ტექნოლოგიები

“გაქსუებული მონარქი” და მაღლივური ესკიზები

1 მაისი, 2011 • • 1502
“გაქსუებული მონარქი” და მაღლივური ესკიზები

 

ლონდონი, ტელევიზიები და პრინციც, პრინციპში

გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ჭეშმარიტი – „ღმერთო, რა სწრაფად გადის დრო!“. არადა, თითქოს ჯერ კიდევ გუშინ იყო პატარა უილიკო სასახლის ეზოში ფეხშიშველი მტრედებს რომ დასდევდა, დღეს კი უკვე, ყველა მის ქორწილზე ვლაპარაკობთ. ვდარდობთ იმაზე, თუ რა ეცმევათ სტუმრებს ქორწილში, ეჭვნარევი ხმით განვიხილავთ იმას, თუ ვინ ოხერი იყო ქეით მიდლტონი და როგორ მოახერხა, რომ თვით უილიამი მოეხიბლა, დანანებით აღვნიშნავთ მის გამელოტებას, შურით აღსავსე მზერით, ჩვენს თავს წამით ერთის ან მეორის ადგილზე წარმოვიდგენთ და ცხოვრების ამაოებაზე ფიქრიც მაშინვე შემოგვაწვება. ოღონდ წამიერად და გაუცნობიერებლად, რა თქმა უნდა.

„რა გექორწილებათ, ხალხო, თავზე გვენგრევა ქვეყანა“ პათოსით აღსავსეა უილიამის ბედნიერებისადმი (თითქოს ჩვენი უბედურება მთლიანად უილიამის კისერზე იყოს) მიძღვნილი პოსტი „სახალხო პატრიოტული მოძრაობის“ ბლოგზე. „მონარქიული ოქროს უკანალი ქართველი ხალხის ტელეეკრანებზე“ დაახლოებით იმ ტონითაა დაწერილი, როგორითაც „იმჰოტეპის“ ძახილით მიმავალი დაზომბირებული მასის შეჩერებას განიზრახავდა ვინმე: „და ამას აყურებინებენ იმ ხალხს რომლის ნახევარზე მეტი ღატაკია და მესამედი კიდე სიღატაკის ზღვარს დაბლაა, რომელსაც ადამიანობა წართმეული აქვს და ცხოველზე უარეს მდგომარეობაშია ჩაყენებული. რა დროს ინგლისისი მუქთახორა გაქსუებული მონარქების ცერემონიის და მათი მოოოქროვილი უკანალების დეტალების აღფრთოვანეული ტონალობით გარჩევაა ხალხო?? რას აყურებინებთ წუმპეში ბორკილებ დადებულ ხალხს თუ როგორ ბუქნაობენ მუქთად ნაშოვნ ოქროს ბალიშებზე და ხალიჩებზე ინგლისის მონარქები?“

„ტელევიზია უნდა მოკვდეს“ ჩორვენის აზრითაც, რადგან ყველა მათგანი „აბსოლუტური დებილებითაა დაკომპლექტებული“. პოსტი დუღს და გადმოდუღს იმ მიზეზის გამო, რომ საინფორმაციო გამოშვებები თუ უბრალო შოუები უბედურებებითა და დამთრგუნველი ამბებით არის აღსავსე. თუმცა, აქვე არც ის ჟურნალისტური ანდაზა უნდა დავივიწყოთ: „Bad news – Good news, Good news – No news, No news – Bad news”-ო, რომ ამბობს. ამ ანდაზის შემქმნელები იმასაც დასძენენ, ხალხს უფრო მეტად სისხლი და სიკვდილი აინტერესებს, ვიდრე სიცოცხლე და ბედნიერებაო (პრინცის ქორწილი თუ არ არის, რა თქმა უნდა): „არა, ამდენი შტერობის ყურება და ატანა ყველანაირ ძალებს აღემატება! ამასთან ერთად შტერი ჟურნალისტებიც მაოგნებენ, გვარებს რომ სწორად ვერ იწერენ და სიუჟეტზე ხმის დადებისას ინფორმაციასაც ვერ გვაწვდიან სწორად, ნუ მოკლედ სასწაულია რა! გა და შენ დნენ ქართული ტელევიზიები მთელი თავისი პერსონალით!!!“

სანამ ლონდონში ვართ, სჯობს ბარემ ანდრიას ბლოგზეც შევიაროთ და ლონდონზე რაღაცეები გავიგოთ. ის არა, რასაც ნებისმიერი გიდი ტრაფალგარის მოედანზე, ბუკინგემის სასახლესა თუ ათობით მუზეუმზე გიამბობთ. რაღაც სხვა – ადამიანური ენით, არაოფიციალურად გადმოცემული მეტ-ნაკლებად უცნობი ცნობები ლონდონსა და მის ატმოსფეროზე, რომელშიც – სპირიტუალისტურად თუ შევაფასებთ – ამ ქალაქის სული ჩანს: „აქედან ცოტა ზევით, რამდენიმე ქუჩის იქით, კარნაბი სტრიტია, ლონდონის შარდენი. იმ საღამოს მე რომ ამოვიარე ამ ქუჩაზე, რომელიღაც უცნობი ბენდი უკრავდა ღია ცის ქვეშ. სადღაც ამავე ადგილა ნახევარ საუკუნის წინ როლინგსტონზი და ჰუ უკრავდნენ. აქედან 20-30 მეტრში, შექსპირის თავის პაბია. ასე ქვია Shakespeare’s Head, ალბათ იმიტომ რომ მეორე სართულის ფანჯრიდან ია ხელზე მაჯა და მტევანი მომძვრალი აქვს. როგორც გავიგე, მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვამ იმსხვერპლაო.“

პრეტენზიები რელიგიასა და გოგოებში

ადამიანები ბევრ რამეზე დაობენ, მათ შორის იმაზეც, რაც ამ ფრაზის წაკითხვისას, ბევრმა თქვენგანმა გაიფიქრა. თუმცა, ბოლო დროს გემოვნებაზე დავის გარდა, ბევრი რელიგიურ საკითხებზეც აკამათდა. განსახილველი თემა არცთუ ცოტაა – მარხვის არსის შეგნებიდან დაწყებული ნაკურთხი მანქანების აფიშირებით დამთავრებული. აი, უსაქმური გოგოს ბლოგზე კი ის მიზეზები შეგიძლიათ ნახოთ, რომელთა გამოც უსაქმური გოგო რელიგიაზე არ კამათობს: „მე ვუხსნი, რომ თუ დასცინი ფსევდომარხვას ან აპროტესტებ რელიგიურ საფუძვლებზე დამყარებულ ძალადობას, ან არ მოგწონს ილია მეორეს მიერ ნაქადაგები ზოგიერთი დებულება, ან არ მოგწონს რომელიმე მოძღვარი, ან არ მოგწონს ამ რომელიმე მოძღვრის ჯიპი, რომელიც გარემოს ძალიან აბინძურებს – შენ არ დასცინი მის რელიგიას. შენ უბრალოდ, არ მოგწონს. მერე საუბარი გრძელდება 2 გზით – ან: მას დაუსრულებლად მოჰყავს ციტატები ბიბლიიდან. ან: გირჩევს, მის მოძღვარს დაელაპარაკო“

 

პრეტენზიები (ამჯერად გოგოების მიმართ და გოგოების მხრიდანაც) გრძელდება ყველასა და არავისთვის განკუთვნილ ბლოგზე, სადაც პოსტში ყველაზე პრეტენზიული გოგოები მდედრობითი სქესის ის რამდენიმე ტიპია განხილული, რომელთაც მიჯნურების მიმართ გარკვეული მოთხოვნები აქვთ და მათი უგულვებელყოფის შემთხვევაში თვალის ავზებს ცრემლებისგან ათავისუფლებენ: „აი, წარმოიდგინთ გოგონა, ვარდისფერი პაჟამოთი, რომელიც დათუნიას ეხუტება და ცრემლებს აღვარღვარებს, იმიტომ რომ შეყვარებულმა ყვავილები არ აჩუქა 14 თებერვალს. ერთი შეხედვით თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გოგონა რომანტიკოსი, კეთილშობილი, გულჩვილი და საყვარელია. მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ: ეს გოგონა თავნება, ტუტუცი და ეგოისტია და რომანტიკისაც არაფერი გაეგება. კარგ ადამიანებს არ უყვართ, როცა ყვავილებს ანადგურებენ, ლარნაკში დებენ და აჭკნობენ“

 

გოგოების (და მათ მიმართ არსებულ დამოკიდებულების) შესახებ წერს მერაბინო პოსტში „მომწონხარ…“, სადაც ის გოგოთა მიერ თავის დაფასებისა თუ ხვეწნა-მუდარის მიღების ურცხვი სურვილის ერთ-ერთ ტექნოლოგიას ამხელს და თავის მხრივ, ბიჭების პოზიციასაც აფიქსირებს: „არადა ყველაფერი რა ძალიან მარტივად იყო და არის: მომწონხარ… შენც მოგწონვარ? მაშინ რატომ თამაშობ? რატომ ცდილობ თავი უკარება არსებად და მიუწვდომელ პრინცესად წარმოაჩინო? რაც არის არის. შენ ასეთი გზა აირჩიე, მე კი ასეთი ვარ – უცბად მიჩნდება სიმპატია, რომელიც ყოველთვის გულწრფელია და ასევე უცბად მიქრება იგი, რადგან ვერ ვიტან, როცა მეთამაშებიან“

ანიდან ჰოემდე

იყო ადრე ერთი საბავშვო წიგნი  მეტად ორაზროვანი სათაურით – „ფანტაზია და მარჯვე ხელები“. რა თქმა უნდა, შინაარსი ერთმნიშვნელოვნად შრომასა და მაკრატლით ქაღალდების ჭრის პროცესს ეფუძნებოდა, მაგრამ ბილწი ცნობიერების მქონე ადამიანთათვის ეს სათაური მაინც მზაკვრული ხითხითის მასტიმულირებელ ელემენტად რჩებოდა ხოლმე. ცნობიერების ეს ამონამზაკვრი კი კიდევ უფრო მეტად არის დაზუსტებული „სამი დაბლიუ“-ს ბლოგზე პოსტში „ფანტაზია და მარჯვენა ხელები“, სადაც ოთხმოცდაათიანელების თაობის იმ საცდურთა მოკლე მიმოხილვაა, რომელიც „სპეტაკ და უმწიკვლო ბავშვებს“ უდრტვინველად რყვნიდა: „მანგლისის ცენტრში მდებარე ლუიზას მაღაზია ერთი განსაკუთრებული პროდუქტის, “შავი კევის” გამო გვიყვარდა. “შავი კევი” შავ (duh) ქაღალდში შეფუთული, ფლეიბოის ლოგოიანი საღეჭი რეზინი იყო, რომელსაც ტიტველი(!) ქალების ნაკლეიკები მოყვებოდა. მაღაზიაში, როგორც წესი, ჯგუფის ყველაზე მამაცი წევრი შედიოდა ხოლმე და დაახლოებით ისევე ყიდულობდა შავ კევს, როგორც რამდენიმე წლის მერე მე – პრეზერვატივს, უამრავ სხვა რაღაცასთან ერთად, მაღაზიაში შესვლის ნამდვილი მიზეზის დასაფარად

მთელი ცხოვრებაა მაღლივზე სხვადასხვა სახის ლეგენდები ჩამესმის. ზოგი მის მისტიკურობას ამტკიცებს, ზოგი – ჯადოსნურობას, ზოგი – მიუწვდომლობას (როგორც ქსელიდან გასული აბონენტისა) და ზოგიც – ერთადერთობას მთელს სამყაროში. შესაბამისად, სანამ მაღლივი ჩემი თვალით არ ვნახე, იქამდე ღრმად მწამდა, რომ ის რეალურად არ არსებობდა და მხოლოდ პატარების შესაშინებლად იყო მოგონებული (როგორც ბუა ან ლეგენდარული გუდიანი კაცი). თურმე, არსებობს და მეტიც – მასზე პოსტებსაც წერენ. Seymour Glass-ის  მაღლივური ესკიზები უნივერსიტეტის ამ კორპუსს დოკუმენტურად აღწერს და მის ირგვლივ არსებულ მისტიკურ ბურუსსაც შეძლებისდაგვარად ფანტავს: „პირველად თუ მოხვედით, და თუ თქვენ საუბედუროდ ბოლო წვიმის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, უთუოდ ამოისვრებით ტალახში, რადგან გაუგებარ მიზეზათა გამო ასფალტი მხოლოდ ალაგ-ალაგ აგია. მხოლოდ დროთა განმავლობაში, შუა საუკუნეების მოგზაურის მსგავსად გაიკვლევთ თქვენს არც თუ ისე სანუკვარ მიზანთან მიმავალ შედარებით უსაფრთხო გზებს“

და ბოლოს, „ისევ 99 ფრანკი“– წიგნი, რომელიც ახლახანს გამოვიდა და თითქმის ყველა – მათ შორის, ისინიც აალაპარაკა, ვისაც ღმერთი გაუწყრა და ბეგბედერის ეს ნაწარმოები წაკითხული ჯერ კიდევ არ აქვს. თუმცა, თუკი ეს უკანასკნელნი სირცხვილით დაწვას გადაურჩნენ, მანამდე შეუძლიათ დევის მიერ აღნიშნულ თემაზე, ბეგბედერისავე სტილში დაწერილ პოსტს გაეცნონ: „ვაგონში შედიხარ, სანამ შეხვალ ორი გოგო გისატკავებს. რაღაცეებს ჩურჩულებენ.. ყურების დასველებამდე. შემოგყვნენ და შენ წინ დაჯდნენ.. მაინც *** გკიდია. კითხვას აგრძელებ და თან რატომღაც თავი გისკდება, თუმცა რა თქმა უნდა წიგნს არ ბრალდება.. მთელი დღეა ტვინი კარგ ამბავში გყავს. იქ ხარ ჩარლიმ რომ მომენტი ჩაიჭირა და ქეიფიც მოიგო “აპიციაში” წინადადებით:  ”თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს ანქსიოგენურია? არ არის პრობლემა, შეგვიძლია რგოლის მინორიზება”

 

პ.ს: კარგი, ქორწილი ჩავატარეთ, მშვენიერია – ახლა უკვე, დროა იმაზე დავიწყოთ ფუთფუთი და ჭორაობა, თუ როდის ჩამო-ქეით-დება ახალი პატარძალი ტახტიდან…

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი