ტექნოლოგიები

დეპუტატები Facebook-ზე

22 იანვარი, 2013 • • 1503
დეპუტატები Facebook-ზე

არჩევნებამდე Facebook–ზე თითქმის ყველა დეპუტატობის კანდიდატს ჰქონდა საკუთარი გვერდი გახსნილი, სადაც აზიარებდნენ სხვადასხვა შეხვედრების ან დღესასწაულების დროს გადაღებულ ფოტოებს, ასევე, იმ ახალ ამბებსა და გადაცემებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ, მონაწილეობდნენ დისკუსიებში და ა.შ. თუმცა არჩევნების შემდეგ ძალიან ცოტა დეპუტატი იყენებს სოციალურ ქსელს აქტიურად.  

ერთ–ერთი მათგანია საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე, რომელიც Facebook–ის მეშვეობით ხშირად ჟურნალისტებზე ოპერატიულადაც ავრცელებს სხვადასხვა ინფორმაციას. მაგალითად, გოგა ხაჩიძემ არჩევნების შემდეგ გამართული პირველი საპარლამენტო სხდომის დაწყების წინ შენობასთან მიმდინარე აქციის ვიდეო პირველმა გაავრცელა.


პარლამენტარის განცხადებით, საჯარო პირისთვის, იქნება ეს  დეპუტატი თუ მინისტრი, მოსახერხებელია ქსელის მეშვეობით ურთიერთობა, რადგან რამდენიმე ათას ადამიანს შეგიძლია ეურთიერთო, გასცე და მიიღო ინფორმაცია:


“კითხვებს ვპასუხობ იმის გამო, რომ ხედავენ, ძალიან ვაქტიურობ, ბევრი ექსკლუზიური ინფორრმაცია მომდის ხოლმე, რაც თავისთავად კარგია,” – აცხადებს ხაჩიძე.

 

იმის მიუხედავად, რომ Facebook–ზე  მეგობრების დამატება ლიმიტირებულია (ერთ ადამინს შეუძლია 5 000 მეგობარი ჰყავდეს), ქსელი იძლევა გამოწერის საშუალებას, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული მომხმარებლის აქტივობის დანახვა ან უკუკავშირის მიღება მასთან დამეგობრების გარეშეა შესაძლებელი. ასევე, გაზიარების ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული სტატუსი ისეთმა ადამიანებმა ნახონ, რომლებიც მეგობრები არ არიან.


სოციალური ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უკუკავშირის შესაძლებლობაა. გოგა ხაჩიძეს გარკვეული შეზღუდვები აქვს და ადამიანებთან, რომლებიც ილანძღებიან, არ კონტაქტობს, თუმცა მისი განცხადებით, კრიტიკულ მოსაზრებებს მის გვერდზე შეხვდებით და ეს ასეც უნდა იყოს.

 

ხაჩიძე
ხაჩიძე

 


Facebook–ზე პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიერ დაპოსტილი მოსაზრებები ხშირად ახალი ამბების წყარო ხდება მედიისთვის:


“მაქვს განცდა, რომ ჩემი გვერდი არ არის მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის განკუთვნილი სივრცე და ვიცი, რომ ბევრი საინფორმაციო საშუალება იყენებს და ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც ჩემგან ოფიციალურ ნათქვამს და გარკვეული პასუხისმგებლობა მაგ კუთხით მაქვს, რომ არ შემიძლია ჩემთვის, უბრალოდ, დავწერო რაღაც,” – ამბობს დეპუტატი გოგა ხაჩიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.


Facebook–ს აქტიურად იყენებს საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი მარიამ საჯაიაც. მაგალითისთვის, საჯაია სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა ციხის სკანდალური კადრების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლებას:

 

 

საჯაია
საჯაია

სოციალურ ქსელს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც აქტიურად იყენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, სხვადასხვა მოვლენებს იგი Facebook–ის მეშვეობით აფასებს და დისკუსიებშიც აქტიურად ერთვება. მაგალითად, თინა ხიდაშელმა აქტიური მიმოწერა გამართა ერთ–ერთ მომხმარებელთან, თუ როგორ ხედავს ის კოაბიტაციას:

 

 

ხიდაშელი
ხიდაშელი

 

სოციალური ქსელი ამომრჩეველთან კონტაქტის შესანარჩუნებელი საშუალებაა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ელისო ჩაფიძისთვის:


“ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებთ პარლამენტის დახურულ შენობაში და გვჭირდება ინფორმაცია. მე ფეისბუქით და ინტერნეტის საშუალებით მეტ ინფორმაციას ვიღებ, მათ შორის სხდომების მიმდინარეობის დროს, ვიდრე ტელევიზიით ან გაზეთებით”.


მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელს ინფორმაციის მისაღებად აქტიურად იყენებს, ელისო ჩაფიძე დისკუსიებში არ ერთვება, რასაც დროის უქონლობით ხსნის:


“ამის დრო არ მაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ იმისთვის, რომ არ დაკარგო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ვფიქრობ, რომ ფეისბუქი უნდა გქონდეს. ტელეფონის ნომერი არ შემიცვლია და ვხუმრობდი კიდეც, რომ არ ვიცვლი ფეისბუქს, ტელეფონის ნომერს და პრინციპებს”.

საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის 147 დეპუტატია, თუმცა მათი უმრავლესობა ხალხთან ურთიერთობისთვის სოციალურ ქსელს არ იყენებს.

Facebook-ზე ფუნქციონირებს გვერდი “პარლამენტი Online”, რომელიც პარლამენტში მიმდინარე სამუშაო საათებს ისეთი კუთხით აჩვენებს, როგორითაც არ ხვდება ახალ ამბებში. თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, როგორ თათბირობენ დეპუტატები, როგორ ჩამოეძინა რომელიმე პარლამენტარს სესიისას, გვერდი აუცილებლად დაგეხმარებათ. გვერდს 3 292 მომწონებელი ჰყავს. 

პარლამენტი
პარლამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი