ტექნოლოგიები

ტვიტერი 5 წლისაა

21 მარტი, 2011 • • 3036
ტვიტერი 5 წლისაა

პირველი ფრაზა ტვიტერზე

Twitter-ში პირველი ფრაზა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ 2006 წლის 21 მარტს გამოაქვეყნა. „უბრალოდ ვქმნი ჩემს ტვიტერს“(just setting up my twttr) – ეს იყო პირველი წინადადება სოციალურ ქსელში და მსოფლიოც „ტვიტერის“ ენაზე აჭიკჭიკდა.

ტვიტერი არის მიკრობლოგინგის სისტემა, სადაც ინფორმაციის სტატუსის სახით გავრცელება მაქსიმუმ 140 –სიმბოლოიანი წინადადებით შეიძლება.  სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით,  twitter უფრო მარტივი და მოქნილია. აქ ინფორმაციის გამოქვეყნება შესაძებელია როგორც კომპიუტერიდან, ისე ტელეფონით, სმს-ის გაგზავნით. ქართველ მომხმარებელს ტვიტერზე სტატუსის განახლება სერვის tweet.ge-ს საშუალებითაც შეუძლია. კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ტვიტერს სხვა სოციალური ქსელებისგან განასხვავებს,  „ცალმხრივი მეგობრობაა“. შენ შეგიძლია გამოიწერო ნებისმიერი მომხარებლის სიახლეები, გახდე მისი მიმდევარი(Follower), თუმცა ამისთვის მისგან ნებარათვა და საპასუხო მეგობრობა არ გჭირდება.

„ტვიტერი“ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც სასწავლო-კვლევითი პროექტი. ის სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია „ოდეოს“ შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. პირველი რამდენიმე თვის მანძილზე მას სწორედ ამ მიზნისთვის იყენებდნენ. მიკრობლოგინგის სისტემა ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ შექმნიდან დაახლოებით 4 თვის შემდეგ, 2006 წლის 15 ივლისს, გახდა.

ის, რაც სხვა სოციალურ ქსელებს არ აქვს, აქვს ტვიტერს. მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციის მოხდენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის რევოლუციონერთა შორის ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო. twitter-ს ინფორმაციის ერთმანეთში გასავრცელებლად აქტიურად იყენებენ ისეთი ქვეყნები, სადაც ტელევიზიებსა და სხვა მედიასაშუალებებს ხელისუფლება აკონტროლებს. ირანში 2009 წელს საპრეზიდენტო არჩევნებით უკმაყოფილო მოსახლეობა საპროტესტო აქციებს ტვიტერში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გეგმავდა. იგივე მოხდა მოლდავეთში, რამდენიმე კვირის წინ კი ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში ტვიტერი დაბლოკა, თუმცა კომპანიამ ეგვიპტელებს ახალი სერვისი შესთავაზა. ეგვიპტეში არეულობისას მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო სპეციალურად შექმნილ ნომერზე დაერეკა და მისი ხმოვანი შეტყობინება ტექსტური სახით რამდენიმე წამში სოციალურ ქსელში ჩნდებოდა. ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ახალ ამბებს ტელეეთერით, ძირითადად, სწორედ ტვიტერის მომხარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გადასცემდნენ. ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ კი თითოეული საინფორმაციო გამოშვებისას ტვიტერის ეგვიპტელი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმოხილვას რამდენიმე წუთს უთმობდა.

დღეს ტვიტერს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ადამიანებიც აქტურად იყენებენ. ყველაზე მეტი, 9 მილიონამდე მიმდევარი პოპვარსკვლავ Lady Gaga-ს ჰყავს. მომღერალი საკუთარ ფანებთან სწორედ ტვიტერის საშუალებით ურთიერთობს. მიმდევრების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ბარაკ ობამა, რომლის სიახლეებს თვალყურს 7 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს.

ტვიტერს დღეისათვის 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც დღეში საშუალოდ 140 მილიონ ტვიტს, ანუ ტვიტერის სტატუსს აქვეყნებს. სოციალური ქსელის დამფუძნებელთა ამბიციები კი დღითიდღე იზრდება.  კომპანიის ღირებულება 10 მილიარდს აჭარბებს. 10 წლის იუბილეს აღნიშვნას ისინი 1 მილიარდ მომხმარებლთან ერთად აპირებენ.

ნეტგაზეთის ტვიტერის ანგარიშის თვალყურის დევნება აქ შეგიძლიათ

მასალების გადაბეჭდვის წესი