ტექნოლოგიები

ელექტრონული მმართველობის პერსპექტივა სოფლებში

24 ნოემბერი, 2010 •
ელექტრონული მმართველობის პერსპექტივა სოფლებში

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სოფლად მცხოვრებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, დასახლებული პუნქტიდან  გაუსვლელად, ჰქონდეთ ურთიერთობა ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლებასთან.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის დაფინანასებით, ახორციელებს პროექტს– «ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების შეფასება ელექტრონული თვითმმართველობის სისტემის დანერგვისთვის.» პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის გაძლიერება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების გაიოლება.

პროექტის კოორდინატორის ლევან სამადაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია ამ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სოფლების შესახებ. ასევე, შეიქმნება ქალაქის სახლები, რომელიც სოფლებს – თვითმმართველობის ორგანოებთან, თვითმმართველობას კი – ცენტრალურ ხელისუფლებასთან დააკავშირებს. 

პროექტი 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მომავალი წლის თებერვლის თვეში დასრულდება. პროექტი ამჟამად იკვლევს იმ რესურსებს, რომლებიც მუნიციპალიტეტებს ელექტროული მმართველობის დასანერგად გააჩნიათ. კოორდინატორების თქმით, ადგილობრივ ერთეულებში არის გარკვეული რესურსები ელექტრონული მმართველობის დასანერგად:

«(ადგილობრივი თვითთმმართველობის) დაწესებულებებში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ელექტრონულ მმართველობასთან აქვთ შეხება. თუმცა არ არის საკმარისი ეს რესურსები… რა იქნება საჭირო, ამას პროექტის დასრულების შემდეგ გავიეგებთ»-განუცხადა ნეტგაზეთს პროექტის კოორდინატორმა ლევან სამადაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრას გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდისა და USAID-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.

«ჩვენ მივესალმებით ამ პროექტს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სტატისტიკა რაიონებში მცხოვრები ადამიანების შესახებ… მოსახლეობამ უნდა შეძლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა,»- განაცხადა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელმა მარკუს ნუდინგმა.

ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად შეძლებს სოფლად მცხოვრები მოქალაქე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას, რადგან  ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად სულ მცირე ინტერნეტი და კომპუტერია საჭირო, ლევან სამადაშვილმა გვიპასუხა:

«შესაძლებებლია სოფლებში (ადმინისტრაციულ შენობებში) შეიქმნას ცენტრები, სადაც იქნება ინტერნეტი და მოსახლეობამ შეძლოს ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიღება, ან მისთვის საჭირო ოპერაციის განხორციელება.»

ელექტრონულ მმართველობას განვითარებული დემოკრატიის მქონე  სახელმწიფოები იყენებენ. 2010 წელს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ელექტრონული მმართველობის განვითარების რეიტინგში საქართველომ 192 ქვეყანას შორის მეასე ადგილი დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი