ტექნოლოგიები

ვიდეო ივანიშვილის საოჯახო არქივიდან

25 აპრილი, 2012 •
ვიდეო ივანიშვილის საოჯახო არქივიდან

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ვიდეო, რომელიც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა და რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გართობის სცენებია ასახული, ივანიშვილის საოჯახო არქივიდანაა მოპარული.

“სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობის დროს, განხორციელდა კიბერ-შეტევა, რის შედეგადაც მათი კუთვნილი კომპიუტერიდან მოპარულ იქნა საოჯახო ვიდეო-არქივი”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

პრესსამსახურის ცნობით, ვიდეო, რომელიც თავდაპირველად ინტერნეტტელევიზია ITV.GE-მ გაავრცელა, 1998 წლის 14 სექტემბერს გადაღებული ვიდეოჩანაწერის მცირე ნაწილია, დამონტაჟებული სახით:

“ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რასაც დარწმუნებულნი ვართ, ქართული საზოგადოება თვითონ გასცემს საკადრის პასუხს”, – აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურში და საზოგადოებას ამ ვიდეომასალის სრულ ვერსიას სთავაზობენ.

“ასეთი საქციელით მიხეილ სააკშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის ისეთი რამ, რასაც ჰქვია ოჯახი, პირადი ცხოვრება, პრივატული სივრცე და ა.შ. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და ის ყველაფრის მკადრებელია. ისინი მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ, რადგან არა აქვთ ამ ყველაფრის არც აღქმის და შესაბამისად არც განცდის უნარი.

ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა კრიმინალური ჯაჭვია შექმნილი ინტერნეტ-პროვაიდერების მონაწილეობით, ლოკალური და გლობალური ქსელებიდან, პირადი და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით და არის თუ არა ამის ორგანიზატორი საქართველოს ხელისუფლება”, – აცხადებენ ივანიშვილის პრეს-სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ამ მიზნით დაწყებულია გამოძიება და ისინი უკვე ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას:

“შესაძლოა სულ მალე როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, ვამცნოთ ამჯერად ნამდვილად სკანდალური ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე”, – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი