კომენტარიტექნოლოგიები

რას უნდა ველოდოთ წლევანდელი ინტერნეტფორუმისაგან

18 ნოემბერი, 2016 •
რას უნდა ველოდოთ წლევანდელი ინტერნეტფორუმისაგან

თბილისში რიგით მესამე ინტერნეტფორუმი (#IFTbilisi16) 2016 წლის 26 ნოემბერს გაიმართება. ფეისბუკ ქველმოქმედება, “ვირუსულობის ეფექტი”, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, კიბერუსაფრთხოება – წლევანდელი ფორუმზე მომხსენებლები ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ.

პირველი ინტერნეტფორუმი 2014 წელს, როგორც ერთ-ერთი დამაარსებელი, მირიან ჯუღელი გვიამბობს, ექსპერიმენტულად ჩატარდა, რადგან ამის გამოცდილება ორგანიზატორებს მანამდე არ ჰქონდათ. ინიციატივამ გაამართლა, ღონისძიება ბევრს მოეწონა და ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ინტერნეტფორუმი ყოველწლიურად ჩაეტარებინათ.

“მსგავსი ღონისძიებები ტარდება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სახელით, ფორმატითა და პლატფორმებით. რატომ არ უნდა გაკეთებულიყო რაიმე მსგავსი საქართველოში – ღონისძიება, სადაც ქართულ ინტერნეტსივრცეში მიმდინარე მოვლენებზე იქნებოდა დისკუსია. ადამიანები, ვინც რაიმე პროექტები განახორციელეს, სხვებს უამბობდნენ თავიანთი გამოცდილების შესახებ, მიიღებდნენ სხვებისგან რჩევებს, რეკომენდაციებს, ერთად დასახავდნენ რაიმე მიზნებს და ა.შ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას მირიან ჯუღელი.

2014 წელს უფრო მეტად აქტივისტები და ბლოგერები იყვნენ ფორუმის სპიკერები, შარშან აქცენტი ინტერნეტ-კამპანიებზე იყო (#რაგბიჩვენითამაშია, უჩას სკვერი, ა.შ), წელს კი ორგანიზატორები მეტ მრავალფეროვნებას გვპირდებიან:

#IFTbilisi16-ის ერთ-ერთი სპიკერი იქნება ოლეგ ნაუმენკო, – სტრატეგიული კომუნიკაციების კონსულტანტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს. მისი გამოსვლის თემაა – “მძიმე დრო და მძიმე ზომები: როგორ განამტკიცა უკრაინამ კომუნიკაციები და ციფრული პოზიციონირება რევოლუციისა და ომის დროს”. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, უცხოელი სპიკერები მომავალ წლებშიც მიიღებენ ფორუმში მონაწილეობას და ადგილობრივ აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას გაუცვლიან.

ინტერნეტმომხმარებლები საქართველოში ფეისბუკს უფრო მეტად სწყალობენ, ვიდრე ტვიტერს, რომელიც, შესაძლოა, ჟურნალისტებისთვის და აქტივისტებისთვის უფრო მოქნილი იყოს. ბოლო წლებმა კი აჩვენა, რომ იშვიათ შემთხვევებში კომუნიკაცია ტვიტერით უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდა ინტერნეტმომხმარებლისათვის. მაგალითად, 2015 წლის ინტერნეტფორუმის მიმდინარეობისას (#IFTbilisi15), ან 2016 წლის გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროტესტის (#აუდიტორია115, #თსუ16) ტალღისას.

2015 წლის ინტერნეტფორუმი. ფოტო: IFTbilisi, ფეისბუკის გვერდი

2015 წლის ინტერნეტფორუმი. ფოტო: IFTbilisi, ფეისბუკის გვერდი

“ინტერნეტფორუმის დღეს ხალხი დავიწყებულ პაროლს იხსენებს და ტვიტერზე შედის – ამ დღეს ძალიან ბევრი ტვიტი იწერება ხოლმე”, – გვეუბნება ფორუმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მირიან ჯუღელის დაკვირვებით, ტვიტერის გააქტიურებას “კრიზისი სჭირდება”. ჯუღელის შეფასებით, ასეთი კრიზისი და სწრაფი კომუნიკაციის საჭიროება დადგა, მაგალითად, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების დროს. ასევე, ტვიტერი აქტიურად გამოიყენეს წლევანდელ საპარლამენტრო არჩევნებზე (#gvote, #gvote16).

წლევანდელ ინტერნეტფორუმს წინ უძღოდა საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მონაცემი წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუარესდა, თუმცა ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო კვლავ თავისუფალი ქვეყანაა. რეიტინგში უკან დახევის მიზეზად სახელდება სოციალური ქსელების, ვორდპრესისა და იუტუბის დროებითი გათიშვა – იუტუბი ფარული ჩანაწერების დაფარვის საბაბით, ხოლო ვორდპრესი – ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვანი პროპაგანდისტული ბლოგის გამო დაბლოკეს.

#IFTbilisi16-ის სპიკერები, – თამარ ქალდანი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი) და გიორგი პირველი (შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი), სხვებთან ერთად, წელს პერსონალური მონაცემების დაცვასა და კიბერუსაფრთხოებაზე ისაუბრებენ.

“წლევანდელი ინტერნეტფორუმის მიმდინარეობისას მოეწყობა დისკუსია პერსონალურ მონაცემებზე – რამდენად აცნობიერებენ ადამიანები მათი პერსონალური მონაცემების არსს, რაობას (რა არის პერსონალური მონაცემები) და განსაკუთრებით – რა არის ეს მონაცემები ინტერნეტში. რამდენად ღიად გასცემენ ამ ინფორმაციას საჯაროდ, რამდენად არის დაცული ეს მონაცემები, სახელმწიფო რას აკეთებს ამისთვის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით რა კეთდება და ა.შ”, – გვეუბნება მირიან ჯუღელი.

როგორც ის ამბობს, მომხმარებლები უნებურად გასცემენ საკუთარ თავზე დიდი რაოდენობით ინფორმაციას, მაგალითად, ისევ “ფეისკბუკის” საშუალებით, სადაც იმავე ფეისბუკის საშუალებით, — აქ მითითებული გვაქვს ჩვენი სამუშაო ადგილი, ზოგჯერ სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ადგილები, სადაც ხშირად “ვჩექინდებით” და ა.შ. “შესაძლებელია, ეს ინფორმაცია მითითებული გქონდეს, მაგრამ არა საჯაროდ და მხოლოდ შენი მეგობრები ხედავდნენ. ჩვენი გადასაწყვეტია, ამ მონაცემებს რას ვუზამთ, ანუ რაღაც დონემდე ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს უსაფრთხოებას და მონაცემების ხელმისაწვდომობას”, – გვეუბნება მირიან ჯუღელი. 

წლევანდელ ინტერნეტფორუმზე “ვირუსულობის ეფექტზე” ისაუბრებს ცნობილი ქართველი რეჟისორი, ერმალო მაღრაძე. ინტერნეტფორუმი, რომელიც ფონდ “ჯუნოსა” და საქართველოს ბანკის ორგანიზატორობით ტარდება, შაბათს, 26 ნოემბერს, 12 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. სესიები დაიწყება ეკა ოძელაშვილის პრეზენტაციით, რომელიც DINO Photography-ზე ისაუბრებს. ამის შემდეგ პერსონალური მონაცემების დაცვაზე გაიმართება დისკუსია. შემდეგი მომხსენებლები იქნებიან გაგა დარასელია, რომელიც “რედბერიზე” (Redberry) ისაუბრებს, ნათია ნინიკელაშვილი — “სოფლიდან” (Soplidan.ge), ვაკო ქვაჩახია — ჯეოსელი, ნიკა გუჯეჯიანი (www.26maisi.ge), ნიკა ბოლქვაძე —  Socialsharks, ფეისბუქ ქველმოქმედება – აკა სინჯიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი