ტექნოლოგიები

“Happy birthday, Jesus!”

2 იანვარი, 2011 •
“Happy birthday, Jesus!”

რა დროს მიმოხილვაა… წადი რა, დალიე“  –  ღიპიანი ქართველი

ახალი წლის დადგომასთან ერთად „ნაბახუსე–week”-იც ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა, თუმცა ბლოგერების აქტიურობაზე ალკოჰოლს დიდად მაინც არ უმოქმედია. პირიქით, ვისაც გასულ წელს სადმე თავი ჰქონდა მოფხანილი, ყველამ შემაჯამებელი პოსტი დაწერა (სადაც თავის აღნიშნული ქექვა რომელიმე თვესთან ერთად იყო მოხსენიებული) და „2010 წლის მოკლე შინაარსი საკუთარი აქტივობების ჭრილში“ გადმოსცა. ზოგმა თავი დაიზღვია და პრეამბულად ისიც დაურთო – “კი არ მინდა ყველას დავემსგავსო, მაგრამ გამონაკლისი ხომ არ ვიქნები“–ო და ამ რკინის არგუმენტით შეგულიანებულმა თავის ცხოვრებასაც თავმომწონედ გვაზიარა. ტრადიციაა ასეთი და…

ის, რაც შემაჯამებელ პოსტებს გადაურჩა

happy birthday Jesus! ყველაფრის მიუხედავად იტზ ემეიზინგ რომ დაიბადე, გაჩნდი და არსებობ. (მერე რა რომ შენი სახელით და შენს გამო რეკორდული რაოდენობის უბედურებები მოხდა. დარწმუნებული ვარ, უშენოდაც მოვიფიქრებდით რამე მიზეზს ადამიანები, რომ ამოგვეხოცა ერთმანეთი ასე რომ შენ მაგაზე არ იდარდო!)“ –  ამ ერთი წაკითხვით (შეიძლება ორითაც) „თავხედურ“ მილოცვას  თავ–head-ურ ბლოგზე შეგიძლიათ გაეცნოთ. თუმცა, დანტეს ჯოჯოხეთის მსგავსად, აქ შესვლამდეც (თქვენივე ნერვებისთვის იქნება კარგი) ყოველგვარ რისხვას გარეთ თუ დატოვებთ.

წერილების თემას თუ გავაგრძელებთ აუცილებლად მოგვიწევს Stylish blog-ს  ვეწვიოთ და თოვლის ბაბუასადმი მიწერილ სურვილებსაც (ადრესატის პასუხებითურთ) გავეცნოთ (შენიშვნა: ათ წლამდე ბავშვთა ფსიქიკისათვის აქ შესვლა შესაძლოა მორალურად გამანადგურებელი აღმოჩნდეს):

“საყვარელო თოვლის ბაბუ,
წელს მე ძალიან დამჯერათ ვიქცეოდი. ძალიან გთხოვ საჩუქრათ მინდა აიპოდი მომიტანო.
მიყვარხარ ნიკა 

ჩემო ნიკა,
რა გამართულად წერ. რომ გაიზრდები, ალბათ, ჟურნალისტი გამოხვალ.
წელს აიპოდს მიიღებს შენი ძმა. სხვა თუ არაფერი, მან გრამატიკა მაინც იცის.
შენი თოვლის ბაბუა”

თოვლის ბაბუას მოლოდინთან ერთად ახალი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ ურიცხვი რაოდენობის ადამიანისადმი მილოცვის ვალდებულებას გაკისრებს. როგორ უნდა მიულოცო ახალი წელი მოყვასს, თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ის, თუ როგორ არ უნდა მიულოცო შეგიძლიათ Katiée–ს  ბლოგზე იხილოთ. პრაქტიკული და ღიმილით წასაკითხი რჩევებია, რაც ზედმეტ ეტიკეტურობასა და ანგარიშვალდებულებას (რა ოფიციალური სიტყვაა, ღმერთო ჩემო) აგარიდებთ თავიდან.

ისე კი, მილოცვის კიდევ ერთი გზაც არსებობს, რომელიც საერთო მესიჯის დაწერასა და სახელის მითითების გარეშე (ვითომ დაგავიწყდა) ოფიციალური ტონით (რა იცი, ვინ გყავს სიაში) ყველასათვის გაგზავნას გულისხმობს. თუმცა, გამოსავალი (რომ ადრესატი მის ერთადერთობაში დაარწმუნო) აქაც არსებობს და მისი მოძებნა „მაღალი რადიაციის ზონაში“ შეგიძლიათ, სადაც „I <3 Send to all”-ში წერილის შაბლონი თავისი განმარტებებითაა მოცემული: “კეთილი სურვილების ასრულებას (ადამიანმა როგორც წესი არ იცის რა უნდა. სპონტანურად ისვრის ოცნებებს და არ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება ისინი ახდეს. ასე რომ მხოლოდ კეთილი სურვილების ასრულება და საერთოდაც,ფრთხილები იყავით სურვილებშიისინი შეიძლება ახდესგისურვებ…”

როდესაც მილოცვის „პრობლემას“ გადაჭრით, აქტუალური ხდება მეორე საკითხი: „ახალ წელს რას აპირებ?“, რაც მხრების რეფლექსური ჩეჩვის პირდაპირი გამომწვევია. აი, კონტუას თუ დავეკითხებით, გვიპასუხებს, რომ საქართველოში ახალი წლის აღნიშვნის ორი გზა არსებობს, რომელთა შორის „ოქროს შუალედის“ პოვნა კვლავაც სანატრელი გვაქვს: ახალი წელი მოდის, საქართველოში ორნაირად. ერთგან მამაპაპურად შემოაღებს კარს მეკვლითურთ, ხოლო მეორეგანსვეცკურადმათ შამპანურებში აშიშხინდება“.

თუმცა, მესამე, არანაკლებ აქტუალური, გზის გამოყენებაცაა შესაძლებელი, რაც ახალი წლის დაკიდებასა და საახალწლო განწყობის დეფიციტზე საუბარს გულისხმობს. როგორც, მაგალითად Michael მოიქცა და ახალ წელს (არა)საახალწლო პოსტით ისე შეხვდა, როგორც მეუღლეები ერთმანეთის ნათესავებს ხვდებიან ხოლმე, ანუ, არც სწყენია და არც მაინცდამაინც დიდი სიხარული გამოუხატავს: “ერთი ჩვეულებრივი დღეა, ისეთივე როგორც დანარჩენი 364 იყო. პრინციპში რითი უნდა იყოს განსაკუთრებული თოვლის ბაბუის აღარ მჯერა დიდი ხანია. არც ნამდვილ თოვლის ბაბუას ველოდები და არც მის ფორმაში გამოწყობილ ახლობელს საჩუქრით ხელდამშვენებულს. არც რაიმე განსაკუთრებულ წვეულებაზე თუ საღამოზე მივდივარ. არც სადმე დასასვენებლად, განსაკუთრებული განწყობის მიზეზი რომ მქონდეს. დიდი ხანია უკვე აღარც ბედის, “კაი ფეხისდა მეკვლის მჯერა. აღარც ფუჭი იმედები გამოჩენილან ჰორიზონტზე დიდი ხანია.” 

სამაგიეროდ, მისი (და კიდევ ბევრის) წილი სიხარული მთლიანად გამოხატა ზურიუსმა, რომელმაც ახალი წელი ანდრეა ბოჩელისაგან – ოც და ბოჩოლასავით აზმუილებ–უუუუუუუუ–ლი ადამიანების ნაწილისგან რამდენიმე მეტრში გაატარა. „ახალი წელი და ჩემგან 20 მეტრში მომღერალი ოცნება“ კლასიკური მაგალითია (უყვართ ხოლმე ამ ორი სიტყვის თქმა) იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოხატო ნაწერში ემოცია ისე, რომ მკითხველი მიახვედრო, რას გრძნობდი: “მე იქ ვიდექი და გული მწყდებოდა, რომ მოედანზე შეკრებილთა უმრავლესობა აზრზეც არ იყო, რას მღეროდა, რა ტექსტს გამოთქვამდა ან რა ნოტებს იღებდა. გული მწყდებოდა, რომ ბევრი მელომანი მომღერალს ისეთივე გზით უყურებდა, როგორც მის სხვა კონცერტებს. თუმცა მიხაროდა, არა, ძალიან მიხაროდა, რომ ყველაფერ ამას, თუნდაც წვიმით გალუმპული, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი ვუცქერდი.”          

ზოგისთვის კი ახალი წელი პოლიტიკოსების ფსევდო–გულისხმიერებასთან ასოცირდება (და არცთუ უსაფუძვლოდ). წითელ ბლოგზე  ეს შეხედულება კონკრეტული მაგალითითაცაა ახსნილი: ახალი წელი სიყალბის ლეგალური დღესასწაულია, ერთისიამოვნებაა”  ყურება იმის  თუ როგორ იჩითებიან ხელისუფლების წარმომადგენლები უპატრონო ბავშვებთან, საცოდავი ბავშვები გარდა იმისა რომ მხოლოდ ერთ დღეს ახსენდება საზოგადოებას და ხელისუფლებას, იძულებულნი არიან მოდებილო ჰალსტუხიან ტიპების მორალიზმს   უსმინონ, მაგრამ რა დონის სადისტი უნდა იყო  ჟურნალისტი  რომელიც ამ საცოდავი ბავშვებიდან აიღებ ინტერვიუს და   მადლობას გადაახდევინებ პატარას ვიღაც ძიებისთვის.

„ახალი წლის ფენომენზე“ (რაშიც „მომავალი წლიდან მთებს გადავდგამ” პათოსი იგულიხმება) წერს რადიო თავისუფლების ბლოგზე  გიგა ზედანიაც და ადამიანთა გულში ჩასახულ იმედებზე „უმოწყალო იერიში“ მიაქვს: “ყოველ 31 დეკემბერს გვეუბნებიან, რომ ცხოვრება თავიდან იწყება. ჩვენც, სიახლის მოლოდინში, ვდგამთ ლამაზად მორთულ ნაძვის ხეს, ვყიდულობთ შეძლებისდაგვარად ბევრ საჭმელ-სასმელს და ვცდილობთ, არ გამოგვეპაროს ის წამი, როდესაც საათის დიდი ისარი პატარას დაფარავს და წრე შეიკვრება. ნაძვის ხის მორთვის პროცესში კი ვალაგებთ გეგმებს, რომელთა მიხედვითაც ახალი წლიდან ყველაფერი შეიცვლება: მეტს ვიმუშავებთ, აუცილებლად ვივარჯიშებთ, ნაკლებ დროს გავფლანგავთ და მეტ სიამოვნებას მივიღებთ ამ ცხოვრებისგან.  სინამდვილეში ეს შეუძლებელია. არასოდეს არაფერი შეიცვლება.”

ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე უჩირაღდნოდ დარჩენილ თავისუფლების ქანდაკებას დაემსგავსება, თუმცა ნაძვის პოზიციას („რას მჭრი, რომ მჭრი, გენაცვალე, შენი დარგული ვარ?“) ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილი თუ იზიარებს. მათ შორის ერთ–ერთი ფსიქეცაა, რომელიც “მოკალი ნაძვი! ა, უკაცრავად, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ”–ში ნაძვების დაცვის პარალელურად, უარს არც ცხოველთა დაცვაზე ამბობს:

“-ეს ქურთუკი ტყავისაა? –იკითხა ერთხელ ჩემმა მეგობარმა მაღაზიაში 

კი, რა თქმა უნდა, ნატურალური ტყავიაგამოეპასუხა დამარწმუნებელი ტონით გამყიდველი 

აა, კარგით, მადლობა არ ვყიდულობ 

რატომ? ნამდვილი ტყავია 

აი, ზუსტად მაგიტომ..

„იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, რომელიც მას არასოდეს სცმია“ (“For sale: baby shoes, never worn.”) – ერნესტ ჰემინგუეის მიერ დაწერილი მსოფლიოში ყველაზე მოკლე მოთხრობაა, სადაც მთელი ტრაგედია ექვს სიტყვაშია ჩატეული. დაახლოებით იგივე განწყობა გამიჩნდა, როდესაც ბათუმურ დღიურებში ლურჯი ნათურის შესახებ წავიკითხე და ორ აბზაცში ჩატეულმა დიდმა ემოცია იმდენად იმოქმედა, რომ თქვენი საახალწლო განწყობისადმი “უდიერად მოპყრობა” გადავწყვიტე. 

დასასრულს, მიმოხილვის ბედობაზე დამთხვევაც მინდა აღვნიშნო და შესაბამისად “კიდევ არაერთ შეხვედრამდე” დაგემშვიდობოთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი