ტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისიის განმარტება WordPress-ის საიტების დროებითი შეზღუდვის ფაქტზე

26 ნოემბერი, 2015 • 1543
კომუნიკაციების კომისიის განმარტება WordPress-ის საიტების დროებითი შეზღუდვის ფაქტზე

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ ვორდპრესის ჰოსტინგზე მომუშავე საიტებზე საქართველოდან წვდომის დროებით შეზღუდვის პროცესში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა კომისია, სავარაუდოდ, არ აპირებს თვითონ მოიძიოს ინფორმაცია, თუ როგორ დადგა ზემოხსენებული ფაქტი:

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „wordpress“-ის ჰოსტინგებზე განთავსებულ საიტებზე საქართველოდან წვდომის შეზღუდვის თაობაზე ინფორმაცია არ მიუღია არც სახელმწიფო ორგანოების და არც კერძო კომპანიების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია. ამავე დროს, ამ მუხლის ზემოთ ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – აცხადებენ კომისიაში.

ნეტგაზეთის კითხვას, კომისია თვითონ არ დაინტერესდა, რატომ მოხდა, რომ ვორდპრესის ჰოსტინგზე მომუშავე ყველა საიტზე წვდომა შეიზღუდა, ანუ კომისიამ თვითონ ხომ არ მიმართა სუს-ს ან ინტერნეტპროვაიდერებს, რათა გაერკვია, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ეს ყველაფერი? კომისიაში გვიპასუხეს, რომ გათენებამდე პრობლემა აღმოიფხვრა და ვებგვერდებზე წვდომა შეზღუდული აღარ იყო.

უცნობია, როგორ მოიქცევა კომისია, ყოველ საღამოს რომ შეზღუდონ წვდომა გაკრვეულ ვებგვერდებზე და გათენებამდე აღადგინონ.

ვებგვერდებზე, რომლებიც ვორდპრესის ჰოსტინგებზე [ჰოსტინგი – ტექნიკური და პროგრამული საშუალება, სადაც საიტია განთავსებული] მუშაობენ, ამჟამად საქართველოდან წვდომა აღდგენილია. საუბარია ბლოგებზე და სხვა სახის საიტებზე, რომლის მისამართებშიც WordPress.com – ურევია. ამ გვერდებზე გუშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოდან წვდომა შეზღუდული იყო, ხოლო უცხოეთიდან უპრობლემოდ შედიოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი