ტექნოლოგიები

ოპტიკური ინტერნეტი ყველას და კომპიუტერები შეღავათიან ფასად – სამთავრობო პროექტის დეტალები

15 აპრილი, 2015 • • 2529
ოპტიკური ინტერნეტი ყველას და კომპიუტერები შეღავათიან ფასად – სამთავრობო პროექტის დეტალები

პროგრამა – მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კომპანიის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით ოპტიკური მაგისტრალური საკაბელო სისტემის შექმნას 2000-მდე დასახლებულ პუნქტში ხელმისაწვდომი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაწოდებლად. უფრო კონკრეტულად, ინფრასტრუქტურა 1963 დასახლებულ პუნქტში [სოფელი ან დაბა, სადაც ცხოვრობს 200 ადამიანზე მეტი] უნდა შეიქმნას. ეს ის პუნქტებია, სადაც ინტერნეტი დღემდე არ არის მისული, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში. გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნულ ტერიტორიებზე უნდა შეიყვანოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, დაამონტაჟოს აპარატურა და შექმნას გამანაწილებელი წერტილები. ამის შემდეგ ინტერნეტ- ოპერატორებს ექნებათ საშუალება შესთავაზონ თავიანთი სერვისი მომხმარებელს.

 

 

“ყველა ამ წერტილში უნდა შევიდეს ოპტიკური ინფრასტრუქტურა, გარდა იმ დასახლებებისა, რომლებიც მაღალმთიან სოფლებს წარმოადგენს, თუმცა იქაც იქნება მაღალსიჩქარიანი ინფრასტრუქტურა”, – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე, რომელიც პროექტის ავტორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელია.

 

მისი თქმით, ოპტიკური მაგისტრალური საკაბელო სისტემა, რომელიც პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას, ნეიტრალური ინფრასტრუქტურა იქნება, რომლითაც დაინტერესებული ოპერატორები ისარგებლებენ. ასე უპასუხა მან “ნეტგაზეთის” შეკითხვას, ვის საკუთრებაში დარჩება ინფრასტრუქტურა მას შემდეგ, რაც მას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია შექმნის:

 

“ეს იქნება ნეიტრალური ინფრასტრუქტურა, ანუ ის, ვინც ახორციელებს ამ ინფრასტრუქტურით ოპერირებას. საბოლოოდ მომხმარებლებს თვითონ არ მიყიდის ინტერნეტს, ის მხოლოდ საბითუმო ბაზარზე განახორციელებს მოღვაწეობას. ფორმირებული იქნება ღია დაშვების წერტილები. დაშვების წერტილების საფუძველზე ნებისმიერ მსხვილ თუ წვრილ ოპერატორს გაუმარტივდება, საბოლოო მომხარებლამდე განახორციელოს ინტერნეტის მიყვანა. აბსოლუტურად ყველა წერტილში შეიქმნება ღია დაშვების პრინციპით მომუშავე ინფრასტრუქტურა, ყველა წერტილში იმოქმედებს ერთი და იგივე პირობები. შესაბამისად, 100-ზე მეტ პროვაიდერს მიეცემა საშუალება გაზარდოს თავისი მომხმარებლების რაოდენობა და შეღწევადობის არეალი”, – ამბობს ქაშიბაძე.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა დაჯდება ზემოხსენებული პროექტის განხორციელება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ამბობს, რომ ბიუჯეტი იმ კომპანიებმა უნდა შეადგინონ, რომლებიც ინტერესთან გამოხატვის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტენ. მისივე თქმით, კონკურსში მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ ახალი მაგისტრალების შექმნა, ან თუ უკვე აქვთ საკუთრებაში, მათი გამოყენება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელიც კომპანიამ კონკურსში გამარჯვებისათვის უნდა დააკმაყოფილოს, მიქელაძე ამბობს:

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მათი ფინანსური უზრუნევლყოფა, გამოცდილება, შემოთავაზებული წინადადება. მთავარია ვადები და ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს ამ ყველაფრის უზრუნველყოფა. დანარჩენი უკვე შეფასების საგანია და წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე მოხდება ამ ყველაფრის განსაზღვრა”.

იაფი კომპიუტერები

იმისათვის, რომ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა ინტერნეტით ისარგებლონ, კომპიუტერული ტექნიკა ესაჭიროებათ, რისი შეძენის საშუალებაც, შესაძლოა, ბევრს არ ჰქონდეს. ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გავრცელების პროექტის ფარგლებში ისინი “ინტელთან” ერთად მუშაობენ იმაზე, რომ მოქალაქეებმა შეღავათიან ფასებში შეძლონ კომპიუტერული ტექნიკის შეძენა:

 

“პარალელურად განხორციელდება პროექტები ბიბლიოთეკების ბაზაზე, სადაც შეიქმნება საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრები. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 500 მსგავსი ცენტრი შეიქმნება.

ასევე, ინოვაციების სააგენტო საერთაშორისო კომპანია ინტელთან ერთად გეგმავს კომპიუტერიზაციის მიმართულებით მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისათვის კომპიუტერული ტექნიკა ხელმისაწვდომი იქნება გაცილებით შეღავათიან ფასში, ასევე, იქნება სპეციალური პირობები კომპიუტერული ტექნიკის განვადებით გამოტანის თვალსაზრისით”, – აცხადებს ქაშიბაძე.

 

“ივანიშვილი არაფერ შუაშია”

რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე პირველად განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პირველი არხის ეთერით, როდესაც თქვა, რომ ამ საკითხზე “საზოგადოება 2030” მუშაობდა:

 

“საზოგადოება 2030″-ში ჩვენ ვიხილავთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს, რა უნდა გაკეთდეს და როგორ. ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა, [პროექტი] რომ ინტერნეტი უნდა განვითარდეს და რეგიონებშიც იყოს ხელმისაწვდომი, რაც შეიძლება სწრაფად. ამაზე დავხარჯეთ გარკვეული დრო და მე დამატებითი ცოდნა შევიძინე. ინტერნეტპროვაიდერები როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში პირდაპირი მნიშვნელობით ერთმანეთს ჭამენ, საშინელ კონკურენციაში არიან. როგორც წესი, სარფიან ადგილებსა და კლიენტებზე მიდის მაგარი კონკურენცია და პერიფერიები მიუხედავი რჩებათ. საქართველოშიც ასეა და ამაზე ჩვენ რეაქციას ვაკეთებთ.

დავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ წელიწადში პროექტის ფარგლებში, რომელსაც ვაკეთებთ, შეიძლება მთელი საქართველო დავფაროთ…”, – აცხადებდა ივანიშვილი 2014 წლის ნოემბერში.

დღეს კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელიც აცხადებენ, რომ ზემოხსენებულ პროექტთან “საზოგადოება 2030”-სა და ბიძინა ივანიშვილს არავითარი შეხება არ აქვთ.


 

მაღალსიჩქარიანი ბოჭკოვანი ინტერნეტის გავრცელების შესახებ პროექტი 2015 წლის 15 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე  განიხილეს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობა აცხადებს ინტერესს პროექტის მიმართ. სახელმწიფო არის გამტარი და უზრუნველყოფს ინვესტორის მოძიებას. პროექტში ის ფულს არ ხარჯავს.


ეკონომიკის სამინისტროში 2014 წლის 26 დეკემბერს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებით უზრუნველყოფას. მემორანდუმს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, სს „საქართველოს რკინიგზა“ და შპს „საქართველოს ფოსტა, “სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, სსდ „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“, სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.


ხელმომწერები მზადყოფნას გამოთქვამენ დაეხმარონ პროექტში გამარჯვებულ კომპანიას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების საკუთარ ან სახელმწიფოს საკუთრებაში/სარგებლობაში/ბალანსზე არსებულ ქონებაზე განთავსებაში.


ინტერნეტის არათანაბარი გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით


კომუნიკაციის ეროვნული კომისიის (GNCC) 2015 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, ინტერნეტის გეოგრაფიული გავრცელების სიმკვრივე არათანაბარადაა გადანაწილებული. საუკეთესო დაფარვის ზონებია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი. ამ ქალაქების მაცხოვრებელთა 80-90%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა. სიმკვრივე 5%-იან ნიშნულს ვერ უტოლდება მესტიის, წალენჯიხის, ლენტეხის, ცაგერის, ხობის, ჩოხატაურისა და წალკის რაიონებში. ხოლო ხულოსა და ქედის რაიონებში სიმკვრივე ნულოვანია. მონაცემები არ არის ონის, ჯავის, ახალგორის, შუახევისა და აფხაზეთის რეგიონებიდან. Wi-Fi ტიპის ინტერნეტი ჭარბობს ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებს.


კომისია 2014 წლის ანგარიშის დამტკიცებას უახლოეს მომავალში გეგმავს. 2013 წლის მონაცემებით კი, ოპტიკური აბონენტების რაოდენობის გეოგრაფიული განაწილების მიხედვით ლიდერობს თბილისი 80%-ით, შემდეგ რუსთავი- 10.3%, ბათუმი -4.4%, და დანარჩენი ქალაქები- 4.4%. ინტერნეტოპერატორთა შორის კი 60%-ით “კავკასუს ონლაინია” სიის სათავეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი