ტექნოლოგიები

“წყალი გამოუშვით ფარჩაკებო” – ფეისბუქ კამპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წინააღმდეგ

13 სექტემბერი, 2013 •
“წყალი გამოუშვით ფარჩაკებო” – ფეისბუქ კამპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წინააღმდეგ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გვერდი იმიტომ გავაკეთეთ, რომ უკმაყოფილო ვართ ამ კომპანიის მუშაობით”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ფეისბუქის გვერდ “GWP – Georgian Water and Power”-ის ადმინისტრატორი. ეს გვერდი მან 2012 წლის 22 ოქტომბერს შექმნა.


– “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გაცნონებთ, რომ წყალი მარტო დასალევად არ გამოიყენება, ის ასევე შეგიძლიათ მოიხმაროთ დასაბანად, თვეში ერთხელ მაინც. გმადლობთ ყურადღებისთვის”;

– “აქცია: თუ თქვენი ახლობელი ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის, ჩვენ შეგვიძლია მოვამარაგოთ 100 ლიტრი წყლით უფასოდ… დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ მთავარ ოფისში”;

– “ცხელმა ხაზმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, რადგან აღარ აქვთ თქვენი გინების მოსმენის თავი”;

– “დღეს ჩვენი დირექტორი ღუდუშაურის კლინიკაში აცრილი იქნა თქვენს გინებებზე, ამიტომ დღეიდან არანაირ გინებას დირექტორის მიმართ აზრი აღარ ექნება”;

ეს არასრული ჩამონათვალია იმ “სიახლეებისა”, რომელიც GWP – Georgian Water and Power-ზე პერიოდულად ქვეყნდება. მიუხედავად ასეთი კონტენტისა, მომხმარებლების ნაწილს ის თბილისის წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალური გვერდი ჰგონია.

ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვას – “სერიოზულ კომპანიას ასეთი არასერიოზული გვერდი რატომ აქვს?” – გვერდის ადმინისტრატორი პასუხობს: – “გეშლებათ, ეს არასერიოზულ და უპასუხისმგებლო კომპანიას აქვს სერიოზული გვერდი”.

გვერდის ადმინიტრატორი, რომელსაც არ სურს საკუთარი ვინაობას გამხელა, აცხადებს, რომ მათი პოპულარობა (გვერდი უკვე 12 ათასამდე ადამიანს მოსწონს) არ ნიშნავს იმას, რომ ასეთივე კეთილგანწყობასა და მოწონებას იმსახურებს თბილისის წყლით მომარაგების კომპანია. როგორ ირკვევა, კომპანიის მიმართ ხშირად უხამსი ხუმრობების მიუხედავადაც კი, ყალბი გვერდის ადმინს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერის” ოფიციალური წარმომადგენლები არასოდეს დაკავშირებიან რაიმე სახის პრეტენზიით.


კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ყალბი გვერდი მათ უფლებებს ლახავს, თუმცა აცხადებენ, რომ ამაზე რეაგირების ბერკეტი არ გააჩნიათ:

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ კომპანიის უფლებები ირღვევა და ზიანი ადგება მის იმიჯს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახდენთ სიტუაციაზე ზემოქმედებას, რადგან Facebook-ის მართვა ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის იურისდიქცია არ მოქმედებს. სწორედ ამით სარგებლობს ჩვენთვის უცნობი  პიროვნება და ადმინისტრირებას უწევს არაოფიციალურ გვერდს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვერ ახდენს არაოფიციალური გვერდის მართვას, არ გააჩნია არანაირი ბერკეტი მსგავსი გვერდების გასაუქმებლად და, შესაბამისად, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მათ შინაარსზე”, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია “დღევანდელ დღეს” სოციალურ ქსელებში აქტიურობა და სწორედ ამიტომ 5 სექტემბერს კომპანია facebook–ზე ოფიციალურად დარეგისტრირდა სახელით Georgian Water and Power – GWP LTD Official:

“დღევანდელ დღეს, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ინტერნეტი ინფორმაციის მიღების პირველწყარო ხდება. აქედან გამომდინარე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაცია თვლის, რომ ფეისბუქის გვერდის გააქტიურება მნიშნველოვანია კომუნალური ტიპის ორგანიზაციისთვის, რათა მომხმარებელმა ოპერატიულად შეიტყოს ინფორმაცია ავარიული დაზიანებებისა და წყლის შეწყვეტის თაობაზე, აგრეთვე, გაეცნოს მიმდინარე სიახლეებს კომპანიის შესახებ და საინტერესო ფაქტებს სასამელი წყლის თემატიკაზე”, – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი