ტექნოლოგიები

ფეისბუკი ყალბი ამბების წინააღმდეგ

14 სექტემბერი, 2017 • 3877
ფეისბუკი ყალბი ამბების წინააღმდეგ

ტერმინმა „ყალბი ახალი ამბები“ ან „ცრუ ახალი ამბები“ (Fake News) და მისმა შინაარსმა მეორე თუ მერამდენე სუნთქვა მას მერე შეიძინა, რაც დონალდ ტრამპის მრჩეველმა, რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის სტრეტეგმა კელიენ კონუეიმ 45–ე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მესამე დღეს განაცხადა, რომ თურმე „ალტერნატიული ფაქტებიც“ არსებობს. მრჩეველი ამ ტერმინით შეეცადა დაეცვა თეთრი სახლის მაშინდელი პრესმდივანი შონ სპაისერი, რომელმაც ტრამპის ქვეყნის მთავარ მენეჯერად კურთხევის ცერემონიაზე დამსწრეთა რაოდენობის თაობაზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. კონუეის ამ „აღმოჩენას“ ამერიკული ტელეარხის NBC-ის ჟურნალისტმა ჩაკ ტოდმა  ასე უპასუხა: „ალტრენატიული ფაქტი არაა ფაქტი. ის სიცრუეა.“

„ყალბი ახალი ამბები“ ყვითელი პრესისა და პროპაგანდის ნაირსახეობაა, რომელიც წინასწარდაგეგმილი დეზინფორმაციისა და მისტიფიკაციისგან შედგება და რომელიც ვრცელდება როგორც ტრადიციული სამაუწყებლო, ასევე ახალი ამბების სხვა არხებით –  ინტერნეტით, სოციალური მედიით, რეკლამით (მათ შორის, პოლიტიკურით). ანალიტიკოსების აზრით, ყალბი ამბების გასავრცელებლად სოციალური მედია  ყველაზე უფრო ხელსაყრელი საშუალებაა.

ყალბი ახალი ამბები ვრცელდება სატირით ან პაროდიით; სტატიების ცრუ სათაურებითა და ფოტოებით; ნახევრად ყალბი თუ სრულად ყალბი შინაარსის სტატიებით; ყალბი წყაროების მოშველიებითა და ათასგვარი მანიპულაციური ხერხებით. ეს ტვინის რეცხვის ნაცადი საშუალებაა და მისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ტოტალიტარული რეჟიმების მედიასერვისებია.

მედიაინსტიტუციები, მედიაეთიკაზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად აქვეყნებენ რჩევებს, თუ როგორ უნდა დაიზღვიოს ჩვეულებრივმა  ადამიანმა თავი დეზინფორმაციისგან, მაგრამ თითოეული ინფორმაციის სიღრმისეულ გადამოწმებას ბევრი დრო და ენერგია, რესურსი მიაქვს. ინფორმაციის საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის ეს, ფაქტობრივად, შეუსრულებელ ამოცანად გადაიქცევა.

სმარტფონებმა სოციალური მედიის მოქნილობა გააათმაგა. აიფონით არა მარტო ტექსტური შეტყობინებით, არამედ ფოტო-ვიდეოგადაღებითაც წამიერად შესაძლებელია არა მარტო წმინდა საინფორმაციო ნარატივის გავრცელება, არამედ აშკარად ტენდენციური კონტენტის სისტემაში სინათლის სიჩქარის მსგავსი მობილურობით ჩაშვება. კონტენტის, რომლის კონტექსტი, სურვილის შესაბამისად, ადვილად კონსტრუირებადია, თუნდაც ფოტოშოპით ანდა უფრო სხვა, რთული ტექნოლოგიებით. დღეისათვის სულ უფრო და უფრო მეტად სწორედ ფინანსური/პოლიტიკური მოგება/გათვლა ხდება კიბერსივრცეში დეზინფორმაციის ჭავლების გამოყენების მოტივი და ამ  Pulp Fiction –ის იდეალურ ავტოგადამზიდად სწორედ ფეისბუკი, ტვიტერი  და სხვა სოცქსელები გვევლინება.

საერთაშორისო მედიაექსპერტები ასევე აღნიშნავენ რუსული ყალბი ახალი ამბების არა მარტო შეუზღუდავ ფინანსურ შესაძლებლობებს, არამედ – მაღალ პროფესიონალიზმსაც. Computational Propaganda Project -ის (გამოთვლადი პროპაგანდის პროექტი) ლონდონელმა მკვლევრებმა კი რუსულ ნიუსებს განსაკუთრებული კატეგორია მიანიჭეს და აღნიშნეს, რომ „რუსული ტელევიზიის“, RT –სა და „სპუტნიკის“ (ევროპასა და აზიაში რამდენიმე ათეულ ენაზე მუშაობს), შესაძლებლობები, ფაქტობრივად, „მოწოდების  ტოპსიმაღლეზეა“.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მარკ ცუკერბერგი თავის კორპორაციასთან – Facebook, Inc, – ერთად იწყებს Software–ს შემუშავებას, რომლის მიზანია როგორც ყალბი ახალი ამბების აღმოჩენა, ასევე, დეზინფორმაციის წინააღმდეგ „იმუნური სისტემის“ მობილიზება და ამოქმედება. ფეისბუკის გამგეობამ განაცხადა, რომ სპეციალური განახლებული ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია პოტენციური ყალბი ინფორმაციის დიდი მოცულობის გაშიფვრა, რომლის თანახმადაც, ფეისბუკს და სხვა სოციალურ მედიას შეეძლება პრაქტიკულად გადახედოს „ნიუსის“ წარმომავლობას. ასევე- მიუთითოს მასთან დაკავშირებული ბმულები, რომლებიც სანდო წყაროს ეფუძნება. შესაბამისი სტატიები ბმულებში ამა თუ იმ ფაქტის/ახალი ამბის კრიტიკას ანდა კონტექსტუალიზაციას უნდა შეიცავდეს, რითაც ამ ამბის ჭეშმარიტი არსებობა უნდა დადასტურდეს. ამერიკული მედიაკორპორაციების გარდა სოცმედიისა და ნეტვორკინგის დაცვის სისტემების შექმნას ევროპაშიც ცდილობენ, განსაკუთრებით ეს საკითხი არჩევნებზე ზემოქმედების სოცმედიური მანიპუალაციებისა და სიძულვილის ენის გავრცელების გამო გახდა აქტუალური.

ფოტო: The eMag

ფეისბუკისთვისაც ამგვარი ტექნოლოგიის შექმნის ტრიგერი 2016-ში ცუკერბერგის თავსდატეხილი კრიტიკა გახლდათ, როცა მოქალაქეები ფეისბუკის მამას ამა თუ იმ საპრეზინდენტო კანდიდატის სასარგებლოდ დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებდნენ ბრალს. განახლებული ტექნოლოგიური ალგორითმის გარდა ფეისბუკი ასევე აპირებს  სხვა საინფორმაციო რესურსების გამოყენებასაც. მაგალითად, ისეთის, როგორიცაა Snopes, ABC News და სხვა „ფაქტჩეკერები“ (სულ 42 ორგანიზაცია). „ფაქტჩეკერების“ დიდი ქსელი, რომელსაც თავისი ეთიკის კოდექსი აქვს, იმართება Poynter Institute for Media Studies –ის (1975) მიერ, რომელიც აშშ–ში პროფესიონალური ჟურნალისტიკის ყველაზე ავტორიტეტიან ინსტიტუციად მოიაზრება. როგორც კი „ფაქტჩეკერი“ აღმოაჩენს ნიუსის სიყალბეს, ფეისბუკი ამ „სუბსტანციას“ მარკირებას უკეთებს და ამ წყაროს/ ნიუსის რეიტინგს ოპერატიულად აქვეითებს, ანდა „ასაფლავებს“.

ფეისბუკმა უკვე გააფორმა თანამშრომლობის კონტრაქტი ხუთ „ფაქტჩეკერთან“: Snopes, Factcheck.org, ABC News, PolitiFact და Associated Press. ფეისბუკმა მათ მისცა ფეისბუკის ინსტრუმენტალური მისაწვდომობის გასაღები, რათა მათ დაიწყონ ყალბი ნიუსების მარკირება. აქვე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი რამ. ფაქტჩეკერი ორგანიზაციები ამ საქმინობიდან ხელფასს არ აიღებენ.  გარდა ამისა, ფეისბუკის მომხმარებელს ექნება იმის საშუალება, რომ თავად მონიშნოს ყალბი ნიუსი და, ასე ვთქვათ, დაარეპორტოს. აკრძალვები შეეხება ასევე რეკლამასაც. წყაროებს, რომლებიც ყალბი ნიუსების გამავრცელებლები იქნებიან, ფეიქბუკზე რეკლამის განთავსების უფლება არ მიეცემათ.

21741454_10214106862853518_1079037077_n

21741746_10214106861093474_727000189_n

ფეისბუკი ასევე ბრძოლას უცხადებს ყალბი დომეინის მქონე საიტებს ( მაგალითად, www. washingtonpost.co და ა.შ), ასევე ქმნის ინდიკატორს, რომელიც ოპერატიულად გაანალიზებს ფეისბუკზე დაშეარების „მოვლენას“ – ანუ ფეისბუკი გაიგებს, ადამიანმა მხოლოდ სათაური წაიკითხა და ისე გააზიარა ბმული, თუ დააწკაპა და კონტენტიც წაიკითხა. სპეციალისტები ასევე მუშაობენ ტექნოლოგიურ „ილეთზე“, რომელიც შეამცირებს ყალბი დომეინებისა და ზოგადად საიტიების  შექმნის ფინანსურ სტიმულს.

მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ფეისბუკი არაა ახალი ამბების სააგენტო, არამედ არის მხოლოდ პლატფორმა ახალი ამბების გასავრცელებლად, მისი კორპორაცია მაინც იღებს  პასუხისმგებლობას გავრცელებული ინფორმაციის ხარისხსა და ეთიკურობაზე და იმასაც აცნობიერებს, რომ ახალი ამბების „გადამზიდავობა“ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიის სტატუსის/იმიჯის ქონა.

ცხადია, რომ ყალბი ახალი ამბების ეპიდემია  სულ უფრო მეტად ხდება გლობალური პრობლემა და რაც უფრო მეტად იხვეწება ტექნოლოგიები, მით უფრო კრეატიული ხდება დეზინფორმაციის გამავრცელებლების სტრატეგია. შესაბამისად, ამგვარი უერთიერთდამოკიდებული რბოლა თანამედროვე ტექნოლოგიებს კიდევ უფრო ხარისხიანი და დაცული ინოვაციების შემუშავებისკენ უბიძგებს.

ცოტა რამ „ყალბი ახალი ამბების“ გავრცელების ისტორიიდან

 

ყალბი ახალი ამბების ისტორია, ალბათ, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, გამოივლის ქრისტეშობას, შუა საუკუნეებს, განმანათლებლობის პერიოდს, მეორე მსოფლიო ომსა და ინტერნეტის გამოგონებას. რუსეთში „ნიუ იორკ თამსის“ კორესპონდენტის, უოლტერ დურანტის მასალები სსრკ-ის განსხეულებული სამოთხედ წარმოდგენამ – წმინდა წყლის „სიცრუის მადანის“” სტატიების სერიამ პულიტცერის პრემიაც კი დაიმსახურა. არადა, ეს სანაქებო “სამოთხე“ რეალურად გულაგისა და „გოლოდომორის“ სინონიმი იყო.

გარკვეული ტიპის მედიისთვის, რომლის წმინდა ძროხაა „ექსკლუზიურობა“ და „რეიტინგულობა”, კონკურენტუნარიანობის კრიტერიუმი მხოლოდ „ახალი ამბის“/ჭორის თვალის მოკვრა/ატაცებაა და არა – ფაქტების გადამოწმებაზე რესურსის ხარჯვა. ამის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია 1800 წლის ამერიკული არჩევნები, როცა ფედერალისტების გაზეთები ამომრჩეველს მიზანმიმართულად აბნევდა და წერდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი თომას ჯეფერსონი გარდაიცვალა. არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა გემი „ტიტანიკის“ ჩაძირვა/არჩაძირვისა და მგზავრების გადარჩენა/არდგადარჩენის შესახებაც.

გაზეთი Albany Gazette, 1800 წ.

გაზეთი Albany Gazette, 1800 წ.

 

გაზეთი Cincinnati Commercial Tribune, 1890 წ.

გაზეთი Cincinnati Commercial Tribune, 1890 წ.

 

გაზეთი St. Louis Post-Dispatch. 1904 წ.

გაზეთი St. Louis Post-Dispatch. 1904 წ.

1916-ში აშშ–ის კონგრესმა „ყალბი ახალი ამბების“ ზღვრული საშიშროების შესაბამისი კანონპროექტი განიხილა, რომელიც აშშ–ის საგარეო პოლიტიკის სფეროში ყალბი ახალი ამბების/პუბლიკაციების გავრცელებას კრძალავდა. დღეისათვის კი მსოფლიო ამგვარი რეალობის წინაშე დგას: ხელისუფლების ყველა შტო და, ცხადია, ამომრჩეველიცა და არაამომრჩეველიც ცხადად უნდა აცნობიერებდეს დეზინფორმაციის უნარს, ზიანი მიაყენოს არა მარტო რეალურ სამყაროზე არასრულწლოვნთა თუ სრულწლოვანთა წარმოდგენებს, არამედ – ქვეყნის, თითოეული მოქალაქის, ასე ვთქვათ, ფიზიკურ უსაფრთხოებას, მის სიცოცხლესა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

მთავარი ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/RITCHIE B. TONGO
______________________________

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი