განკიცხულნი თუ საბრალონი?!
გუშინდელიდან მოყოლებული სრულიად “facebook”-ს ორი საკაცობრიო საკითხი აშფოთებს: „მოდის თუ არა აპოკალიფსი“ (შეკითხვა ღმერთისა თუ როლანდ ემერიხისადმი) და „რატომ ვართ ასეთი უმეცრები?“ (რა თქმა უნდა, დასმული მძაფრი სიცილით, სხვათა დაკნინების ფონზე). მოკლედ, „იმედის“ „სპეციალურმა რეპორტაჟმა“ თუ სამყაროს დამანგრეველმა სიუჟეტებმა მიზანს მიაღწიეს და „ყველაფერი კარგია, რასაც შენზე წერენ, ნეკროლოგის გარდა“ ლოგიკით, ხალხი კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
სიუჟეტში გამოჩენილი ადამიანები ზოგმა გაკიცხა, ზოგმა დაამუნათა და ზოგმაც შეიბრალა. თუმცა, ადამიანთა ის კატეგორიაც გამოჩნდა, ვინც საყოველთაო დაცინვას არ შეეპუა და უმცირესობის დაცვას შეეცადა. ერთ–ერთი მათგანი დავით ჩიხლაძეა, რომელიც პოსტში „ცოტა რამ გაუნათლებლობის შესახებ“ შეკითხვების დამაბნეველ ფორმულირებასა და განათლებაში არსებული პრობლემის ფესვებზე (რა პათეტიკური შეფასებაა ჩემი მხრიდან) წერს: „ვერ ვხვდები თუ რატომაა აუცილებელი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტისთვის ზედმიწევნით იცოდეს უნივერსიტეტის დამაარსებელთა სახელები თუ იმ კაცის სახელი, რომლის გამზირზეც მდებარეობს უნივერსიტეტთან დაახლოებული „ორი ლულა“. კარგია თუ ეცოდინება, მაგრამ რატომ სთხოვ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ადამიანების ღვაწლის ცოდნა? მის შესახებ ხომ მხოლოდ ერთხელაა ნახსენები მეშვიდე კლასისი ისტორიის წიგნში (თუ არ ვცდები მეშვიდე კლასში იყო) და ისიც მხოლოდ ერთი წინადადება!!! სტუდენტი კი, რომელიც უყურებს ტელევიზორს აუცილებლად გადაეყრება თავგადაპარსულ და ულვაშებიან ჰაბიტუსს, სახელად ბიჭოლას“
საქართველოს გაკიცხვა გრძელდება ლექსპერტის ბლოგზეც, სადაც ბოლო დროის თითქმის ყველა ტენდენცია მიწასთან არის გასწორებული. “To be is to do” დეკარტისეულ “არსებობის აზროვნებისეულ ფორმულას” უარყოფს და მის ნაცვლად ახალ ჰიპოთეზას წარმოგვიდგენს: „ვმუშაობ, მაშასადამე ვარსებობ“. მუშაობის გარეშე კი არსებობა ფაქტობრივად შეუძლებელია და ამ ტიპის პოსტებს იწვევს: „ვერ ვიტან ქართულ ბლოგებსა და ინტერნეტ-მედიას, სადაც არ მიგიღებენ, თუ სიტყვა „მეინსტრიმის“ მნიშვნელობა არ იცი და ჰომოფობებს არ აგინებ დილა-საღამოს… ვერ ვიტან „ფეისბუქს“, იმიტომ, რომ იქ ჩემს მეგობრებში არიან ემიგრანტები, რომლებიც აწყობილი ქვეყნებიდან მასწავლიან ჭკუას, როგორ უნდა ვიცხოვრო… მძაგს საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ფარად ეკლესიას იფარებს. მძაგს, იმიტომ, რომ საკუთარი უსუსურობის დაფარვა ხელისუფლებაზე ყურადღების გადატანით უნდა“
აქვე, ალბათ, უპრიანი (სულ მაინტერესებდა ამ სიტყვის წარმომავლობა) იქნება, თუ მკითხველის ბლოგსაც ვესტუმრებით და „უწიგნურები“–ს შესახებ მის მოსაზრებას წავიკითხავთ: “ავტორიტეტულ მწერლებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს და არასდროს ვიბზუებ ცხვირს, უი, ეს წაკითხული არ გაქვს? არ მერიდება როცა ვამბობ, რომ ვერ გავუგე ჰემნიგუეის, სამაგიეროდ სრულად აღვიქვი “ნატა ანუ ახალი ჟიული”
ამაოების ბაზარი
ქართულ სატელევიზიო სივრცეს თვალი რომ გადაავლო, გული დაგეწვება და შეიძლება ამაოებაზე ჰამლეტისეული პათოსით აღსავსე რაიმე რიტორიკული ფრაზა წამოგცდეს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ დაახლოებით ოცი წამის განმავლობაში მაია ასათიანი და შორენა ბეგაშვილი ამ უკანასკნელის მკერდის გაბარიტებს მილიონობით მაყურებლის თვალწინ აზუსტებენ. „პროფილი, სპეცოპერაცია შორენას მკერდი“ სწორედ ამ დიალოგს ეძღვნება და „მე ტელევიზორს არ ვუყურებ“ განწყობის საწინააღმდეგოდ მინიმუმ ერთი არგუმენტი მოაქვს: “ჩემს ბავშვობაში ერთი ჟირნალი გამოდიოდა “სარკე” (შეიძლება ახლაც გამოდის) ხოდა იქ განიხილებოდა მსგავსი თემები, მაგრამ არ ჰქონდა ჟურნალს პრეტენზია, იყო თავისთვის ყვითელი და ათასი ნაგვით გამოვსებული. მგონია მაია ახალი გადაცემის კეთების წინ სულ ძველ “სარკეში” იხედება ხოლმე”
ტელევიზორის ყურების სარგებლიანობის მსგავსი არგუმენტი აქვს ანასაც: “როცა საწერი მასალა შემოგაკლდება, არ იცი რა დაწერო და ფიქრობ, შეხედეთ ცისფერ ეკრანებს და მასალაც მზადაა”. მისი პოსტი კი იმ არანაკლებ უცნაურ გადაცემას ეხება, რომლის მზადება (უფრო სწორად, საზღვარგარეთიდან გადმოტანა) „ყოფილი ცოლების კლუბის“ სახით „იმედმა“ დაიწყო: „ისე, პირადულზე გადავალ და აღვნიშნავ, რომ ერთ–ერთ წამყვანს რომ თავის დროზე მაგ მეთოდებით ეშველა თავისთვის ოჯახურ სკანდალს თავიდან აირიდებდა და დეპრესიისგან ჩასივებული სახით და წუწუნით თავებს არ მოგვაბეზრებდა წინამორბედი “მარგალიტი” გადაცემიდან…“
„ქალთა და კაცთა ურთიერთობების პრობლემა“ გამოსჭვივის (მწერალ ქალზე ვწერ მაინც) ლალი მოროშკინას ახალი რომანის სათაურშიც „უსექსობა პატარა ქალაქში“, რომელიც, თურმე, „სექსტირა“–ს (სექსი პლუს სატირა) ჟანრს მიეკუთვნება და ბესტსელერობაზე დებს თავფურცელს. წიგნის, ლალის და საერთოდ ამ ყველაფრის კრიტიკა კი ხელოვნების მახეში შეგიძლიათ წაიკითხოთ, სადაც ბეწვეულის მწარმოებელის “ჰობითი საქმიანობა” გულსმოსაფონებელი ირონიით (არა, უდავო ბესტსელერთან გვაქვს საქმე. როგორი ეპითეტებია, როგორი ხასიათია დაჭერილი: ხალათის სახელოზე “სვაროვსკით” ინკრუსტრირებული ჟოლოსფერი ლიფი წამოედო) განიხილება: „აღფრთოვანება მომგვარა, ლალის ლიტერატურულმა განათლებულობამ. რომანს წინ წამძღვარებული აქვს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი “შიშველი მეფე“, ასევე ნახსენებია გოეთე და შილერი. [არ ვცრუობ, აგერ გმირი სოფო “გოეთესა და შილერის სამშობლოში ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში“]“
პოსტები, სხვადასხვა ასტრალებიდან
ტელეკომპანია „კავკასიაზე“ ადრე (შეიძლება ახლაც) ინტენსიურად გადიოდა ინდური ფილმები და, შესაბამისად, საშუალება გვქონდა, სპილოთა თუ ადამიანთა ნარნარი მოძრაობებით დავმტკბარიყავით (მუსიკის საშუალებით რომ იყო ინიცირებული). ჰოდა, სწორედ მათთვის, ვისაც ინდოეთისა და ბოლივუდის მონატრება სწვავს, ცეცხლის ჩასაქრობად ორი ბლოგი შემიძლია შემოგთავაზოთ. პირველი – ჩემი ინდოეთი – ინდურ კულტურას, ყოფასა და ავტორის პირად შთაბეჭდილებებს ეხება, მეორე კი – ინდური კინო – მთლიანად ბოლივუდური სიახლეებისკენ არის მიმართული და ამ ინდუსტრიის შესახებ სასარგებლო (სავარაუდოდ, რადგან საფუძვლიანად არ შემისწავლია) ინფორმაციას გვაწვდის.
თუმცა, ბოლივუდიდან თბილისში თუ გადმოვინაცვლებთ (კი, მოდიან ისინიც, ისედაც), შეგვიძლია დევის ბლოგზე შევიდეთ და იმ ქალაქს გავეცნოთ, რომლის გადასაღებადაც „კამერა უნდა გქონდეს“ . მართალია, პოსტი პატარაა (ან, ვინ დააკანონა, რომ დიდი უნდა იყოს), მაგრამ თბილისის ყოველდღიურობას მეტ–ნაკლებად მაინც ასახავს: “მშრალ ხიდთან ვარ.. სანამ გვირაბში გავა ხიდთან გორაკია. კაცია გადმომდგარი და ცოტა უხერხული პოზა აქვს.. რაღაცას აპირებს. და ტაში მეგობრებო, კულმინაციაა! პირდაპირ ტრასის მხარეს შარდავს.. ლაივში.. პუბლიკის წინაშე”
ძველი ბიჭებიც – ან როგორც dreamar იტყოდა „ჩვენი დროის დინოზავრები“ ქალაქის კულტურის ერთგვარი ნაწილია, თუმცა პოსტში, სადაც მათზე „ორი სიტყვაა“ ნათქვამი ამ ფაქტის ნეგატიურობას ხაზი (ქვეშ) უყოყმანოდ აქვს გასმული: “გაოცებასა და ბრაზს ვერ ვმალავდი, როცა გავიგე, როგორ ხვდებოდნენ ჩემს ერთ მეგობარ მეტალისტ ბიჭს ძველი ბიჭები დანებით და ემუქრებოდნენ, ხოლო როცა მან დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, შემდეგი პასუხი მიიღო ” აბა, ამხელა თმით რომ დადიხარ რა გგონია? თმა შეიჭერი და პრობლემებიც აღარ გექნებაო”
და მიმოხილვის ბოლოს, არც ტრადიციები უნდა დავივიწყოთ („ტრადიციის ღალატი დეგრადაციის მანიშნებელია“ – ხალხური). ჰექსეს მორიგი გლამურთდეტექტორული პოსტი იმის დადგენაში დაგეხმარებათ, თუ ვინ არის ბომონდის ჭეშმარიტი წარმომადგენელი და ვინ უბრალოდ სოლარიუმისა თუ მაკიაჟის ყალბ ნიღაბს იფარებს. “6 ჩამჭრელი შეკითხვა ბომონდში” – იმ ფრაზებს გვაცნობს, რომელთა პასუხებიც ამ საკაცობრიო საკითხის გადაწყვეტაში დაგვეხმარება: “ბომონდის ყველა სრულფასოვანმა წევრმა კარგად უნდა იცოდეს საით იღება ნებისმიერი კლუბის, ბარის და სხვა სვეცკი ადგილის კარი. თუმცა თუ თქვენ რომელიმე ბარიდან გამოსვლისას რატომღაც თქვენკენ გამოწიეთ კარი და უცებ აღმოაჩინეთ, რომ ის თურმე ქუჩის მხარეს იღება ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა, რადგან თქვენს უკან ხომ ამდენი შურით ანთებული თვალია, რომელიც მეორე დღეს აუცილებლად იქილიკებს: “გოიმი, ნეტავ საიდან მოხვდა ჩვენს რიგებში?! “ პლიუს ამას ჟურნალისტები და პაპარაცები…”
პ.ს: აპოკალიფსის თარიღმა 19 მარტამდე გადმოიწია, შესაბამისად, მეც თავს დავიზღვევ და „ახალ ეპოქამდე“ დაგემშვიდობებით.