ტექნოლოგიები

“ფეშენ ვიქის” ქრონიკები და სხვა

8 მაისი, 2011 • • 1952
“ფეშენ ვიქის” ქრონიკები და სხვა

მარკ ტვენი ამბობდა: “მოდი, ისე ვიცხოვროთ, რომ როდესაც მოვკვდებით მესაფლავემაც კი განიცადოსო”. სათქმელად ადვილია, თორემ ოსამა ბინ ლადენის სიკვდილს ისეთი სიხარულით შეხვდა ნახევარი სამყარო, ეროვნულ დღესასწაულადაც რომ გამოაცხადონ ეს დღე ამერიკაში, გასაკვირი აღარ იქნება. მოკვდა თუ არა, ისე ესეც საკითხავია, რადგან ახლა უკვე პერმანენტულად გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც დაიწყებენ მტკიცებას იმისა, რომ “2PAC, ელვის პრესლი და ბინ ლადენი ერთად ნახეს”, ან, იმის მაინც რომ “ოსამა ობამაა და რეალურად, არც არავინ მომკვდარა”. სამაგიეროდ, მტერსასრუტს თუ ვენდობით, ნამდვილად მკვდარია ქალაქი რუსთავი. პოსტში „მკვდარი ქალაქი, ანუ, სად ვცხოვრობ მე“ რუსთავული გარემო და მისი მაცხოვრებლების ტიპაჟები განმკილავი სტილითაა განხილული. თუმცა, სიტუაცია იმდენად ნაცნობია, რომ მისი განზოგადება ბევრ სხვა ქალაქზეც თამამადაა შესაძლებელი: „[მამის ტიპის კაცები] ხშირად ახსენებენ შვილისტოლა გოგონებს,რომ მალე დათხოვდნენ,თორემ მერე დაიწუნებენ და აღარავინ მოიყვანთ. ამაზე უფრო რეალურ გულისტკივილსაც არ მალავენ და იქვე დასძენენ ხოლმე: “ისე როგორ უნდა მოვკვდე,რომ შენ ქორწილში ჭიქა არ ავწიო?” ცხადია,ისინი არც კი უშვებენ იმას,რომ შეიძლება მათი დაპატიჟება უბრალოდ არ მსურდეს ქორწილში,ან უბრალოდ,არ ვაპირებდე,რომ გადავიხადო 200 კაციანი ღრეობა ,შენიღბული ქორწილის სახელით,ან უბრალოდ საერთოდ არ ვაპირებ გათხოვებას.“

საკუთარ დასაცინ ტიპაჟებს აყალიბებს ცინიკოსიც (აბა ისე რა ცინიკოსი იქნებოდა) და შემდეგ მათ უდრტვინველად (ან დრტვინვით, არ ვიცი) დასცინის. დასცინის მორწმუნე ათეისტებს, ვირტუალური სიყვარულით დაბრმავებულებს, წვერიან მანდილოსნებს, პირადი ცხოვრების არმქონეთ, საკუთარ თავს და სხვათ და სხვათ: “ჩვენ ხომ მხოლოდ ეკლესიის დანახვისას გვახსენდება ღმერთი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტაძართან იმ დროს გავივლით, როცა ყურსასმენები არ გვექნება ყურებში გაჩრილი და რომელიმე მუსიკის რომელიმე ტექსტს არ ვღიღინებთ”

ფსევდომორწმუნეობა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საწერი თემაა. „მწერლები“ ხშირად აპელირებენ სამარხვო შოკოლადით, ნამცხვრით ან ხაჭაპურით, მკითხველები თავს იქნევენ და „ნწ, ნწ, ნწ“-ს ამბობენ, მსუნაგები – მაინც ჭამენ (და „მწერლების“ ფორიაქს აინუნშიც არ აგდებენ), სამაგიეროდ ბედნიერები არიან სამარხვო საჭმლის ბიზნესის მქონენი, რომლებიც, ღმერთს წესით ყველაზე დიდ მადლობას სწირავენ. ამავე თემაზეა ჯესის პოსტი „სადიეტო“ მარხვის დასრულება, სადაც კიდევ ერთხელ (და ვგონებ, კარგად) არის ჩამოყალიბებული ის აზრი, რომ მარხვა, მხოლოდ „მნია მნია“ საჭმელებზე უარის თქმას არ ნიშნავს და ის სხვა ბევრ რამესაც ითხოვს: “რატომ ჰგონია უმრავლესობას, რომ მარხვა გამოიხატება მხოლოდ  არასამარხოს არ ჭამაში? მარხვა არის სულისთვის საჭირო, შენ თუ ჭამ გასკდომამდე სამარხო შოკოლადს, უკეთესია უბრალო შოკოლადი გეჭამა და ცოტა. მარხვა არის იმისთვის, რომ გათავისუფლდე ამქვეყნიური ამაოებისაგან, ამქვეყნიური ცოდვებისაგან, უნდა იმარხულო სულიერად. და არა კუჭით”

ქართველ ერს კიდევ ორი ფაქტის გამო აკრიტიკებენ: აქ უყვართ შავი ფერი და არ უყვართ – ღიმილი. აქ საკუთარ პრობლემებს სამსახურის კართან არავინ ტოვებს და ქუჩაში უცხოს რომ გაუღიმო, პირველი რასაც ის შენზე იფიქრებს… მოკლედ, როგორც არის. შავ ფერს შევეშვათ. ქართულ ღიმილზე კი ვახო ხვიჩია წერს  პოსტში „Smile” და ღიმილნარევი სტილითვე „იკვლევს“ იმას, თუ როდის გაქრა ღიმილი ქართველი ხალხის ბაგეთაგან და როდის შეცვალა ის დეპრესიულმა პერიოდმა: “მე უფრო შემდეგი პერიოდი მახსენდება, მზიურ ქალაქის ქუჩა-ბანდებში „ქუჩის ბანდები“ რომ გამოჩნდნენ. მათ კი ადამიანთა სახეებიდან ღიმილი დიდი ხნით გააქრეს და მხოლოდ ერთ თეთრთმიან კაცს დაუტოვეს ამის უფლება, ისიც წლები დადიოდა უცნაური კოსტუმით მეტად ნასიამოვნები”

თუმცა, ერთი რამ ცხადია – ღიმილი ნამდვილად გჭირდება მაშინ, როდესაც საქმროს მშობლების გასაცნობად მიდიხარ და ბუნებრივია, ცდილობ, მათ თავი რომ მოაწონო.“პრესაქმროსმშობლებთანშეხვედრისეულ“ განწყობასა და „პოსტსაქმროსმშობლებთანშეხვედრისეულ“ შთაბეჭდილებებზე კი სოფი გოლდენის პოსტში – „მშობლებთან შეხვედრა“ – შეგიძლიათ წაიკითხოთ: “ადრე ყოველთვის იმდენად თავდაჯერებული ვიყავი, რომ ყველა ბიჭის მშობლებს და ბებიებს ვუყვარდი, როცა ჩემს საქმროს ვხვდებოდი, ვუთხარი კიდეც, მე და დედაშენი, დარწმუნებული ვარ, დავმეგობრდებით–მეთქი. მერე ერთმა ნაცნობმა მითხრა, არ შეიძლება ასეთი თავდაჯერებულობა, როცა ადამიანები საკუთარ შვილებს/შვილიშვილებს “კარგავენ”, ამის რეალური მიზეზი სულაც არ უყვართო”

ისე კი, ცოტა ღიმილის შემონახვა არც ჰაეროვანი ბლოგისათვის იქნებოდა ცუდი, სადაც „სილქნეტის“ ოპერატორების უხეში მოპყრობით „განრისხებული“ Nightingalus-ი ონლაინ დახმარების გვერდზე შეიჭრა და დასახმარებლად გულანთებულ ოპერატორებს „ვისთვის კაიფი, ვისთვის ღადაობა და ვისთვის ჭეშმარიტი ხუმრობა“ დაუწყო. პოსტი FAIL მეტწილად მაინც სურათებისაგან შედგება, სადაც ამ მხიარული დაპირისპირების რამდენიმე მაგალითია ასახული. თუ ნახავთ, არ მგონია, მაინცდამაინც რომ ინანოთ.

