ტექნოლოგიები

ეროტიკული საკითხავი მარციპანის კურდღლებით, ანუ, Mrs. ჩაილდ, მოვდივარ!

4 აპრილი, 2010 • 3309
ეროტიკული საკითხავი მარციპანის კურდღლებით, ანუ,  Mrs. ჩაილდ, მოვდივარ!

დიდი ხუთშაბათის საღამოს, ბლოგების ტრადიციულ შემოვლაზე, ნამდვილ სენსაციას წავაწყდი. 18 წლის ბლოგერი წერდა, რომ გამომცემლობა „ასომთავარმა“ მისი პირველი, ეროტიკული წიგნი ERO – ვნება გამოსცა. სასინჯი ეგზემპლარები ჟურნალისტებმა დაიტაცესო და „24 საათიც“ დაიმოწმა: „ქართულ კულტურულ საზოგადოებას ნამდვილად მოელის შოკი. 18 წლის ავტორისგან შეუძლებელია ასეთ თამამ ექსპერიმენტს ელოდე. წიგნი სავსეა ეროტიკული სცენებით… რომელიც დაუფარავად აღწერს საკუთარ შეგრძნებებს და ასე განსაჯეთ, თავგადასავლებსაც კი, რომლებშიც მასთან ერთად ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები არიან გახვეულნი (უმეტესად, მწერლები).“ სასწრაფოდ დავიწყე ფიქრი, როგორ მომეპოვებინა ამ სენსაციური წიგნის ეგზემპლარი და ისე გავერთე, რომ ყურადღება არ მიმიქცევია გამომცემლობის  სახელისთვის და რაც მთავარია, პირველი აპრილი გახლდათ. ასე გაგვტოვა სენსაციური წიგნის გარეშე ანინამ, რომელიც ახალბედა ბლოგერია  (ფუი ეშმაკს, კინაღამ დავწერე ახალგაზრდა და პერსპექტიულითქო) მაგრამ მისმა ბლოგმა ძალიან მალე მიიქცია ყურადღება საინტერესო და უკვე სკანდალური პოსტებით.

რაღან წიგნებით დავიწყეთ, ბარემ იმასაც გეტყვით, სად ვიპოვე რეცეპტი, რომლის ზედმიწევნით დაცვის შემდეგ, შესაძლოა იმაზე ჭკვიანი გამოჩნდეთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ. თითქმის  EXSCLUSIVE  საინტერესო რეკომენდაციებს იძლევა პოსტში ინტელექტუალური სიცრუე, ანუ, როგორ გამოვჩნდეთ უფრო ნაკითხები, ვიდრე ვართ.   თქვენი არ ვიცი და მე ამ პოსტმა ნიკო ნერგაძის ბლოგზე საკმაოდ დიდი ხნის წინ წაკითხული განმეორებითი ჩვენება: მუსიკალური სნობის სახელმძღვანელო   გამახსენა. ასეა თუ ისე, თუ კი ორივე პოსტს წაიკითხავთ, ინტელექტის დემონსტრირებისთვის შესაძლოა წიგნების წაკითხვა და მუსიკის მოსმენა საერთოდ აღარ დაგჭირდეთ.

ამ კვირაში ზურიუსმა თავისი ბლოგის მკითხველები რამდენიმე წუთით ქუთაისში გაასეირნა. ფოტო და ვიდეორეპორტაჟები „ქუთ-ეისი გაზაფხულზე“  სანახავად ნამდვილად ღირს. მითუფრო, თუ ჩემს მსგავსად არ ხართ ქუთაისში ნამყოფი. ვიდეო რეპორტაჟისაგან განსხვავებით, ფოტოები ტურისტული ნამდვილად არ არის, ზურიუსის ფოტოებიექტივში ძირითადად ქალაქის ბაზარი მოექცა, ვიდეო კადრები კი ქუთაისის პარკშია გადაღებული, თუმცა ერთმა ვიდეორგოლმა ტურისტებზე მეტად ცხოველთა უფლებების დამცველები უნდა დააინტერესოს, თუ კი ასეთები საქართველოში საერთოდ არიან. პატარა, მოუხერხებელ სადგომში გამომწყვდეული დათვის ბელი ზურიუსმა ჩიპსებით კი დაანაყრა, მაგრამ იმედია, ვინმე დაინტერესდება ამ ცხოველის ბედით, რომელსაც, (თუ კი ბინძურ გალიასა და შიმშილს ცოცხალი გადაურჩა) საუკეთესო შემთხვევაში, პარკში მდებარე მშენებარე რესტორნის ეზოში გადაიყვანენ.




ჩემი ქალაქი ჩემი სახლია – ასეთი პოსტით დაუბრუნდა freelandia ქართულ ბლოგოსფეროს საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ.   , დღეიდან ამ ბლოგზე ხშირად ნახავთ ქუჩაში დადგებული ნაგვის ფოტოებს. თაზო აპირებს დოკუმენტური ფოტო მასალით კიდევ ერთხელ გვაჩვენოს როგორ ვექცევით ჩვენს ქალაქს და „რა დემოკრატია, რის ევროკავშირი, ნატო, სტაბილურობა და ა.შ. სანამ ამათ მოვითხოვთ, ჯერ საკუთარი სახლის დალაგება და დასუფთავება ვისწავლოთო“ – დასძენს.  თაზო, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ბლოგერი, ბოლო თვეებია თავის ბლოგზე იშვიათად წერს. როგორც ჩანს, თაზოს თავსატეხი, ბლოგერი თუ ჟურნალისტი, ჯერ-ჯერობით ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გადაწყდა.    სხვათა შორის ეს უკანასკნელი პოსტი, „თავისუფალი სიტყვის ბლოგზე“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.  

ვნახოთ როგორ შეასრულებს თაზო დანაპირებს, მანამდე კი სხვა ჟურნალისტ-ბლოგერებს გადავავლოთ თვალი. ქართული ბლოსფეროს აგრეგატორზე კვირის საუკეთესო პოსტებში მოხვდა ბათუმელი რადიო დიჯეის პოსტი, რომელიც პალიას ტომზე მოგვითხრობს ლეგენდას. იცით რა ლეგენდა უკავშირდება კოლხეთის დაბლობზე მდებარე პალიასტომის ტბას? თუ არა, ის დროა მთვარის კლუბი  მოინახულოთ და ლეგენდასთან ერთად იმასაც გაიგებთ, რატომ არის ოდესღაც  მტკნარი წყლით ცნობილი ტბა ამჟამად მლაშე.

ვნების კვირას და დღესასწაულს ბუნებრივია სააღდგომო პოსტების გარეშე არ ჩაუვლია. LiLaC იასამნისფერი ბლოგზე პოსტში „აღდგომა და ათეისტები“, წერს:  „ადამიანები, რომლებიც დგანან და წუწუნებენ, რომ მათ ქუჩაში დამცინავი მზერის და რეპლიკების ატანა უწევთ ვარდისფერი თმის ან გახვრეტილი ტუჩის გამო, თვითონ დაცინიან უფრო ძვირფასს სხვა ადამიანებისათვის.“  საინტერესო თემაა, ვნახოთ მოყვება თუ არა გაგრძელება სხვა ბლოგებზე. მანამდე კი მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავენ აღდგომას შვედეთში, სადაც მთავარი სააღდგომო ფერი ყვითელია და ხალხი  ნარცისებს, ყვითელ ტიტებსა და მარციპანის კურდღლებს ყიდულობს სააღდგომოდ.

რამდენიმე დღის წინ, ქართულ ბლოგსფეროში კარგად ცნობილი ყვავას ბლოგზე ქართველ ბლოგერებზე გადაღებული ვიდეო სიუჟეტი ვნახე, რომლის ავტორიც გადაცემა „ჩვენი ექსპრესის“ რეპორტიორია. გაუგებარია, რატომ აღაშფოთა ყვავა ვიდეომ, რომლის გმირებიც, საკმაოდ პოპულარული ქართველი ბლოგერები, თავიანთი ბლოგების შესახებ ყვებიან, მაგრამ ძალიან პროვოკაციული და არაკორექტული შეკითხვა კი დასვა.   ვიდეოს ყვავას ბლოგზევე მოჰყვა განხილვა. ასევე, ბლოგერებზემომზადებული სიუჟეტის შესახებ დაწერა თინიმ    და პოსტი გამოჩნდა ფსიქეს ქუჩაზეც, სადაც ბლოგის სტუმარის ამპლუაში თავად სიუჟეტის ავტორია.  

 




ახლა ცოტა ჯანმრთელობასა და სილამაზესაც შევეხოთ. თუ ფრჩხილები გემტვრევათ, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ „ბროწეული“,  ბლოგი, რომელიც პატარა, ვირტუალური სილამაზის სალონს ჰგავს. ასეთი თემატური ბლოგები ქართულ  ბლოგოსფეროში იშვიათია, არადა საინტერესო თემაა, ალბათ ბლოგები მოდაზე, ჯანმრთელობასა და სილამაზის რეცეპტებზე  ძალიან პოპულარული უნდა იყოს. მსგავსი ბლოგების სიმცირე ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ ბლოგერების ერთი ნაწილი პერიოდულად წერს პოსტებს ასეთ თემებზე. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია თაა, ქართული ბლოგოსფეროს მთავარი სტილისიმო ,  რომელიც ამ კვირაში პირველ Georgian Fashion Week -ზე   გვიამბობს.

ამ კვირისათვის ყველაზე გემრიელი, (პირდაპირი მნიშვნელობით) პოსტები ბოლოსათვის მოვიტოვე, მითუმეტეს, მარხვა დასრულდა და კულინარიული ექსპერიმენტებისთვის სწორედ შესაფერისი დროა. გაფრთხილებთ, მშიერი ადამიანებისათვის ამ პოსტების ნახვა არ არის რეკომენდებული.  კვირის მთავარი ვირტუოზი ბლოგერი – მზარეული ნამდვილად Agasfer -ია, რომლის  კულინარიულმა შესაძლებლობებმა ჩემთვის წარმოსადგენ ყველა ზღვარს გადააჭარბა. ნახეთ ჩემი კულინარული მიღწევები, ანუ Mrs ჩაილდ, მოვდივარ!  ან კიდევ კარტოფილის საშობაო ინდოური ანუ სტაფილოს იმპერია    და დარწმუნდებით, რომ არ ვაზვიადებ. ეს არ არის უბრალოდ რეცეპტები,  Agasfer -ის კულინარიული ექსპერიმენტები ფოტომასალით არის დასურათებული, დაწვრილებითაა აღწერილი კერძის მომზადების დეტალები და რაც მთავარია: ამ ყველაფრის წაკითხვისა და დათვალიერების შემდეგ, სავარაუდოდ მოგინდებათ გაიგოთ ვინ არის ჯულია ჩაილდი, შესაძლოა თქვენი წარმოდგენები კულინარიაზე აბსოლუტურად შეიცვალოს და მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება თქვენც მოგინდეთ.

 

მოსინჯეთ საკუთარი შესაძლებლობები სამზარეულოში, ან სადმე სხვაგან, და ერთი კვირით დაველოდოთ, როგორი იქნება ქართული ბლოგოსფეროს შემდეგი შვიდი დღე.

მასალების გადაბეჭდვის წესი