენდენცია სასჯელის ამ ფორმის ალტერნატიიული სასჯელების გამოყენების ჩანაცვლებით. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ისეთი ალტერნატიული სასჯელის გამოყენება, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, დისკრიმინაციულად და გაუმართლებლად შეიძლება ჩაითვალოს მოქმედი ნორმა – სსკ 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის აკრძალვა, რომელიც ეხება ფეხმძიმე ქალებს და იმ ქალებს, რომლებსაც ჰყავთ 7 წლამდე შვილი, ასევე, I და II ჯგუფის ინვალიდ და საპენსიო ასაკის პირებს. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ამ ნორმის შეცვლა არ არის დაკავშირებული დამატებით ფინანსურ ხარჯებთან სახელმწიფოს მხრიდან.

წარმოდგენილი ანალიზის შედეგები, სამართლის ლიბერალიზაციის ტენდენცია ქვეყანაში, დადგენილი საერთაშორისო ნორმების და საზღვარგარეთის იურიდიული პრაქტიკის გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საკითხის აქტუალობას და საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ სამიზნე ჯგუფს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოიხადოს სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

ავტორი