პროკურატურამ ტელეკომპანია “ფორმულას” მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარა დავით ქაშიაშვილი.

ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, იგი გამოკითხვაზე ორშაბათს, 16:00 საათზეა დაბარებული და მისვლას აპირებს.

პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია ფორმულას მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს ცრუ დასმენის მუხლით.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება.

“2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

შაბათის ფორმულას, წყაროზე დაყრდნობით, მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, “2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა”.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ გოგა ხაინდრავამ სასამართლოს მიმართა და ამჟამად,  ფორმულასთან სამოქალაქო დავა აქვს. ის დავობს, რომ ტელეკომპანია მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. გოგა ხაინდრავა პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.