ამასობაში კინაღამ გამომრჩა ის დიადი ფაქტი და ერის სიხარული, რომელსაც მაღალთა ენაზე „თბილისის ფეშენ ვიქი“, მდაბიოთათვის კი – „თბილისის მოდის კვირეული“ ეწოდება. ეს ის ადგილია, „სადა არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა“ და სადაც, თურმე, მამაკაცთა ნაწილი მაღალი ქუსლებით, დეკოლტეთი თუ უშველებელი ჩანთით დადის. ყოველივე ამისა და „საფეშენვიქო“ ტერმინოლოგიის შესახებ არსებული ცნობისწადილი შეგიძლიათ ნატალიას ბლოგზე დაიკმაყოფილოთ. „ფეშენ ვიკი ვიქი თუ უიქი“ საფუძვლიანად მიმოიხილავს ამ საყოველთაო დღესასწაულს და იმდენი სითამამეც ჰყოფნის, მის დიდებულებას ჩრდილი რომ მიაყენოს: “მთავარია ერთი კვირის განმავლობაში სელებრითები საინტერესოდ ცხოვრობენ, იცვამენ გლამურულად, ყოველ დღე ფეშენ ვიკის რომელიმე პაკაზზე  ფრონთ როუში ჯდებიან და დადებით აურაში ფანტასტიურად გრძნობენ თავს. მერე ინტერვიუებს არიგებენ და ამბობენ რომ კაბის ფაქტურა განსაკუთრებული იყო, შემოდგომა – ზამთრის ქალი კი ჰაეროვანი. ერთ- ერთი დიზაინერის ინსპირაციის წყარო გეომეტრიული ფიგურები გახდა და პუბლიკამ მისი პრეტ ა პორტე ტრი დე ეფექტებით იხილა.უიკი/უიქი ორგინალურობით გამოირჩევა და სელებრითებს პერფორმანსები, დეფილეები და ივენთები არ აკლიათ. ჩვენებები ბალ რუმსა და ფეშენ ტენტის გარდა სხვა სფეროებშიც ჩატარდება. პაკაზებს კი აფეთერ ფართები აგვირგვინებს”

მოდი, მოდი-დან მუსიკაზე გადავინაცვლოთ. “რატომ ვერ ცოცხლობს საქართველოში „ცოცხალი მუსიკა“ – მეტად საჭირბოროტო საკითხია და მეტად სამადლკეთილო იქნება, ვინმე მისი პრობლემების მოგვარებსაც თუ დაიწყებს. პრობლემები კი ეთნორევაზის პოსტშია ჩამოყალიბებული. მათ მთავარ მიზეზად ისევდაისევ ფინანსები რჩება. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა – ფულში რომ არ არის ბედნიერება, მაგრამ მაინც საჭიროა: “დავუშვათ, რამდენიმე მუსიკოსმა გადალახა პირველი პრობლემა, დახარჯა თანხა, შექმნა ჯგუფი და გავიდა სცენაზე. აქ უკვე მეორე პრობლემას, უფრო სწორად, ფენომენს ვაწყდებით: ქართველი ხმის რეჟისორები. მუსიკოსები ნამდვილად დამეთანხმებიან – ცოცხლად დაკვრისას უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ ჟღერს მუსიკა სცენაზე და მის გარეთ. ბალანსის პოვნა კი სწორედაც რომ პროფესიონალი ხმის რეჟისორის საქმეა”

ბოლო პოსტს რაც შეეხება, ვიქნები სუბიექტური და მის სათაურს (შინაარსსაც) ყოველგვარი “Facebook”-ების გარეშე გავიზიარებ. „უბრალოდ დიდი ადამიანი“ ჯემალ ქარჩხაძისადმი მიძღვნილი მცირე წერილია და იმ ტენდენციასაც ეხმაურება, ბოლო პერიოდში „ქარჩხაძე მოდაში რომ შემოვიდა“ (ალბათ, რამდენიმე „საზოგადოებრივმა მეტრმა“ გადახედა და გულმოწყალე სახით თქვა, რომ „კარგია“): „ვერ ვიტყვი რომ ამ ადამიანმა ან დროს გაუსწრო ან ცუდ დროს დაიბადა და ადრე მოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მან ყველა დროში იცხოვრა. სხვანაირად ვერც პირველყოფილ ადამიანს აამეტყველებდა უსიტყვოდ და არა მარტო აამეტყველებდა, არამედ ყველა მის ემოციასა თუ განცდას საკუთარივით განგაცდევინებდა. ვერც ქრისტეს დაინახავდა ყველასგან განსხვავებულად და არა მხოლოდ ”დაბადება-ნათლისღება-წყალზე გავლა-მკვდრის გაცოცხლება-ჯვარზე გაკვრა-აღდგომა-ამაღლებას” ტრაექტორიაზე. ვერც ”გიჟ” მზექალას იგრძნობდა “ერთ დროს თეთრ” კაბის ფოჩებამდე…“

პ.ს: „პოპულარობა დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებელთა გემოვნებაზე“ – ჯემალ ქარჩხაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი