ამ დასკვნამდე ამერიკელი ფსიქოლოგები მივიდნენ, რომლებმაც შესაბამისი კვლევა ჩაატარეს და სტატია სამეცნიერო ჟურნალში: Proceedings of the National Academy of Sciences გამოაქვეყნეს.
ჯონ კაჩოპოს განცხადებით, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში მუშაობს, მეცნიერთა ჯგუფმა გაანალიზა ამერიკული ოჯახების ქორწინებისა და გაყრის ისტორიები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მათ ონლაინ–გაცნობის ერთ–ერთმა უმსხვილესმა კომპანია eHarmony–მ მიაწოდა. თუმცა, მეცნიერების მტკიცებით, კომპანიას კვლევის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და მონაცემები ამერიკის მედიცინის ასოციაციის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გადაამოწმეს.
საერთო ჯამში, კვლევის ფარგლებში ფსიქოლოგებმა 19 ათასი ამერიკელი მეოჯახის მონაცემები გადაამოწმეს, რომელთაგან თითქმის ნახევარმა (45%) მეორე ნახევარი ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. მათი თქმით, კულტურული რესურსით და ადამიანების კეთილდღეობის დონით ამ ორი ჯგუფის მონაცემები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვადებოდა, “ონლაინ” ოჯახებში ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები უფრო სჭარბობდნენ.
კვლევის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ამერიკაში ის ოჯახები, რომლებმაც ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, ნაკლებად ხშირად (26 პროცენტით) ინგრევა, ვიდრე ჩვეულებრივი ოჯახები. გარდა ამისა, კვლევის ავტორი, ფსიქოლოგების მტკიცებით, ამერიკაში ვირტუალურად გაცნობილი უფრო მეტი ოჯახი გრძნობს თავს ბედნიერად, ვიდრე არავირტუალური წესით გაცნობილი ოჯახი.
ამერიკელი მეცნიერების აზრით, ვირტუალური გზით დაწყებული ურთიერთობების წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ონლაიან–რეჟიმში ურთიერთობისას შეხვედრამდე ერთმანეთს საკუთარი თავის შესახებ ბევრ ცნობებს უზიარებენ, რაც შემდგომში მათ უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ოჯახური ცხოვრების წარმატება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მეუღლეების პირველი შეხვედრის ადგილი და ხასიათი მხოლოდ ერთ–ერთ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც მომავალ ოჯახურ ცხოვრებაზე კვალს ყოველთვის არ ტოვებს.