ტექნოლოგიები

ფეისბუკის ათასობით მომხმარებლის პროფილზე უკანონო შეღწევის საქმე

8 დეკემბერი, 2015 • 1335
ფეისბუკის ათასობით მომხმარებლის პროფილზე უკანონო შეღწევის საქმე

კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, სოციალური ქსელი „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდის – ე.წ. ფიშერის დამზადების, აღნიშნული ფიშერისა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით „facebook“-ის სხვადასხვა მომხმარებლის პროფილზე უკანონო შეღწევის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

გამოძიების ცნობით, 23 წლის ვასილ ქ-მ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადა დომეინით – htt://facebook-photos.ga/gggg44. ამის შემდეგ ვასილ ქ. სოციალურ ქსელ „facebook“-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდა, სადაც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდა. დაინტერესებული მომხმარებელი აღნიშნული პოსტის გახსნის შემთხვევაში ბმულზე გადასვლისას ვასილ ქ-ს მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო. ავტორიზაციისას „facebook“-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ვასილ ქ-ს მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში.

შსს-ს ცნობით, გამოძიების მსვლელობისას აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია „facebook.com“-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა სოციალურ ქსელ „facebook“-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა.

გამოძიების ცნობით, 32 წლის რაინდი კ-მ, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა, შეაღწია და დაშვების პაროლები შეუცვალა „facebook.com“-ის მომხმარებლებს. შემდეგ აღნიშნული მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდა, რაშიც რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდა.

პოლიციის ინფორმაციით, რაინდი კ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, „facebook.com“-ის 1210 მომხმარებლის სახელი და პაროლი.

ამჟამად მიმდინარეობს სოციალურ ქსელ „facebook.com“-ის მომხმარებლებისთვის პროფილების დაბრუნება.

გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის 1-ლი და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი