ტექნოლოგიები

საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პროექტს ივანიშვილის “ქართუ” დააფინანსებს

14 აგვისტო, 2015 • • 1639
საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პროექტს ივანიშვილის “ქართუ” დააფინანსებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. პროექტის განსახორციელებლად ინოვაციების სააგენტომ დააფუძნა ა(ა)იპ “ოფენ ნეტი”, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან თავად სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე,  ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტრი ნიკოლოზ ჩხეტიანი და თბილისის მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. ”ოფენ ნეტს” საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას გერმანული კომპანია “დეტეკონი” გაუწევს. “ოფენ ნეტსა” და “დეტეკონს” შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერა.

 

“იწყება მოსამზადებელი სამუშაოები, რათა მაქსიმალურად სწორად დაიგეგმოს ქსელი და ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი განშტოება. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ფონდი ”ქართუ”, რომლის დახმარებითაც გახდა ზოგადად ეს პროექტი განხორციელებადი. მსაგვსი პროექტი მრავალ ქვეყანაში განხორციელდა წარმატებით. მათ შორის ლიტვაში, რომლის მაგალითითაც დღეს ვხელმძღვანელობთ. ჩვენ გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ სწრაფი ინტერნეტი რაც შეიძლება დაბალ ფასად. უახლოეს მომავალში დაიწყება შესყიდვები ქსელის მშენებლობისათვის,”- განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ.

 

სააგენტომ საკონსულტაციო კომპანია ბაზრის მოკვლევის შემდეგ გამოკვეთილი 5 კომპანიიდან შეარჩია. შერჩევისას გაითვალისწინეს, როგორც სამუშაო გამოცდილება, ასევე კომპანიების მიერ შემოთავზებული ფასები.

 

სრული საკონსულტაციო სამუშაო 7 ფაზად  დაიყოფა: მოთხოვნის ანალიზი, ქსელის დიზაინი, ღირებულების შეფასება, განხორციელების დაგეგმვა, ეკონომიკური მოდელირება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.

 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს განცხადებით, პროექტი 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს და მისი მიზანი ინტერნეტ ქსელების ისეთ დასახლებულ პუნქტებში განთავსებაა, სადაც ინტერნეტ პროვაიდერებს დღეს საკუთარი სერვისის მიწოდება არ შეუძლიათ.

 

”ოპერატორს იმდენად ძვირი უჯდება საკუთარი კაბელების გაყვანა, რომ მას არანაირად არ უღირს მსგავს საქმეში ინვესტიციის ჩადება. ჩვენ უზრუნველვყოფთ ერთგვარი გზის ფორმირებას იქამდე, სანამდეც ინტერნეტ პროვაიდერი ვერ მიდის. დღეს, ინტერნეტი არის აუცილებელი ყველაფრისათვის: ინფორმაცია, განათლება, ექსპორტი – ყველაფერი მასზე დამოკიდებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება ქვეყნის განვითარებისათვის,”- აცხადებს ქაშიბაძე.

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აპრილში გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა კომპანიის შესარჩევად, რომელსაც საქართველოს მასშტაბით ოპტიკური მაგისტრალური საკაბელო სისტემა უნდა შეექმნა. ინტერესი რამდენიმე კომპანიამ გამოხადა, თუმცა შემდეგში ამ პროექტის განხორციელება არც ერთმა მათგანმა არ ისურვა. ამიტომ კერძო კომპანიის ნაცვლად, პროექტი სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე.

 

რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე პირველად განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის ნოემბერში “პირველი არხის” ეთერით გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ამ საკითხზე “საზოგადოება 2030” მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრი და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი კი ამბობდნენ, რომ პროექტს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. საბოლოოდ, პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ფონდი ”ქართუ” გახდა.

 

ეკონომიკის სამინისტროში 2014 წლის 26 დეკემბერს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებით უზრუნველყოფას. მემორანდუმს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, სს „საქართველოს რკინიგზა“ და შპს „საქართველოს ფოსტა, “სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, სსდ „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“, სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

 

ხელმომწერები მზადყოფნას გამოთქვამენ საჭიროების შემთხვევაში განათავსონ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების საკუთარ ან სახელმწიფოს საკუთრებაში/სარგებლობაში/ბალანსზე არსებულ ქონებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი