ტექნოლოგიები

ფეისბუქის ყველაზე პოპულარული ქართული გვერდები

9 მარტი, 2011 • • 3871
ფეისბუქის ყველაზე პოპულარული ქართული გვერდები

leavingston.com
leavingston.com

ფეისბუქის ყველაზე მრავალრიცხოვან 10 ქართულ გვერდს შორის ორი პატრიარქის შესახებ არის, ორი – გარდაცვლილი ადამიანის, ორი- ბანკის, ასევე, ტელეშოუს, საქველმოქმედო ფონდის, პოპულარული მომღერლის და საქართველოს შესახებ.

ფეისბუქში ყველაზე მრავალრიცხოვანი „თიბისი ბანკის“ სმარტ კლუბის გვერდია. დღევანდელი მონაცემებით, მისი გვერდი ფეისბუქზე 123 ათასამდე ადამიანს აქვს მოწონებული და ეს რიცხვი დღეში საშუალოდ 200 ადამიანით იზრდება. ამ გვერდის პოპულარობა რამდენიმე თვის წინ სხვადასხვა კონკურსების გამოცხადებითა და აპლიკაციების შექმნის შემდეგ დაიწყო. გასულ წელს სმარტ კლუბმა ბლოგერებისთვის კონკურსი ჩაატარა და მთავარ პრიზად კომპანია Apple-ის პროდუქტი, iPad დააწესა. კონკურსის მიხედვით, გამარჯვებული ის იქნებოდა, რომლის პოსტიც სმარტ კლუბის ფეისბუქის გვერდზე შექმნილ აპლიკაციაში ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებდა. მოგების სურვილით შეპყრობილი ბლოგერები კი სმარტ კლუბის გვერდის მოსაწვევებს დღეში ასობით ადამიანს უგზავნიდნენ. შესაბამისად, ეს მოსაწვევები გასული წლის შემოდგომაზე ფეისბუქის ქართველ მომხმარებლებს შორის ვირუსივით ვრცელდებოდა.

დანარჩენი ქართული ფეისბუქ გვერდებისგან განსხვავებით სმარტ კლუბის გვერდს ყოველდღიურად ყველაზე მეტი ადამიანი ემატება. სმარტ კლუბმა ფეისბუქზე მომხმარებლების მოზიდვა სხვა აპლიკაციებითაც შეძლო, როგორებიცაა– საჰაერო კოცნების გაგზავნა და მარტივი თამაშის შექმნა ფეისბუქის მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, სმარტ კლუბის ფეისბუქის გვერდზე ყოველდღიურად ცხადდება სხვადასხვა ტიპის მცირე კონკურსები, დღეში ამ გვერდზე ასობით კომენტარი იწერება და გვერდის ადმინისტრატორებიც უპასუხოდ არ ტოვებენ მომხმარებელთა კომენტარებს. შესაბამისად, გვერდის ადმინისტრატორებსა და მომხმარებელს შორის მუდმივი ორმხრივი კავშირია.

ფეისბუქის რიგით მეორე მრავალრიცხოვანი გვერდი Sofia Nizharadze 94 300-ზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული. გვერდის მომხმარებელთა რაოდენობა დღეში საშუალოდ 10-15 ადამიანით მატულობს. ამ გვერდზევეა მიბმული სოფო ნიჟარაძის ტვიტერის ოფიციალური ანგარიში. გვერდზე ყოველდღიურად იდება მომღერლის კლიპები, სურათები. მომხარებლები სოფო ნიჟარაძეს, ძირითადად, კომპლიმენტებს უწერენ.  ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, გვერდს თავად სოფო ნიჟარაძე აახლებს, თუ მისი რომელიმე წარმომადგენელი. სტატუსებსა და ფოტოების აღწერას ადმინისტრატორი, ძირითადად, ინგლისურ ენაზე აქვეყნებს. რამდენიმე მომხარებელს ნიჟარაძის ფეისბუქის გვერდზე პრეტენზიაც აქვს განმოხატული. გვერდის ადმინისტრატორის ურთიერთობა მომხმარებელთან მხოლოდ Like-ის დაჭერით გამოიხატება, ის საჯაროდ არავის ესაუბრება და არც დასმულ კითხვებს პასუხობს.

ფეისბუქში მხარდამჭერები არც „საქართველოს ბანკის“ გვერდს აკლია. ეს გვერდი დღეისათვის 92 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული. საქართველოს ბანკმა მომხმარებელთა მოზიდვა ფეისბუქზე სხვადასხვა სახის კონკურსების გამოცხადების შემდეგ შეძლო. საქართველოს ბანკმა ფეისბუქის მომხმარებლები ათეულობით  პრიზით დააჯილდოვა, მათ შორის იყო– ძირადღირებული ფოტოაპარატი canon eos 7D, აიფონებისა და აიპოდების უახლესი მოდელები, ეფლის კომპიუტერები, ნეტბუქები, რომანტიკული საღამო და ვახშამი სასტუმროში და ა.შ. აღნიშნული პრიზები იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც საქართველოს ბანკის ფეისბუქის გვერდზე გამოცხადებულ ფოტო თუ სხვა ტიპის კონკურსებში გაიმარჯვეს.

გვერდის ადმინისტრატორებს აქტიური ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან და თითქმის არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ რჩება, თუნდაც ეს ეხებოდეს საბანკო მომსახურებებს.  არის შემთხვევები, როცა მომხარებლები გრძელი რიგებისა და გაფუჭებული ბანკომატების გამო პრეტენზიებს გამოთქვამენ, რასაც ჯგუფის ადმინისტრატორები ყურადღებით ეკიდებიან და მომხარებელს პრობლემაზე რეაგირებას ჰპირდებიან.

ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავარკვიეთ, ვინ არის ფეიბუქზე გახსნილი გვერდის Patriarch Ilia II-ის ადმინისტრატორი და არის თუ არა ის საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე.  ჩვენ მიერ დაწერილ კომენტარებს ორი დღის განმავლობაში არავინ გამოეხმაურა, თუმცა სხვადასხვა ლინკებისა და კომენტარების გამოქვეყნება გვერდზე რეგულარულად ხდება.

გვერდი ამ დროისთვის 77 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული და ეს რიცხვი დღეში 15-20 ადამიანით იზრდება.  ადმინისტრატორი რეგულარულად აქვეყნებს ნაწყვეტებს  წმინდა წერილიდან, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურიდან. ასევე, ხშირია მასალების ლინკები წმინდა მამების ცხოვრებაზე და ა.შ.

დიდი მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით მარტის დასაწყისში ადმინისტრატორმა გამოაქვეყნა სტატიის ლინკი, თუ როგორ მოვიქცეთ მარხვის დროს. ბოლო ორი დღეა გვერდზე ქვეყნდება იუტუბზე ატვირთული ვაჟა ფშაველას აუდიო ლექსები. გვერდის ადმინისტრაცია მომხარებელთან არ ურთიერთობს.

საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი გვერდი „პატრიარქი გადაარჩენს საქართველოს“ 39 ათასი მომხმარებლით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული ფეისბუქის გვერდების ათეულში მეცხრე ადგილზეა. ამ გვერდის მომხმარებელთა რაოდენობა დღეში 5-10 კაცით იკლებს, თუმცა ხანდახან კლება შეჩერებულია.  აღნიშნული გვერდი დაახლოებით 10 თვის წინ შეიქმნა, თუმცა მისი შექმნიდან დღემდე ადმინისტრატორს გვერდზე არანაირი ფოტო, ინფორმაცია, ბმული, ან სტატუსი არ განუთავსებია. ამ გვერდზე ნებისმიერი მომხარებელი მისთვის სასურველ ინფორმაციას აქვეყნებს. მომხარებლები, ძირითადად, პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავენ და მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ.

რეიტინგში მომხარებელთა რაოდენობის მიხედვით, მეხუთე ადგილი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ფეისბუქის გევრდს უკავია. ის დღემდე 56 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული. „იავნანას“ ადმინისტრატორები რეგულარულად აქვეყნებენ ინფორმაციას საქველმოქმედო ფონდის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ და მომხმარებლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ისინი მომხარებლის კითხვებსა და კომენტარებს რეაგირების გარეშე არ ტოვებენ.

51 ათასზე მეტი მომხმარებლით ფეისბუქის ქართულ გვერდებს შორის  რეიტინგში მეექვსე ადგილზეა ნიკო გომელაურის გვერდი. ეს გვერდი ჯერ კიდევ პოეტისა და მსახიობის გარდაცვალებამდე, 2009 წლის შემოდგომაზე, შეიქმნა და მისი ავტორები ნიკო გომელაურის ახლობლები არიან. თუმცა, გომელაურის გარდაცვალების შემდეგ, 2010 წლის აპრილიდან, ადმინისტრატორის  მიერ ამ გვერდზე თითქმის არაფერი გამოქვეყნებულა. მომხარებლები პოეტისადმი პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავენ, ასევე აქვეყნებენ მის ლექსებს, ზოგიერთ მომხარებელს კი პოეტისთვის ლექსიც აქვს მიძღვნილი.

გარდაცვლილი ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის პატივსაცემად შექმნილ გვერდს RIP Nodar Kumaritashvili ფეისბუქზე 42 ათასამდე მომხარებელი ჰყავს, მათ შორის დიდი ნაწილი უცხოელები არიან. ისინი ოლიმპიელის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ. აღნიშნული გვერდი რეიტინგში მერვე ადგილზეა.

ქართული გვერდების რეიტინგში ფეისბუქზე 50 ათასამდე მომხარებლით მეშვიდე ადგილი უკავია გვერდს Georgia, საქართველო. გვერდის ადმინისტრატორები ვებგვერდ stoprussia.ge-ს შემქნელები არიან. გვერდზე ადმინისტრატორები პატრიოტული შინაარსის სურათებს, ვიდეოებსა და ტექსტებს აქვეყნებენ.

რეიტინგის ათეულს ფეისბუქის გვერდებს შორის 35 800 მომხმარებლით ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ასრულებს, რომლის ადმინისტრატორიც, ძირითადად, თავად ჟურნალისტია. ის  აქტიურად ურთიერთობს ფეისბუქის მომხმარებლებთან, პასუხობს მათ კითხვებს და კომპლიმენტებისთვის მადლობებსაც იხდის. ასევე ხშირად აქვეყნებს გადაცემის ანონსებს.

სტატია მომზადებულია ვებ–გვერდ http://leavingstone.com-ის მიერ დამუშავებული სტატისტიკის მიხედვით.

მსგავსი თემა: ფეისბუქის მომხმარებლები სამხრეთ კავკასიაში

მასალების გადაბეჭდვის წესი