ტექნოლოგიები

ქართული პოლიტიკა facebook–ით

18 აპრილი, 2013 • 1421
ქართული პოლიტიკა facebook–ით

ზოგადად, ეპისტოლარული ჟანრის პოპულარიზაცია ქართულ პოლიტიკაში დღევანდელ პრემიერ-მინისტრს შეიძლება თამამად დაუკავშირდეს. სწორედ წერილობითი ფორმით ამცნო საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 4 ოქტომბერს მისი პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილების თაობაზე. მოგვიანებით შეიქმნა მისი ოფიციალური გვერდი “ფეისბუქზე”, სადაც დღემდე ყველა მისი განცხადება ქვეყნდება.

 

facebook officials
facebook officials

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების მიერ სოციალური ქსელების გამოყენებაში ცუდი არაფერია, თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში facebook–მა მედიასაშუალებების ფუნქცია შეითავსა:


“ადრე ხშირად გვესმოდა კრიტიკა, შეიძლება თუ არა ოფიციალური პირი მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებდეს ყოველთვის მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ არხზე ან კონკრეტულ მედიასაშუალებასთან. ახლა ამ ექსკლუზივის გავრცელების უფლება მოიპოვა facebook-მა. საზღვარგარეთ მედიასაშუალებები თავს არ ზოგავენ, რომ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვონ და მათზე საავტორო უფლება შეინარჩუნონ, ჩვენთან ეს უფლება მხოლოდ facebook-მა არ უნდა შეითავსოს. ჩვენ ეფექტურად ვიყენებთ ფეისბუქს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ინფორმაციის მომენტალური გავრცელების საშუალება”, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

 

ფეისბუქის ოფიციალური გვერდი საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკოსს და თანამდებობის პირს აქვს, თუმცა ბოლო დროს ამ ქსელის მომხარებლებს შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლესაც, მათი ახლობლების თქმით, ამ ქსელში საკუთარი “ექაუნთები” (ანგარიშები) არასდროს ჰქონიათ. მათ შორისაა კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, რომლის სახელითაც ამ კვირის დასაწყიში სკანდალური, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მაკომპრომატირებელი განაცხადება გამოქვეყნდა.

 

დღემდე სადავოა, არის თუ არა ნამდვილად დათა ახალაია ამ განცხადების ავტორი? – მისი ოჯახის წევრები ამ საკითხზე განმარტებებს არ აკეთებენ, ახლობლების ნაწილი ამბობს, რომ ახალაიას ეს არ დაუწერია, მეორე ნაწილი და ადვოკატი კი ამბობს, რომ განცხადების ავტორი ნამდვილად კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც ამ დროისთვის იძებნება.

 

დათა ახალაიას წერილის შემდეგ “ფეისბუქში” ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახელით გაკეთებული არანაკლებ სკნადალური განცხადებები. 

 

მაგალითად, გიორგი უდესიანის სახელით გავრცელდა ცნობა, რომ მას დავალებული აქვს დათა ახალაიასაგან და ვანო მერაბიშვილისაგან 19 აპრილს თბილისში დანიშნული მიტინგის დროს პროვოკაციის, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა. “ფეისბუქზე” ერთდროულად რამდენიმე ზურაბ ადეიშვილი გამოჩნდა სხვადასხვა განცხადებებით.

 

გავრცელებული განცხადებები მედიასაშუალებების დიდმა ნაწილმა აიტაცა; გაჩნდა ისეთი სტატიები, როგორიცაა – ზურაბ ადეიშვილი – მინდა ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა საქართველოში,  მეგი – მეგის ქარდავა ქალია? 19 აპრილის აქციაზე ტერაქტს ელოდებიან?! და სხვა.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე გიორგი მგელაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ facebook-ზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება და ფაქტად გასაღება მედიასაშუალებების მხრიდან დაუშვებელია:

“თუ facebook-ზე გავრცელებულ რაიმე სტატუსს ჟურნალისტი იყენებს როგორც სტატიის ნაწილს, მას უნდა მიუდგეს, როგორც სტატიაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, ანუ უნდა გადაამოწმო. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ რაკი facebook-ით გავრცელდა, ჟურნალისტმა პირდაპირ უნდა აიღოს, დააკოპიროს და გაავრცელოს. შეიძლება ასეც მოიქცეს, თუ ძალიან ცხელი და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, თუმცა ყველა ის გზა უნდა იხმაროს, რასაც ჟურნალისტური სტანდარტი გვავალდებულებს. უნდა ეცადოს ავტორთან დაკავშირებას, ნებისმიერი გზით ამ სტატუსში მოცემული ინფორმაციის გადამოწმებას და დაზუსტებას. ხოლო თუ მედიამ იმთავითვე იცის, რომ ინფორმაცია ცრუა და ყალბი, ამის ტირაჟირებას ხელი არ უნდა შეუწყოს”, – აცხადებს გიორგი მგელაძე.

 

არჩილ გამზარდიას თქმით, facebook–ის გამოყენებას თან ახლავს თავისი საფრთხეებიც:


“facebook-ზე ხდება ყალბი ანგარიშების დამზადებაც, ასევე, ოფიციალურმა პირებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ სივრცეში მათ მიერ გაკეთებული ნებისმიერი სახის განცხადება შეიძლება გასაჯაროვდეს. თუ ადამიანს ამ მხრივ მეტი დაცულობა სურს ან ცნობილი უნდა იყოს, რომ ის არ იყენებს facebook-ს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რესპონდენტმაც და მედიამაც”, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი