ტექნოლოგიები

კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კონფერენცია თბილისში

15 ნოემბერი, 2012 • 1539
კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კონფერენცია თბილისში

ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა. კონფერენციის მონაწილეებს გახსნითი სიტყვით ასევე მიმართეს: ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა გიგა შუბითიძემ, ავსტრიის ელექტრონული მმართველობის ფედერალურმა აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან რუპმა და თურქეთის პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციული განვითარების ხელმძღვანელმა არსლან ავსარბეიმ.

 

წლევანდელი კონფერენცია, რომლის დევიზია „ინფორმაციული ტექნოლოგიები მომავლისთვის“, რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს მასპინძლობს.  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებულია მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი, რომელიც განიხილავს კიბერ– უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს, წარმოადგენს წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს და გაეცნობა აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

 

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

 

„წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა.  ხუთი წლის მანძილზე ყოველი ახალი კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა.  დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს,“ – აღნიშნავს გიგა შუბითიძე, ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი.

 

კონფერენციის მე-3 სამუშაო დღე მთლიანად დაეთმობა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს. კიბერ– უსაფრთხოების შესახებ მოხსენებას გააკეთებს ამ მიმართულების მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი ურს ფიშერი.

 

„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების განვითარების გარეშე.  დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის.  სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება  ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა.  ეს პროცესი კი  მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან.  ამდენად, კონფერენციას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  ამასთანავე, როგორც ელექტრონული მმართველობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა,“ – აცხადებს ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

 

კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. წელს 15 ნომინაციაში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტია წარმოდგენილი.

 

გასულ წელებში ანალოგიურ კონკურსში არაერთი გამარჯვებული გამოვლინდა:  2011 წელს გრან-პრის მფლობელი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ელექტრონული ID ბარათების.  2010 და 2008 წლებში გრან-პრის მფლობელი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.  2009 წელს კი– საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

GITI 2012-ის მხარდამჭერია USAID-ის პროექტი ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI), ასევე,  NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა.

 

სპონსორები არიან:  HP, Microsoft, Cisco, Oracle, UGT, Orient Logic, Genus.

კონფერენციის გახსნა
კონფერენციის გახსნა

მასალების გადაბეჭდვის წესი