ტექნოლოგიები

რესპუბლიკა ბანკი Youtube-ზე მოქალაქის პერსონალური მონაცემის გავრცელების ფაქტს სწავლობს

13 ივნისი, 2014 • • 1371
რესპუბლიკა ბანკი Youtube-ზე მოქალაქის პერსონალური მონაცემის გავრცელების ფაქტს სწავლობს

სოციალურ ქსელში ატვირთულია რამდენიმეწუთიანი აუდიოჩანაწერი, რომლის ერთ-ერთი მოსაუბრე მოქალაქეს ურეკავს და ეუბნება, რომ რესპუბლიკა ბანკის თანამშრომელია და მის ოჯახის წევრთან სურს გასაუბრება. ასეხელებს პირის სახელსა და გვარსაც. ნეტგაზეთის შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა მსგავსი ტიპის ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელებული ე.წ. “სატელეფონო პრიკოლების” ჟანრში, ბანკმა ასე უპასუხა:

 

“კლიენტის პერსონალური ინფორმაციის დაცულობა ბანკ „რესპუბლიკის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აღნიშნული საკითხი მკაცრად რეგულირდება, როგორც ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმებით, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, ისე ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ ინსტრუქციებით. ბანკი „რესპუბლიკა“ ზრუნავს თავისი მომხმარებლის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე, რისთვისაც სისტემატურად ანახლებს და ნერგავს კლიენტთა პერსონალური ინფორმაციის დაცვის მექანიზმებს და მუდმივად აკონტროლებს მათ შესრულებას. სოციალურ ქსელ YouTube-ზე ატვირთული ჩანაწერი არ არის ბანკ “რესპუბლიკის” მიერ გავრცელებული, შესაბამისად, არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილად ბანკის ცხელი ხაზის ოპერატორსა და კლიენტის დედას შორის შედგა. ბანკის შესაბამის დეპარტამენტებს დაევალათ ჩანაწერის ნამდვილობის და მათი გავრცელების ფორმების დეტალური შესწავლა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ჩანაწერის ნამდვილობა, აუცილებლად დადგინდება, თუ ვინ გაავრცელა აღნიშნული მასალა. ბანკის თანამშრომლის ბრალეულობის აღმოჩენის შემთხვევაში, ყველა იმ ქმედების მიმართ, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ეჭვქვეშ დააყენებს კლიენტის უსაფრთხოებას, ბანკი გაატარებს უმკაცრეს ზომებს, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, კლიენტის პერსონალური ინფორმაციის დაცვა ბანკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რასაც მოწმობს ლოიალურ კლიენტთა მზარდი რაოდენობა”, – ნათქვამია საპასუხი წერილში, რომელიც ნეტგაზეთმა რესპუბლიკა ბანკისაგან მიიღო.

 

კომპანიების ქოლცენტრებში განხორციელებული ზარების ჩანაწერების სოციალურ ქსელებში გავრცელების თაობაზე, რაც საქართველოს კანონმდებლობით პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევაა, ნეტგაზეთმა სტატია გუშინ, 12 ივნისს გამოაქვეყნა. ნეტგაზეთთან საუბრის შემდეგ ამ საკითხს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორიც გამოეხმაურა:

 

“გახშირდა ინტერნეტ-სივრცეში კომპანიების „ქოლ-ცენტრში“ განხორციელებული ზარების აუდიო-ჩანაწერების გავრცელება. ჩანაწერთა უმრავლესობა გასართობი მიზნითაა გასაჯაროებული და ხშირ შემთხვევაში მოქალაქეთა სრული იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

 

ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას სატელეფონო საუბრის ჩაწერა და ამ გზით პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს მკაფიოდ განსაზღვრულ კანონიერ მიზანს, ხორციელდებოდეს სამართლიანად, კანონიერად და არ უნდა ლახავდეს მოქალაქეთა ღირსებას.

ორგანიზაცია, რომელიც სატელეფონო საუბარს იწერს სერვისის გაუმჯობესების ან სხვა ლეგიტიმური მიზნით, ვალდებულია დაიცვას პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და მიიღოს ყველა ზომა მათი უკანონო გავრცელების თავიდან ასაცილებლად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს ყველა ორგანიზაციას: მიიღონ სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები ჩანაწერების უსაფრთხო შენახვისა და უკანონო გავრცელების თავიდან ასაცილებლად; გაამკაცრონ შიდა კონტროლი თანამშრომელთა მიერ ჩანაწერებზე წვდომასა და არამიზნობრივ გამოყენებაზე; მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მათ მომსახურებასთან დაკავშირებული, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ჩანაწერების წასაშლელად, თუ არ არსებობს ჩანაწერის გავრცელებაზე მოქალაქის თანხმობა და ჩანაწერი იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას. ჩანაწერებში იდენტიფიცირებული პირების უფლებების დასაცავად ინსპექტორი თხოვს ინტერნეტ-მომხმარებლებს, თავი შეიკავონ მსგავსი ჩანაწერების შემდგომი ტირაჟირებისაგან.

 

მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ აუდიოჩანაწერების გავრცელებით მათი უფლებები შეილახა, შეუძლიათ დაუკავშირდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს”.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი