ტექნოლოგიები

პაკო რაბანის გოგოები და გაყინული თევზის მოხრჩობის რამდენიმე ხერხი

19 აპრილი, 2010 • 2139
პაკო რაბანის გოგოები და გაყინული თევზის მოხრჩობის რამდენიმე ხერხი

“გასულ კვირას ბლოგების მიმოხილვა ცუდი ინტერნეტის გამო ვერ დავწერე. მთელი კვირა დაძაბული იყო, ბლოგებისთვის დრო ცოტა მქონდა, კვირის ბოლოს კი რაღაც ჯანდაბად გრიპი ავიკიდე, თუმცა ლექსების გამოფენაზე მაინც წავედი, სადაც ორი ყოფილი შეყვარებული ვნახე, მაგრამ თავს გადასარევად ვგრძნობდი. დათო ტურაშვილი ჩავწერე, რომელმაც მითხრა, „ბათუმელები“ ყველაზე კარგი გაზეთიაო და ჩემი დიდი ხნის ოცნებაც გაახმიანა: „რა მაგარი იქნება ბათუმში ჯიპები კი არა ველოსიპედები დადიოდნენო“  – აი, დაახლოებით ასე გამოიყურება ერთი ჩვეულებრივი პოსტი ჩვეულებრივი პირადი ბლოგიდან.  რა, არ არის საინტერესო?

პირადი ბლოგების კითხვა ცოტათი კინოს ყურებას ჰგავს. ხან იაფფასიანი მელოდრამა შეგხვდება, ხან  რაღაც ისეთი, კარგა ხანს რომ დაგამახსოვრებს თავს. მართალი გითხრათ, მე პირადი ბლოგების კითხვა უფრო მიყვარს, ვიდრე ფსევდოინტელექტუალური ტექსტებისა თუ  ვიკიპედიიდან დაკოპირებული ბიოგრაფიების.

საკუთარ თავზე ლაპარაკი ყველას უყვარს. პირადი ისტორიების მოსმენაც. აქ ყველაფერი მთხრობელზეა დამოკიდებული, ჩვენს შემთხვევაში ბლოგერზე. შეგიძლია საინტერესოდ დაწერო ერთი მოწყენილი დღის, პაემანისა თუ ბავშვობის ამბავი? დიდი მნიშვნელობა არა აქვს რაზე წერ, მთავარია ამბავი გქონდეს და ლაკონურად და ხელშესახებად გადმოსცე. სულ ეს არის.

ქართულ ბლოგოსფეროში ბევრი პირადი ბლოგია, ისე ბევრი, რომ ვაღიარებ, ხანდახან ერთმანეთში მერევა კიდეც. მაგრამ არის რამდენიმე, რომელთა ავტორებს მაშინაც კი ვიცნობ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ბლოგის მისამართს შეიცვლიან და ახალი ნიკით დაიწყებენ  წერას. ამჯერად ჩემს რამდენიმე ფავორიტ პირად ბლოგზე მინდა გიამბოთ.

candy sayss მგონი ყველაზე ეგოცენტრული ქართული ბლოგია, რაც კი წამიკითხავს. ანუკა ყველგანაა, ყველა პოსტში, მაშინაც კი, როცა საკუთარ თავზე არ წერს. ბლოგზე „ცხოვრობს“ თომ ვეითსი, აქ იისფერი კომბოსტოს სალათებით იკვებებიან, ბევრს მოგზაურობენ, საღამოობით ალმადოვარისა და რომერის ფილმებს უყურებენ და ჟასმინის ჩაის სვამენ. ღმერთმანი, ნამდვილი ბურჟუაზიული სამოთხეა! ანუკას ბლოგს ერთი უცნაურობა აქვს. თითქმის ერთი წელია ამ ბლოგის მკითხველი ვარ და მგონი სულ ერთი კომენტარი მაქვს დატოვებული. ბლოგი იმდენად მყუდრო და პირადია, რაღაც არ გინდება ჩაეჩხირო. ისეც არ იფიქროთ, რომ აქ მხოლოდ ძალიან პირად პოსტებს ნახავთ, ბევრი საინტერესო პოსტს წააწყდებით არა მარტო პირად ცხოვრებაზე, მე ორს გირჩვედით; Fuck IMEDI TV“  და „ტენდენცია-საერთო სახალხო ბოზი“.

სრულიად განსხვავებულია შორენის ბლოგი. შორენა ქუთაისში ცხოვრობს, რადიოში მუშაობს და რადგან ქუთაისში ჩემდა სამარცხვინოდ ნამყოფი არა ვარ, ჩემი წარმოდგენები ამ ქალაქზე ძირითადად შორენის ბლოგს ეყრდნობა. ჰოდა ახლა მგონია, რომ ეს ძირითადად შავ-თეთრი ქალაქია, ქუთაისში ყველა სასიამოვნო ადამიანი რადიოში მუშაობს, ყავას დიდი ჭიქით სვამს და გრძელ, საინტერესო პოსტებს წერს. შორენა პაკო რაბანის გოგოა, სანამ მისი ბლოგის ხშირი სტუმარი გავხდებოდი, არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა. ეს არის ბლოგი მათთვის ვინც არ ჩქარობს, ვისაც ავტობუსის ფანჯრიდან პეიზაჟების თვალიერება და ფიქრი უყვარს. „ცხოვრება ერთოთახიან გეტოში“ და „მრგვალი კარტოფილის დღეები“   – ეს პოსტები წაიკითხეთ თუ ასეა.

მორჩა, დანარჩენ ბლოგებს სხვა დროისათვის მოვიტოვებ. ახლა კვირის პოსტებს გადავხედოთ, უფრო ზუსტად, ორი კვირის პოსტებს, რადგან წინა კვირაში ძალიან ობიექტური მიზეზების გამო ბლოგების მიმოხილვა ვერ გამოქვეყნდა. ეს არაფერს ნიშნავს, ნეტგაზეთი ყოველ კვირა მიმოიხილავს კვირის საუკეთესო პოსტებს, უკვე მიმანიშნეს, რომ თუ კიდევ მექნება „ობიექტური მიზეზები“, მიმომხილველს შეცვლიან, რუბრიკა კი დარჩება :) 

გასულ კვირას ქართულ ბლოგოსფეროში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ამბავი #1: Singular Group -მა  და  ქართული ბლოგოსფეროს ყველაზე წარმატებულმა და ვარდისფერმა ბლოგერმა Sweety -იმ   ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ გამართეს კონფერენცია, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო ბლოგსფეროს ვარსკვლავი, ვენდი ჩენგი ესწრებოდა, რომლის ბლოგსაც  დღეში ასი ათასამდე ადამიანი კითხულობს. კონფერენციას ქართველი ბლოგერებიც ესწრებოდნენ და მეტი ინფორმაციისათვის წაკითხეთ Sophie Golden -ის Sunny blogging day , თაზოს „ITV კონფერენცია, სინგაპურელი ბლოგერები და ვიდეოპოსტის ჩაწერის მცდელობა“  და გაბოს „ITV კონფერენცია“.

ამბავი #2: ბლოგერებით მოულოდნელად ეკონიმიკის სამინისტრო დაინტერესდა და რამდენიმე ბლოგერს ეკონიმიკის მინისტრი პირადად შეხვდა. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით  ფაზანდაზე    david.ge -სა  და რაღაცნაერ ბლოგზე   წაიკითხავთ.

 

ამ კვირაში რამდენიმე პოსტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, მათ შორის ჩორვენის „აღიარება  – 4 (მოსკოვი)“. არა, სულ ტყუილად გაქვთ იმედი, რომ პოსტი სკანდალურ პოლიტიკურ აღიარებას ეხება, ეს ჩორვენის მოსკოვში გატარებული ერთი წლის ამბებია, სენტიმენტალურზე უფრო სასაცილო. მე მაგალითად პირველად მესმის, რომ გაყინული თევზი შეიძლება გაცოცხლდეს, მერე თავში დანა ურტყა, ცელოფნით შეეცადო გაგუდვას, მდუღარე ასხა… მოკლედ წაიკითხეთ რა ხერხია უფრო ეფექტური, რადგან ზემოთჩამოთვლილთაგან არც ერთი არ გამოდგება.

„ერთხელ გერმანიაში დავინახე, როგორ უბიძგა ქალმა ძონძებიან პაწაწა გოგოს მაღაზიაში და პომადის გატანა დაავალა. ისეთ შოკში ვიყავი და ისეთი დაუჯერებელი იყო რასაც ვხედავდი, უცებ ვერ მოვახერხე სწორი რეაგირების მოხდენა. სრულიად მოუმზადებელი ვიყავი ასეთი რამის დანახვისთვის.“ – წერს Khatia Caroline პოსტში „ძალადობით ოკუპირებული საზოგადოება“ . საკმაოდ საინტერესო პოსტია, ბევრი პირადი მაგალითით. განსაკუთრებით ის დამამახსოვრდა, რომ ბლოგერის მეზობელს მძევალი ჰყავდა აბაზანაში, რომელმაც წყლის მოშვების გარდა ვერაფერი შეძლო. წყალი დაბლა სართულზე კი ჩავიდა, მაგრამ პოლიციისათვის არავის დაურეკავს.

ბლოგზე The Picture of Dorian Gray   ეს ხანებია ნამდვილი „აჯანყებაა“. აღასპერის პოსტები: „ფსიქეა და ამური, მითი, როგორც ფსიქოლოგიური ინსაიტი. აჯანყება ედემში“   ბოლო კვირეებია ქართული ბლოგების აგრეტატორზე   რეიტინგულ პოსტებს შორისაა. ამ პოსტის შინაარსის აღწერა რამდენიმე სიტყვით ისევე ძნელია ჩემთვის, როგორც კაცობრიობის ისტორიის მოყოლა ერთ აბზაცში, ამიტომ ენდეთ სათაურს და რეიტინგებს, ან არ ენდოთ და გადაამოწმეთ.

 გასულ კვირას ძალიან საინტერესო შენიშვნები მივიღე ბლოგების მიმოხილვასთან დაკავშირებით. ერთმა ძალიან ბევრი ლინკია, ნუ ყრი ყველაფერს ერთადო, სხვამ პირიქით –  უფრო მეტი ლინკებიო. მგონი ორივეს სურვილი მეტ-ნაკლებად გავითვალისწინე. თქვენც ნუ დაიზარებთ, დატოვეთ კომენტარები.

 მომავალ კვირას კი ბლოგერების ჟურნალისტურ ამბიციებზე და კიდევ ორ ბლოგზე მოგიყვებით, ერთი სულ ცინცხალი ბლოგია, მაგრამ ეჭვი მაქვს ქართული ბლოგოსფეროს ამომავალი ვარსკვლავია, მეორე კი ეს ბოლო დროა ისეთი სისწრაფით იცვლის გარეგნობას (დიზაინს), რომ სულ მინდა ვიკითხო: უკაცრავად, სხვაგან ხომ არ მოვხვდი?!

ასე რომ იქეთ კვირამდე! 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი