საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Google map-ზე თბილისის შესახებ ინფორმაცია თითქმის სრულადაა განთავსებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონის შესახებ ინფორმაციის განთავსება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ინტერაქტიულ რუკაზე შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.
საქართველოს ინტერაქტიული რუკის შესაქმნელად მუშაობა მეოთხე წელია მიმდინარეობს. გროვდება გეოგრაფიულ-სივრცობრივი მონაცემები.
Google-ს პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, მიაჩნია საჯარო რეესტრის სააგენტოს.
Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია.
რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო საქმიანობას კვლავაც აგრძელებს.