ნეტგაზეთი | “ფეისბუკის” ახალი ნაბიჯი მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დასაცავად “ფეისბუკის” ახალი ნაბიჯი მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დასაცავად – Netgazeti
RU | GE  

“ფეისბუკის” ახალი ნაბიჯი მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დასაცავად

2015 წლის 1 იანვრიდან „ფეისბუკის“ მომხმარებლები ავტომატურად დაეთანხმებიან ახალ პირობებს, რომელშიც შედის პირად მონაცემთა და ქუქი-ჩანაწერების (cookies) პოლიტიკა.

“ფეისბუკის” ინფორმაციით, უმჯობესდება სოციალური ქსელის სარეკლამო პოლიტიკაც, რომელიც დაფუძნებული იქნება იმ საიტებსა და აპლიკაციებზე, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად იყენებს.

© facebook
© facebook

“ახლა „პირადი ინფორმაციის საფუძვლების“ დახმარებით თქვენ მიიღებთ რჩევებს იმისთვის, რომ ბოლომდე აკონტროლოთ თქვენი ისტორია/გამოცდილება “ფეისბუკზე”. ასევე, ვაახლებთ ჩვენს პირობებს, კერძო მონაცემთა და ქუქი-ჩანაწერების (cookies) პოლიტიკას, რათა ის შეესაბამებოდეს ახალ ფუნქციებს, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობდით და ეს ფუნქციები გახადოს ადვილად გასაგები. ჩვენ წარმოგიდგენთ გაუმჯობესებულ სარეკლამო პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებული იქნება აპლიკაციებსა და საიტებზე, რომლებსაც “ფეისბუკიდან” გამოსვლის შემდეგაც იყენებთ და გაძლევთ კონტროლს რეკლამებზე. ეს განახლებები ძალაში შევა 2015 წლის 1 იანვრიდან. როგორც ყოველთვის, ჩვენ მივესალმებით თქვენს გამოხმაურებას ჩვენს პოლიტიკაზე,” –  აცხადებს “ფეისბუკის” კონფიდენციალურობის დაცვის ოფიცერი, ერინ ეგანი.

ეგანი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე 36 ენაზეა შესაძლებელი:

“პირადი ინფორმაციის საფუძვლები გთავაზობთ ინტერაქტიულ ინსტრუქციებს, რათა უპასუხოს ხშირად დასმულ კითხვებს იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი ინფორმაცია “ფეისბუკზე”. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ ხდება მონიშვნის მოხსნა, მეგობრებიდან ამოშლა, მომხმარებლის დაბლოკვა და თქვენი თითოეული პოსტისთვის აუდიტორიის შერჩევა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია 36 ენაზე.

პირადი ინფორმაციის დაცვის განახლებასთან, საჯარო პოსტის შემახსენებელთან (Reminder for people posting publicly) და გამარტივებულ აუდიტორიის შემრჩევთან ერთად, პირადი ინფორმაციის დაცვის საფუძვლების შემოღება არის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი, რათა ბოლომდე იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენს პოსტებს თქვენსავე სურვილისამებრ შერჩეული ადამიანები ხედავდნენ,” – აღნიშნულია “ფეისბუკის” კონფიდენციალურობის დაცვის ოფიცერის განცხადებაში.

როგორც ერინ ეგანი წერს, ყოველდღიურად ადამიანები იყენებენ “ფეისბუკის” აპლიკაციებსა და სერვისებს, რათა დაუკავშირდნენ მათთვის საინტერესო ხალხსა და სასურველ ადგილებს. მისი თქმით, პოლიტიკის განახლებები მოიცავს პროდუქტებს, რომლებზეც “ფეისბუკი” მუშაობს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისთვის.

ერინ ეგანი, © Netokracija.com
ერინ ეგანი, © Netokracija.com

რა ცვლილებები შევა “ფეისბუკის” ახალ პირობებში, როგორ იყენებს სოციალური ქსელი მომხმარებლის ინფორმაციას რეკლამირებისთვის – ამ და სხვა შეკითხვებს “ფეისბუკის” კონფედენციალურობის დაცვის ოფიცერი პასუხობს:

აღმოაჩინე, რა ხდება შენს გარშემო:

ჩვენ ვაახლებთ პოლიტიკას, რათა ავხსნათ, თუ როგორ ვიღებთ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ეს დამოკიდებულია იმ ფუნქციებზე, რომლებსაც “ფეისბუკის” მომხმარებლები იყენებენ. მილიონობით ადამიანი რეგისტრირდება (check in) თავის საყვარელ ადგილებზე და იყენებს ისეთ არჩევით ფუნქციებს, როგორიც არის „ახლოს მყოფი მეგობრები“ (near by friends) (ფუნქცია ამჟამად მხოლოდ რამდენიმე რეგიონშია ხელმისაწვდომი). ჩვენ ვმუშაობთ, რომ გაჩვენოთ მაქსიმალურად რელევანტური ინფორმაცია, რომელიც იქნება დაფუძნებული თქვენს ადგილმდებარეობაზე და იმაზე, თუ რას აკეთებენ თქვენი მეგობრები. მაგალითად, სამომავლოდ თუ გააზიარეთ ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, შეგეძლებათ ნახოთ ახლომდებარე რესტორნების მენიუები და განახლებები თქვენი მეგობრებისგან, რომლების ასევე იმყოფებიან თქვენს სიახლოვეს.

გახადეთ შენაძენები უფრო მოსახერხებელი:

ზოგიერთ რეგიონში ჩვენ ვტესტავთ „შეძენის“ ღილაკს, რომელიც დაეხმარება ხალხს იპოვოს და შეიძინოს პროდუქტი „ფეისბუკიდან“ გასვლის გარეშე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალ გზებზე, რომ გავხადოთ ტრანზაქციები (მარტივი გადახდები) კიდევ უფრო მოსახერხებელი.

იპოვე „ფეისბუკზე“ პირადი ინფორმაციის დაცულობის შესახებ მაშინ, როცა გჭირდება:

იმისთვის, რომ გაგვეხადა ისინი უფრო ხელმისაწვდომი, ჩვენ გადავაადგილეთ რჩევები და მინიშნებები პირადი ინფორმაციის საფუძვლებით. ჩვენი მონაცემთა პოლიტიკა არის უფრო მოკლე და გასაგები, რაც ამარტივებს მის წაკითხვას.

როგორ იყენებს სოციალური ქსელი მიღებულ ინფორმაციას:

მაგალითად, ელემენტისა და სიგნალის სიძლიერის შესახებ ინფორმაცია გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი აპლიკაცია თქვენს მოწყობილობას კარგად ეთავსება. ჩვენ ვიღებთ ნებართვას თქვენი ტელეფონის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გამოყენებაზე, როდესაც გთავაზობთ ისეთ არჩევით ფუნქციებს, როგორიც არის „ჩეკინი“, ან პოსტებზე თქვენი ლოკაციის დამატება.

როგორ მუშაობს „ფეისბუკის“ კომპანიები და აპლიკაციები ერთად:

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ფეისბუკის“ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ იცნობთ ჩვენი კომპანიების აპლიკაციებისა და სერვისების ოჯახს. ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, თუ თქვენ დაგავიწყდათ Instagram-ის ანგარიშის პაროლი, შეგიძლიათ გამოიყენოთ „ფეისბუკი“ მის აღსადგენად. ჩვენი განახლებები არაფერს შეცვლის იმ ვალდებულებებში, რომლებიც აღებული აქვთ Instagram-ს, WhatsApp-ს და სხვა კომპანიებს თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

მომხმარებელთა ინფორმაცია და რეკლამირება:

ხალხი ხანდახან სვამს კითხვას, თუ როგორ ზიარდება მათი ინფორმაცია რეკლამის დამკვეთთათვის. არაფერი იცვლება ამ განახლებებით – ჩვენ ვეხმარებით რეკლამის დამკვეთებს, გავიდნენ სასურველ აუდიტორიაზე, რელევანტური რეკლამებით, თქვენი ვინაობის გამხელის გარეშე.

მეტი კონტროლი რეკლამებზე:

ჩვენ ზოგიერთი მომხმარებლისგან გვსმენია, რომ რთულია აკონტროლო, რა ტიპის რეკლამებს ხედავ, თუ იყენებ რამდენიმე მოწყობილებას და ბრაუზერს. ადრე, თუ გამორთავდით გარკვეული ტიპის რეკლამებს თქვენი ნოუთბუკიდან, ეს არ იმოქმედებდა თქვენს მობილურზე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი იყენებს ერთზე მეტ ტელეფონს, ტაბლეტს, ან ბრაუზერს „ფეისბუკზე“ შესასვლელად. ამიტომ უფრო მარტივი იქნება ერთი არჩევანის გაკეთება, რომელიც ყველა მოწყობილებაზე იმოქმედებს.

როდესაც უარს ამბობთ გარკვეული ტიპის რეკლამების ნახვაზე, ეს არჩევანი იმოქმედებს ყველა მოწყობილებაზე, რომელსაც „ფეისბუკში“ შესასვლელად იყენებთ. ასევე, ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით რეკლამის რედაქტირების შესაძლებლობას დამატებით ქვეყნებში. ესენია: ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს განახლებები გააუმჯობესებს თქვენს გამოცდილებას. მომხმარებელთა ინფორმაციის, ეფექტიანი პირადი ინფორმაციის დაცვისა და კონტროლის უზრუნველყოფა არის ჩვენს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გვწამს, რომ ეს განცხადებებიც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

© facebook
© facebook

“ფეისბუკმა” პირობების განახლების გადაწყვეტილება იმ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად მიიღო, რომლებიც დეტალურად ითხოვდნენ იმის ახსნას, თუ როგორ იღებს და იყენებს სოციალურ ქსელი მათ პერსონალურ ინფორმაციას. “ფეისბუკის” კონფიდენციალურობის დაცვის ოფიცერი იმედოვნებს, რომ პირობების განახლება დაეხმარება დაინტერესებულ ადამიანებს, უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს სოციალური ქსელი და როგორ უნდა აკონტროლონ მათი ინფორმაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი დიასამიძე