ტექნოლოგიები

“ჰომოფობი ნანუკა” და “ჩასახვის საწინააღმდეგო არაყი”

24 აპრილი, 2011 •
“ჰომოფობი ნანუკა” და “ჩასახვის საწინააღმდეგო არაყი”

შენიშნული ხუთეული

გუშინ იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლი კიდევ ერთხელ გადმოვიდა და სამყაროს გარკვეულ სეგმენტს შვებით ამოსუნთქვის საბაბიც მისცა. მართალია ცეცხლი იმ წელსაც გადმოვიდა, როდესაც ჰაიტიში მიწისძვრა მოხდა, ცუნამმა ტაილანდს გადაუარა და ნახევარი იაპონიაც ჩაიძირა, მაგრამ ეს უფრო მეტად “გარყვნილებით იყო გამოწვეული” და აპოკალიფსის წინაპირობას სულაც არ წარმოადგენდა. მოკლედ, ზოგმა ის თქვა, “რა კარგია, 2012 წელს არ მოხდებაო” (2012-ც ხომ “სამყაროს განადგურების” სინონიმი გახდა), ზოგმა კიდევ ერთხელ სკეპტიკურად აღნიშნა- “ფოკუსია ეს ყველაფერი” და “კარგი რა… მარსზე დაფრინავს ლამის ადამიანი, უვნებელი ცეცხლი გიკვირთო“, ზოგსაც უბრალოდ გაუხარდა (თანაც იმდენად, რომ ეს ფაქტი სტატუსებში აღტკინებული ფორმით გამოხატა კიდეც). კნუტის პოსტი „აღდგომა და ხვალეო“ სწორედ ამ „ზოგებს“ ეხება, თუმცა მეტ აქცენტს ცინიკოსთა კლასის წარმომადგენლებზე აკეთებს: „ჰოდა, გწამდეს. არაა აუცილებელი, სხვებიც დაარწმუნო ამაში. დარწმუნებისთვის კი მათი ცინიზმის ატანა გიწევს, არც ეგაა საჭირო, ვგონებ… ანდა პირიქით… შენთვის ცეცხლის გადმოსვლის სასწაული უბრალო ქიმიური ეშმაკობაა? არ გჯერა? ჰოდა, დაგვანებე თავი… რატომ ცდილობ სარკაზმითა და ცინიკური სტატუსებით “აუხილო” თვალი “ბნელ” მორწმუნეებს? როგორც ამბობენ ხოლმე, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ“

საფლავზე გასვლაც ერთ-ერთი სააღდგომო რიტუალია, რომელიც სამარხის პირას სმა-ჭამასა და მორჩენილი საკვებით მაწანწალების თვითგამოკვებას გულისხმობს. ეს ის დღეცაა, როდესაც სარეველების ისტორიაში დიდი და შავი ფურცელი იწერება, რაც მათ მასობრივ განადგურებაში გამოიხატება ხოლმე. ზურიუსის პოსტი „ქართული სასაფლაო: ტრადიცია, მოდა და დრო“ კი ამ ჩვეულებას ეძღვნება და რიტუალთან ერთად ქართულ პომპეზურად გაფორმებულ საფლავებსაც განიხილავს: „ქართველებს რომ გარდაცვლილთა სულებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი გვიყვარს, ამას სასაფლაოებიც მოწმობენ.  99,9%-ს გარდაცვლილის სურათ(ებ)ი ამშვენებს, დაახლოებით ამდენივეს გააჩნია პატარა მაგიდა (სკამიც) მცირე სააღდგომო პურმარილის გასაშლელად და ასევე, თითქმის, ყველა მათგანი შემოღობილია დაბალი, (ქვის ან ლითონის) დეკორატიული გალავნით. ეს სტანდარტია. ჩვენ, დაახლოებით, ნახევარი წლის საყოფს ვხარჯავთ იმ სახლებში, რომელთაც, უკეთეს შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ თუ მივაკითხავთ“

ტრადიციები ხშირად სტერეოტიპების მშობელიცაა. ეს ნათესავური კავშირი განსაკუთრებით მძაფრად ჩანს მაშინ, თუკი რომელიმე ტრადიციის დარღვევას გარისკავ. ასეთ დროს დიდია შანსი იმისა, რომ „მშობლის“ დამცველთა არმიამ დაუკითხავად გაგრიყოს და მიწასთანაც გაგასწოროს. პოსტში „ქართული სტერეოტიპები (ჩვენი თაობა)“ Jood თავსგადახდენილ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ არამხოლოდ „მამათა თაობა“, არამედ ჩვენი თანატოლებიც ზოგჯერ სტერეოტიპულად აზროვნებენ და გამოხატავენ სურვილს (რაც, საბედნიეროდ, ხშირად მხოლოდ სურვილადვე რჩება) ამა თუ იმ ორიენტაციის, მრწამსის ან წარმომავლობის ადამიანის სამყაროდან ბრუტალურად მოშთობის შესახებ: „თუ ხარ მასისაგან ოდნავ სხვანაირი თუნდაც თმის ფერით, ქცევით, ცხოვრების სტილით, მაშინ საქართველოში გამოდის, რომ არ აკმაყოფილებ ”სტანდარტებს” და “წადი ბატონო ამერიკაში” – ეს დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩვენზე უფროს თაობას აქვს.. მამათა და შვილთა ბრძოლაში ყოველთვის არის შესამჩნევი აზრობრივი განსხვავებები და სწორედ ამას ვაპროტესტებთ ახალგაზრდები… მაგრამ, ზემოთ მოყვანილ მაგალითებში საუბარია 19-22 წლის ახალგაზრდებზე…“

თუმცა, „ხალხის აზრი“ და „რას იტყვიან“ მიდგომა ხელწამოსაკრავი ფაქტორი რომ არ არის ჩვენს ცხოვრებაში „ფლირტის სეზონის“ ბლოგზეც შეგვიძლია დავრწმუნდეთ. მართალია, პოსტი So what იმდენად პატარაა, რომ ნახვის შემთხვევაში, მსოფლიოს უზარმაცესი ადამიანიც კი წაიკითხავს, მაგრამ თუნდაც ამ მცირე მონაკვეთში შეგვიძლია დაუკვირდეთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს პიროვნებას ძირითადად სხვათა აზრები აყალიბებს: „ჩვენი პიროვნების უდიდესი ნაწილი ხომ სხვების აზრებით არის შექმნილი; ჩაატარეთ პატარა ტესტი: ერთი კვირის განმავლობაში საყვარელ ადამიანებს გამოკითხეთ რას ფიქრობენ თქვენზე.. ჩაიწერეთ და ბევრჯერ გაიმეორეთ. ერთ კვირაში კი აღმოაჩენთ, რომ ეს წარმოდგენა თქვენც გადმოგედოთ. კარგი, არ დამეთანხმოთ, უბრალოდ გადაამოწმეთ“

მინიპოსტების ხაზს თუ გავყვებით, თამარას დინამიტზეც აუცილებლად მოვხვდებით, სადაც ერთი მეტად უცნაური დილემაა წამოჭრილი: „ანეიტრალებს თუ არა არაყი სპერმას“ წარმოადგენს ისტორიას ერთი „უსახელო გმირისა”, რომელსაც ვინმე „აღტკინებულ გოგონასთან“ დისკოთეკაზე შემთხვევითი (და ერთჯერადი) სექსი ჰქონდა, მოგვიანებით ის დალეულ არაყზე ამყარებს მთელს იმედს იმისა, რომ ცხრა თვის შემდეგ ჩვილით ხელში კარს არავინ მოადგება. თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით სალოცავად წასვლასაც გადაწყვეტს: „აი, აქ უკვე აღარ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. ლოცვის ტექსტი თუ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება: “უფალო, მომიტევე, რომ გუშინ დისკოთეკაზე ვცეკვავდი, დავთვერი და სექსი მქონდა. შემომახტა და რა ჩემი ბრალი იყო! გევედრები, არ დამღუპო და არ დააორსულო, პრეზერვატივიც არსად იყო სიახლოვეს და რა მექნა! იმიჯს ხომ არ შევილახავდი?“

მეორე ხუთეული, სტუდიაში!

ამბობენ, იდეალური კაცი არ ეწევა, არ სვამს, არ თამაშობს, ქალებში არ დადის და… არ არსებობსო. საერთოდაც, ბევრს მიაჩნია, რომ იდეალური მხოლოდ ღმერთია და დედამიწაზე უნაკლო მონა ლიზა ჯოკონდას პორტრეტიც კი არ დაიარება. თუმცა,  თუ ეგოდრომზე დავივანებთ, დავინახავთ, რომ მისი ავტორისათვის იდეალური ადამიანის რამდენიმე მოდელი არსებობს. პირველი მათგანი ფორესტ გამპია, მეორე – ბარონი მიუნჰაუზენი, მესამე კი ჰომერ სიმპსონი. ერთი შეხედვით, რთულია ამ ჩამონათვალში იდეალიზმის აპოთეოზის შენიშვნა, მაგრამ როგორც წინაპართაგან თქმულა ასეთ დროს „ერთხელ წაკითხვა ერთხელ შეხედვაზე უკეთესია“: „მოსაზრება, რომ, იდეალური ადამიანი არ არსებობს ჩემთვის მხოლოდ იმის შედეგია, რომ საკუთარ თავში ვერ ნაპოვნი იდეალურობა ათქმევინებს მთქმელს ამ “აბსურდს”

ზოგიერთისათვის კი იდეალური არა გმირი, არამედ წიგნი შეიძლება იყოს. ხშირად გაიგონებთ იმას, თუ „როგორ აფრენს ვიღაც გუგულის ბუდეზე გადამფრენ სეხნიაზე“ და როგორ შეუძლია ვიღაცას „ესა თუ ის წიგნი მილიონჯერ (რიცხვი ოდნავ გადამეტებულია) წაიკითხოს“. ერთ ასეთ წიგნს – „სამოსელი პირველს“ – ბექას ბლოგზე „დედამიწას რომ ატრიალებს, იმით” აღსავსე პოსტი ეძღვნება. “ნუთუ ყოველივე ეს?“ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანს წიგნი უყვარდეს და მინიმუმ, ნაწარმოების წაკითხვის სურვილი მკითხველსაც გაუჩინოს: “ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.” ეს ქალაქი ჩვენი თავისუფლებაა, ჩვენი ოცნების კანუდოსი, ქალაქი, სადაც სულს ვპოულობთ.დიდი სიყვარულის გზა, იმ სიყვარულისა, რომელიც დედამიწას ატრიალებს. ბოლოს კი სოფელში მარადახალი მდინარის პირას ერთადერთი ფიქრია: ნუთუ ყოველივე ეს…“

მათ კი ვისაც სხვა ქვეყნების ეგზოტიკა და მათი ადამიანური (არა „ენციკლოპედიური მონაცემებით დატვირთული“) დახასიათება უყვარს, შეუძლია „სერიოზული კაცის“ ბლოგზე შევიდეს და მისი თვალით დანახულ სტამბულთან ერთად, ევროპის სხვა ქალაქებსაც გაეცნოს: „დოლმაბაჰჩეს სასახლეში გიდი თითოეული კუდის მოსაქნევი ადგილის ისტორიას ჰყვება, მე ამას შარიკას ვუთარგმნი, თუმცა ზოგჯერ არაკეთილსინდისიერად. სულთნის კანცელარიის შესახებ გიდი მოყოლას აღარ ამთავრებს, საქმეშია გართული, სკრუპულოზურად აღწერს საპატიო სტუმრების მიღების ცერემონიალს, კონკრეტულად რომელი რანგის სტუმრები სად და როგორ იდგნენ, ფანჯარა რატომაა 45-გრადუსიანი კუთხით გაღებული, ხალიჩა ვისი მორთმეულია, მასზე გამოსახული თითოეული დეტალი რას აღნიშნავს, როგორ არეგულირებდნენ ტემპერატურას და ა. შ. როგორც იქნა გიდი ამთავრებს თავის მონოლოგს, შარიკა მოთმინებით მელოდება, მჭმუნვარე სახით ვუტრიალდები და ვეუბნები „მოსაცდელია, სტუმრებს იღებდნენ“, „სულ ეს ილაპარაკა?“, „ჰო რა, ვრცლად“

დავუბრუნდეთ ყოფით საკითხებს. ბლოგერების პრობლემაა ერთი – თუ ჰქვია პრობლემა – იწყებენ წერას ისეთი ტემპით, გგონია, ქვას გახეთქავენ მალე, მაგრამ რამდენიმე თვეში, როდესაც პოსტებს შორის ინტერვალი ოზონის ხვრელივით იზრდება, ხვდებიან, რომ შემოქმედებითი კრიზისის ჯერი დადგა და ცალკეული ერთჯერადი პოსტებით ამის გამოსწორებას ამაოდ ცდილობენ. კლავიატურის ამგვარი პარალიზების რამდენიმე მიზეზი თინიმ ჩამოაყალიბა პოსტში Nothing at all, რომელიც „დაწერე იმაზე, რატომ არ გეწერინება“ თეორიის პირდაპირი მაგალითია: „ეს ფენომენიც დიდი ხანია დამეწყო- რომ ვიგებ რომ “ვინმე ისეთი” კითხულობს, ვკომპლექსდები, ძირითადად ოჯახის წევრებთან დაკავშირებით“. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ კომენტარებში აუცილებლად აღნიშნოთ თინის ახალი ცხვირი და მოწონების ნიშნად ერთი (ან რამდენიმე – დამოკიდებულია მოწონების ხარისხზე) გულიც მიუხატოთ. ტრადიციაა ასეთი.

ბოლოს კი, მაია ასათიანს შევეშვათ (დროებით) და ტაში ამჯერად ნანუკას დავუკრათ (ენთუზიასტებს შეუძლიათ „ბრავო“-ც იყვირონ). აპლოდისმენტების მიზეზი ნანუკას ის გადაცემაა, სადაც მან ჰომოსექსუალებზე ისაუბრა და სტუმრად ლერი ბექაური ჰყავდა მიწვეული. Agasfer-ის პოსტი „ტაში, მეგობრებო, ტაში ნანუკას!“ ამ კონკრეტული გადაცემისა და მისი წამყვანის დაუნანებელი კრიტიკაა, რომლის მეშვეობითაც „ნანუკას სიყალბეა“ მხილებული: „ნანუკა, შენში რაღაც ჰომოფობიური კი არაა, შენ ხარ ტიპური თვალთმაქცი ადამიანი, აი, ის შენი მეგობრები რაზე ფიქრობენ (რომლებთანაც საუბრობ და ხუმრობ), ეგაა საკითხავი. ისე, აბა, შენს შვილებს ჰკითხე, მათ თუ უნდათ, რომ მათ შვილებს ნანუკა ჟორჟოლიანის ტიპის ადამიანებთან ჰქონდეთ მეგობრული ურთიერთობები (ისაუბრონ და იხუმრონ) – სრული პაკეტით, ცხოვრების წესით და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. მგონი ვიცი, რასაც გიპასუხებენ“

პ.ს: აქ უნდა იყოს ის ფრაზა, რომელიც წესით უნდა მეთქვა, მაგრამ იმის გამო, რომ ათეისტთა უფლებების დარღვევაში არ დამადანაშაულონ, თავად იგულისხმეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი