პროლოგი
მას შემდეგ, რაც ჩვენი თაობა უმეცრად შერაცხეს, ცოტა წყალმა და ბევრმა აღშფოთებამ ჩაიარა. ზოგმა ის თქვა – „მოდი, თვითონ “იმედის” ჟურნალისტები გამოვკითხოთო“, ზოგმა „მეც ავიღებ კამერას და ყველას ვანახებ, რომ ეს სიუჟეტი რეალობა სულაც არ იყოო“, ზოგმა „ასე ჩვენც კი ჩავწერ სამ ნიჭიერს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მთელი ერი განათლებულიაო“. მოკლედ, ბევრი კი თქვეს, მაგრამ არც იმედის შერცხვენილი ჟურნალისტები გვინახავს ვინმეს, არც კამერით მოსიარულე მოხალისეები და ალბათ, ეს დაქადნებაც ასე უკვალოდ ჩაივლიდა, რომ არა არეული ბლოგი და მისი ექსპერიმენტი – კოდური სახელწოდებით: „მადლობა, მაგრამ არც ისეთი დებილები ვართ“. ექსპერიმენტის შედეგად, რომელიც კამერის წინ ზოგადსაკაცობრიო შეკითხვებზე პასუხის მიღებას ისახავდა მიზნად, დადგინდა, რომ ჩვენ დებილები არ ვართ. ჰოდა, გიხაროდენ: „ვეუბნები, გეპეის სტუდენტებს, როგორც წესი, ყველაზე მეტს ლანძღავენ და მოდი დავუმტკიცოთ, რომ არაა სწორი მეთქი და უცებ ეს კაფანდარა გოგო აგრესიულად მპასუხობს: მე ცხოვრებაში არავის არაფერს ვუმტკიცებ, გაიგეეე?! მეთქი, ქურდულს აწვები, დაიკო? ვერ ვპატიობ თავს, რომ ეგ არ გადავიღე, მაგრამ ალბათ კამერას გადამამტვრევდა თავზე, ან ქურდებთან მაინც ამიყვანდა.“
უიმედობა უფრო მეტად კავშირგაბმულობის კომპანიებს ეტყობათ, რომლებიც განწირული სულისკვეთებით ცდილობენ ერთმანეთის აბონენტები დააჯერონ, რომ “ისინი არასწორად აზროვნებენ და ცუდი არჩევანი აქვთ გაკეთებული”. ეს ურთიერთაგრესია რეკლამებში უკვე იმდენად კარგად ჩანს, რომ “მაგთის” საქართველოს რუკის ჩვენებისას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადგილზე ბილაინის ფერების გამოყენება აღარ აწუხებს და დანარჩენებს (მათ შორის “მაგთისაც”) – ერთმანეთის აბონენტებთან მარკეტინგული მესიჯების პერმანენტული დაგზავნა. სამაგიეროდ, ვწუხდებით ჩვენ და Nat noideaz-ის პოსტიც „ბატონ ჯეოსელს და ბატონ მაგთის“ ფიჭური ოპერატორების სწორედ ამ თავმომაბეზრებელ ტენდენციებს ეხება. ისეთებს, ქსელში ჩართვის ნაცვლად მისგან გაქცევას რომ გაფიქრებინებს: „მე მომებზრდა, რომ ჯეოსელის ბოლო რამდენიმე წლის მოფიქრებული სიახლეებიდან მხოლოდ 10% მეხება მე, დანარჩენი კი – მათ, ვინც გადმოვა ჯეოსელზე/ აიღებს ახალ ნომერს. მე მომბეზრდა, თქვენგან მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება ბანის, ბილაინის, მაცივრების, გაზ-ქურების, მობილური ინტერნეტის და კიდევ ძალიან ბევრი სისულელის შესახებ!“
გარე კრიტიკიდან შიდაზე თუ გადავინაცვლებთ, მენაკის ბლოგზე ერთი მცირე (და ზოგადი) წუხილის გაცნობაცაა შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც ბლოგერები წერის დროს ბუნებრივები თუ უშუალოები აღარ არიან და მათი წერის სტილმა თითქოს “ნაძალადევის იერი” შეიძინა: „აშკარად იგრძნობა ბლოგერთაგან უმეტესობა მხოლოდ პიარისთვის წერს, თითქოს მხოლოდ ის აინტერესებს რამდენი მკითხველი ჰყავს და რამდენი კომენტარი დაიდება მის ბლოგზე. თითქოს შეკვეთილი პოსტებია, თავისუფლება აღარ იგრძნობა; დაქირავებულ ჟურნალისტსა და შეკვეთილ სტატიაზე გაცილებით ძნელი „ გადასახარში“ შეკვეთილი პოსტებია“. თუმცა, ერთადერთი რაც ამ კრიტიკას აკლია, კონკრეტული მაგალითებია.
სამაგიეროდ, კონკრეტული მაგალითი მრავლად არის Kate-ს სამყაროში, სადაც მოსაბეზრებელი ურთიერთობებია დაგმობილი და აქცენტი ხალხის (ვისთვის საზოგადოების და ვისთვის მასის) იმ თვისებაზე კეთდება, რომელის მიხედვითაც, მათ „ჩარჩოსგან განცალკევებულ“ ქმედებებზე “მყისიერშფოთვადი” რეაქცია აქვთ: „მინდა დებილივით ვიარო ქუჩებში და სრულიად უცნობ ადამიანებს ვუღო სურათები და ავიცილო კითხვები: “მარტო როგორ უნდა იარო, არ გეზარება, რა მუღამია???”, მინდა გოგოს ვაკოცო ისე, როგორც ნატალი პორტმანი კოცნის მილა კუნისს ან სკარლეტ იოჰანსონი – პენელოპე კრუსს და არ გავიგო კითხვა: “ლესბოსელი ხარ???, არ მინდა გათხოვება და არ მესმის “როგორ არ უნდა გინდოდეს საყვარელი მამაკაცი გვერდით, აბა შინაბერა ხომ არ დარჩები?!” და “შვილი არ გინდა???”–ზე პასუხი მაქვს: შვილის გაჩენა ქმრის გარეშეც ხერხდება ამ საუკუნეში“
განსხვავებულად მოქცევა კი ზოგჯერ პირდაპირი საფუძველია იმისა, ინტრიგანი რომ გიწოდონ. ისეთ შემთხვევებს ვგულისხმობ „ეტიკეტის რღვევა“ უარყოფითი იარლიყის მიკერებას რომ იწვევს ხოლმე. ამგვარი რამ არაერთხელ მომხდარა ქეთუსის ცხოვრებაში, რის გამოც მან საკუთარი თავის „ინტრიგანთან იდენტიფიცირება“ თავადვე მოახდინა: „რიგში დგომისას ჩემს წინ ვცდილობ არავინ გავატარო, ერთხელ ასაკიანი კაცი ჯიჯღინს იწყებს – აშკარად პატარა ასაკის გოგო ვგონივარ,”მამაშენმა უფროსებისთვის დათმობა არ გასწავლა”–ო,მე ვეუბნები–აბა კარგად შემომხედე–36 წლის ქალი ვარ,არც ისეთი პატარა ვარ ასეთი ტონით მესაუბრებოდე,რის უფლებას აძლევთ თავს,ან მოზარდებამა რა ქნან?ამდენი პენსიონერის გადამკიდე, რამდენი ერთს დაუთმონ? რომ ვერაფერი არგუმენტი მოიყვანა,უკმაყოფილება ეწერა სახეზე, აშკარად გუნებაში შემომიკურთხა და ინტრიგანი მეძახა!—დიახაც,ინტრიგანი ვარ?“
ეპილოგი
„Facebook“-ისა და ადამიანური ცხოვრების დაპირისპირება კვლავაც გრძელდება. ერთი მხრივ, სოციალური ქსელი ცდილობს, რომ „ვირტუალურობის ჭაობში“ შეგვიტყუოს, მეორე მხრივ – რეალობაც თავისკენ გვექაჩება. „წადი, მიწა ეზოში მოხანი, აქ დროს რატომ კარგავ“ განწყობა კი აღნიშნული პაექრობის ყველაზე გავრცელებული ვერბალური მაჩვენებელია. “No more Facebook, I’m sick and tired” ამ თემაზე შექმნილი მორიგი პოსტია, სადაც mooney „Facebook“-ს პროტესტს უცხადებს (და კარს უხურავს) იქამდე, სანამ ჩვეულებრივი ცხოვრება არ მობეზრდება: „ვგრძნობ, რომ უკვე რეალურ სამყაროს მოვწყდი და მეზარება ასე გაგრძელება. ვგრძნობ, რომ სხვანაირად ცხოვრება მომენატრა, ფბ-ს გარეშე, ისე როგორც 2 წლის წინათ იყო. ვგრძნობ, რომ ძალიან არ მინდა იწვიმოს ხვალ, ვითამაშო რა?სად?როდის? წავიდე კოჯორში მეგობრებთან ერთად და მწვადი შევწვათ“
პროტესტის კიდევ ერთი სახეობა ვაზოვსკის ბლოგზე შეგვიძლია ვნახოთ. ადრესატები ამჯერად ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაფერ ქართულს მხოლოდ “ქართულობის” კრიტერიუმის გამო იწუნებენ. მაგალითისთვის ბლოგერს სარეცხი ფხვნილების ის უხარისხო რეკლამები მოჰყავს, რომელსაც უცხოეთში ამზადებენ და რომლის გაკილვითაც, მისი სიცუდისდამიუხედავად, ენას მაინც არავინ იღლის. „ქართულია… ე.ი. ცუდია (???)“ დამოკიდებულება კი რეალობიდან შორს ნამდვილად არ იმყოფება: „ჰოდა, მე მიჩნდება კითხვა ამ “ყოვლისმცოდნე და კრეატიული” საზოგადოებისადმი თუ ასე კარგად იცით რა და როგორ უნდა გაკეთდეს მაშინ წეროს პოზაში კედელზე აყუდებულები რატომ იფურთხებით აქლემებივით და საქმე საქმეზე რომ მიდგება სირაქლემასავით არ იცით თავი სად წაიღოთ? (შეიძლება ეს ყველას არ ეხება, მაგრამ უმეტესობას მაინც)“
„ქართველების თვისებებს რა დალევსო“ ნათქვამია და თან არცთუ უსაფუძვლოდ. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, რომ ქართველ მამაკაცს კაფეში ქალისათვის ფულის გადახდა ღირსების საკითხად აქვს გადაქცეული და თანხის მაგიდაზე დადებაში ქალი თუ უფრო სხარტი აღმოჩნდა, პირად (საშვილიშვილო) შეურაცხყოფად აღიქვამს. „ნემეცკი შოტი, ანუ, როცა გოგო თავისას იხდის“ ანას ბლოგზე დაწერილი პოსტია, სადაც „გადამხდელუნარიანთა გენდერული თანასწორობის“ გერმანული მოდელის უპირატესობაა წარმოდგენილი: „ამასთანავე, ეს მამაკაცს კომპლექსებს მოუხსნის იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური პრობლემები აწუხებს. მოგეხსენებათ, საკუთარი თავის გამასპინძლება იოლია, 2 ადამიანის ხარჯების საკუთარ თავზე აღება კი შედარებით რთული, თუმცა გოგონებს ხშირად გვიჭირს იმის აღიარება, რას ქვია, ჩემს კაცს ფული არ აქვს? ეს როგორ შეიძლება და ათასი დეგენერატული მიზეზი არ გველევა, რასაც ურთიერთობებისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. რატომ არ შეიძლება მოვიშოროთ უსარგებლო “ქალურობა” და სიამაყე და გავუთანაბრდეთ მამრობით სქესს?“
გენდერული „დაპირისპირებიდან“ რელიგიურზე გადავინაცვლოთ. ბოლო დროს რადიკალი მართლდმადიდებლებისა და “მოუდრეკელი” ათეისტების დამოკიდებულება, რიგ შემთხვევებში, მხოლოდ ფორუმებზე ურთიერთთათხვით აღარ შემოიფარგლება და სადაც კი „ათასუცნაურკავშირელები“ მართლმადიდებლობისათვის სახიფათო ღონისძიებას შენიშნავენ, მათი შეხვედრა, ყველგან მჯიღებისა (თუ სხვა საგნების) ბრაგუნით სრულდება. ცივისელის პოსტი „დევნილიდან მდევნელამდე“ სწორედ ამ თემას ეხება და დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად, ორივე მხარის „თეოლოგიურ სიბნელეს“ ასახელებს: „მეამბოხე ახალგაზრდების რაღაც ნაწილს, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში ქმნიან გვერდებს „მე აღმაგზნებს ჩემი პატრიარქი“ და ამ გზით ცდილობენ მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტებს სამაგიერო გადაუხადონ ჩადენილი დანაშაულებებისათვის, არ ესმით, ქრისტეს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ მის მცნებებს არ ასრულებენ“
და ბოლოს, შეგიძლიათ, მძიმე თემებს დესერტად „წარსულის მოგონებებიც“ დააყოლოთ, რომელსაც ვასასის ბლოგზე გარდასულ დღეთა სერიალების სახით იხილავთ. პოსტი 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული სერიალების ერთგვარი მატიანეა და იმ პერიოდს გვახსენებს, როდესაც მათ საყურებლად გენერატორიან მეზობლებთან ვიკრიბებოდით: “ერთი პერიოდი, ხალხი ჭკუიდან გადაიყვანა ამ სერიალმა. მახსოვს, რამდენს ლაპარაკობდნენ ქალზე, რომელმაც შვილს ხუანი დაარქვა (მთავარი გმირის პატივსაცემად).სერიალი რომ მთავრდებოდა, მთელმა ერმა სადღაც დიადი წერილი გაგზავნა, რომ საფინალო სერიების დროს შუქი ყოფილიყო. მახსოვს დიქტორი (დიახ, მე დიქტორებსაც მოვესწარი), რომელმაც გვაუწყა, ახლა “ველური გულის” სერიებს გთავაზობთ, სამწუხაროდ, ბოლოსო.“
პ.ს: ათი წლის შემდეგ, ვიღაც რომ ორიათასიანების სერიალებს გაიხსენებს, პირველი, ალბათ „მე მამაშენი ვარ“ გაახსენდება და ამას თუ გავითვალისწინებთ, მგონი, ოთხმოცდაათიანელებს არც იმდენად უბედური ბავშვობა გვქონია…