სამხრეთ კავკასიის ამბები

მინდა, რომ იცოდეთ

2 თებერვალი, 2016 • 2274
მინდა, რომ იცოდეთ

რაკი ქართულ-აფხაზური თემის ერთ-ერთ მტკივნეულ ფრაგმენტად ჩვენთვის გალელების საკითხი იქცა, საჭიროდ ვთვლიდი, პრობლემების მთელ სიმწავესთან ერთად, ქართველ მკითხველს ის ხალხიც გაეცნო, ვინც აფხაზეთში წლების განმავლობაში მათ სამოქალაქო უფლებებს იცავდა და ახლაც იცავს.

ასეთები არცთუ ცოტანი არიან აფხაზეთში. სწორედ საკითხის სიმწვავის გამო იქ ეს გაცილებით ძნელი გასაკეთებელია, ვიდრე ეროვნული უმცირესობების დაცვა საქართველოში. ენგურის გაღმაც, რასაკვირველია, ეს თემა უმეტესად არასამთავრობო ორგანიზაციების პრეროგატივად ითვლება. ყოველ შემთხვევაში, ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას სახელმწიფო სექტორზე მეტად იქაც მესამე სექტორი იღებს საკუთარ თავზე.

აფხაზეთს _ ეს აღიარებული და ბევრჯერ დადასტურებული ფაქტია _ პოსტსაბჭოთა სივრცეში ლამის ყველაზე თვალსაჩინო, გამორჩეული და დამოუკდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები აქვს. ეს თავისთავად ძალიან საინტერესო ფაქტია და სადაც ეს აღინიშნება, ალბათ, საამისო მიზეზებიც უნდა დასახელდეს. შესაძლოა, ეს მოსახლეობის სიმცირით და ამის გამო საზოგადეობაზე მესამე სექტორის მეტი გავლენით ავხსნათ, შესაძლოა, აფხაზთა დემოკრატიული ტრადიციები იყოს მიზეზი, თუმცა, არათუ ბევრი განდგომილი, სეპარატისტული რეჟიმის ფონზე, არამედ ზოგ აღიარებულ სახელმწიფოსთან შედარებითაც კი აქ ძალიან თვალშისაცემია ადამიანების დიდი მონდომება და გამართული სახელმწიფოს შენების სურვილი.

სულ სხვა ჭრილში ვაპირებდი დაწერას, მინდოდა, ისე დამეწერა, რომ ქართველ მკითხველს ეს ხალხი მოსწონებოდა, დახსომებოდა და მათ მიმართ მადლიერების გრძნობა გასჩენოდა, მაგრამ ამ დღეებში ისეთი რამ აღმოვაჩინე ( ამაში სოციალური ქსელები გვეხმარება), რაც ადრე არ შემინიშნავს ან ყურაღება არ მიმქცევია. თურმე, როცა აფხაზეთში ( აუცლებელი არ არის, აფხაზებს სურდეთ, შეიძლება, რუსულ პრესაში გაჩნდეს ,,განგაშის სიგნალი”) ვინმეს გასვრა უნდათ, ქართულ პრესაზე დაყრდნობითაც დაუწყიათ ამის გაკეთება. მაგალითად, აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის, ანუ არსებითად დამოუკიდებელი ეკლესიის, რომელიც არა მარტო ქართული, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენისაგანაც იჭერს შორს თავს, და რომელიც ქართულ მხარეს ისე არ აღიაზინებს, რამდენდაც რუსულს, ამას წინათ ქართულ საგაზეთო პუბლიკაციებზე ( ,,ასავალ-დასავალი”, ,,საქართველოს რესპუბლიკა”) დაყრდნობით დაუწყეს დევნა რუსულ პრესაში, როგორც ლამის ქართული გავლენის ქვეშ მყოფ დაჯგუფებას.

რუსული მხარიდან წამოსული ბრალდებები მხოლოდ წმინდა მიტროპოლიას არ შეჰხებია. რუსეთის ფედერაციაში ბოლო წლებში დაწყებული კამპანია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული, რასაკვირველია, აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გადასწვდა, რადგან იქაური იდელოგიური ცენტრებისთვის ეს ერთი სივრცეა, მაშასადამე, ერთი ანტიდასავლური სწორება მოეთხოვება. მესამე სექტორის პროქართულობით ,,დაღდასმა” აფხაზეთის ყველაზე რადიკალური ნაციონალისტური წრეებისთვის ახალი არ არის. ეჭვი იმას ეფუძნება, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ხვდებიან ქართველებს, ინფორმაცია კი შეხევდრების შესახებ გაუმჭვირვალეა.

ამ მხრივ ალბათ ქართული და აფხაზური მესამე სექტორი, რომელიც ერთმანეთთან დიალოგის რეჟიმში ყოფნით ცდილობს კონფლიქტის რაციონალურ კალაპოტში გადატანას, დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაშია. ერთი ნიუანსია მნიშვნელოვანი: კონფლიქტზე მომუშავე ქართული არასამთავრობოებიდან არაერთმა ფიგურამ ამჟამად სახელისუფლებო სტრუქტურებში გადაინაცვლა. ოპონენტები, რომლებიც წლების წინ მილიტარისტულ რიტორიკასთან იყვნენ ასოცირებული, ახლა მათგან მხოლოდ გამჭივრვალობას კი არა, კონკრეტულ შედეგებს და საზოგადოების წინაშე ანგარიშგებას ელოდებიან. მოთხოვნა სამართლიანია, ოღონდ სფეროა ძალიან ფაქიზი. ბევრი რამ, მაგალითად, აფხაზური მხარის დახმარება საიმისოდ, რომ მას რუსეთის წინაშე პოზიციების შენარჩუნება გაუადვილდეს, სრულიად შეუძლებელი გახდება საჯაროობის შემთხვევაში. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, ორივე მხარის არასამთავრობოებს ეჭვებისა და ბრალდებების ფონზე უწევდათ მუშაობა მთელი ამ წლების განმავლობაში.

ამ ფონზეც კი აფხაზური მხრიდან ერთი ეჭვებით აღვსილი და მოუსვენარი ავტორი დამამახსოვრდა. იზიდა ჭანია, ერთ დროს დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც ქართველებს მისგან საეჭვოდ მიჩნეულ ხალხზე იშვიათად არ ხვდება. ადრესატად მას ავირჩევ, მის პერსონაჟს ცოტათი ქართველ დაეჭვებულებთან შევაზავებ და, მართალია, გვარიანად ვირთულებ ამოცანას, რადგან ორ ეჭვიან მხარეს შორის ბალანსის დაცვის არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ იმედად და დამხმარედ სიმართლეს დავიტოვებ, რომელიც არც ერთი მხარისგან დასამალი არ არის.

ახლა ამ აღწერითი ნაწილიდან ჩემს საამბობზე გადავალ. წინასწარ ბოდიშს მოვიხვდი, რომ ,,მე” ნაცვალსახელის გამოყენება მომიწევს, რაც დიდად თავადაც არ მსიამოვნებს, რადგან გამოცდილება ჩემია და სხვისი პირით მოყოლა არ გამომივა. თხრობისას კი აფხაზ მკითხველსაც გავითვალსწინებ: იმ შემთხვევისთვის, თუკი ოდესმე ვინმე ამ პუბლიკაციის გამოყენებას ( იმ შემთხვევის მსგავსად, ზემოთ რომ მოვიტანე) აფხაზური არასამთავრობების ,,გასაშავებლად” გამოიყენებს, პასუხიც აქვე დახვდეს.
წლების წინ, მანამდეც კი, სანამ წინა ხელისუფლება თავის ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკას შეიმუშავებდა, ,,ცხელი შოკოლადისთვის” რეგიონის ამ ნაწილზე დავიწყე წერა. ბევრი რამ მე თვითონაც არ ვიცოდი, სტატიებს კვირების განმავლობაში ვწერდი და ბევრს წერისას ვსწავლობდი. აფხაზეთი კი, რომელიც ჩემი ცხოვრების სულ სხვა, უკეთესი და ნათელი ნაწილია, გადახაზული მქონდა. თუ მოკლედ მოვახერხე, მიზეზს ავხსნი. იქ მუშაობდა და ცხოვრობდა მამაჩემი, ზაფხულის სამ თვეს მაინც იქ ვატარებდით, და სწორედ მაშინ, როდესაც აფხაზების გაცნობა და შეყვარება, ჩვენი დაპირისპირების რაობაზე დაფიქრება დავიწყე, ომიც დაიწყო. მე 1992 წლის აგვისტოს ბოლოს გაგრიდან ძალით წამომიყვანეს, რადგან არ მჯეროდა, რომ საფრთხე მელოდა, არ მჯეროდა, რომ აფხაზები რაიმე ცუდს ჩაიდენდნენ. ვისაც სჯეროდა, რადგან მიხვდა, რომ ომს თავის ლოგიკა აქვს, მე გადამარჩინა, მაგრამ ისინი დაიღუპნენ, ვინც ჩემს სახლში ცხოვრობდა. დაიღუპა 23 წლის ცისია, გოგონა, რომელიც იქ ყოველ წელს მელოდებოდა. ამაში ჩემი რომელიღაც ნაწილი ვერ გაერკვია, ბუნდოვანებას გაექცა და თემას დიდი ხნით დიდი შავი ჯვარი დაესვა, იმდენად, რომ მხოლოდ რამდნიმე წლის წინ შევძელი მამაჩემის ტელეფონის, მანქანის, ბინის ნომრის გახსნება. ციფრების წაშლა ჩემი მეხსიერების პროტესტის ყველაზე მანიფესტური გამოხატულება გახდა.
2011 წელს კი სოფო ბუკიამ, ,,ლიბერალის” ჟურნალისტმა მკითხა, რატომ ვწერ მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაზე. რატომ არ ვწერ აფხაზეთზე, რომელიც, წესით, ყველაზე კარგად უნდა ვიცოდე. რამდენიმე ადამიანის დასახელება ვთხოვე, ვისთანაც გასაუბრება რამეს მომცემდა. არძინბას, ანქვაბის და ჩემი აფხაზი მეზობლების გარდა სხვა არც ერთი აფხაზის შესახებ არაფერი ვიცოდი. არ მძულდა, მაგრამ არც მაინტერესებდა.

ჩავთვალე, რომ ჩემს თავს გადავაბიჯე და სამ ადამიანს წერილი მივწერე. მანამდე სოფოს ისე უყურადღებოდ ვუსმენდი, რომ რაღაც გამომრჩა, რაღაც კი არასწორად გავიგე. ფეისბუქზე ვწერდი. ერთ-ერთი თავიდანვე მომეწონა, შემთხვევით მის კედელზე კამათს წავაწყდი, სადაც ეს ადამიანი წერდა, რომ არ შეიძლება ასე უპატივცემულოდ ქართველების მოხსენიება ( თანამოსაუბრეს აძლევდა შენიშნვას). ძალიან თამამად მივმართე, პასუხიც ძალიან თავაზიანი მივიღე და პასუხის მიწერას რომ ვაპირებდი, მისი ფოტოები დავათვალიერე და გავაცნობიერე, რომ ვესაუბრები უკეთილშობილეს ადამიანს, რომელიც ოცი წლის ასაკიდან ეტლსაა მიჯაჭვული: იმ ომში რომელიღაც ქართველის ტყვიამ ხერხემალი დაუზიანა. აქ თხრობას შევწყეტ იმიტომ, რომ შემდეგ რაღაც გაუგებრობა მოხდა.

მეორე ადამიანმა, ვისაც მივწერე, იმ ომში მამა დაკარგა. მესამე ამბავი კი ჩემთვის ყველაზე მძიმეა და მისი დანალექი დღემდე მომყვება. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ თითქმის ყველაფერი ამ ადამიანის შესახებ, ჩემი დაუინტერესებლობის გამო, მიწერ-მოწერის პროცესში კი არა, შემდეგ შევიტყვე, მისი ბლოგის და აქაური საერთო ნაცნობების მეშვეობით. მკვახე პასუხი მივიღე, მაშინ ძალიან დაკავებული ვიყავი და იმის გარკვევა, ,,ვინ გამიბედა”, რამდენიმე თვით გადავდე. ზაფხულში კი ბათალ კობახიას ბლოგის კითხვა დავიწყე.
ბათალ კობახია არის აფხაზეთის და, შესაბამისად, ალბათ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალსაჩინო არასამთავრობო ორგანიზაციის, “ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის” ერთ-ერთი დამაარსებელი, მაშინ _ აფხაზეთის პარალამეტის წევრი.

აქ ალბათ კოლექტიურ, აფხაზურ-ქართულ იზიდას უნდა მივმართო, ჯერ ქართულს: თქვენგან ალბათ თითქმის არავინ იცის, რომ1992 წლის 14 დეკემბერს აფხაზეთში, სოფელ ლატასთან ქართულმა მხარემ საევაკუაციოდ გამზადებული ადამიანებით სავსე ვერტმფრენი ჩამოაგდო. იმ დღეს დაახლოებით 85 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სულ რამდენიმე მებრძოლი იყო, დანარჩენები ბავშვები და ქალები იყვნენ. უფრო ზუსტად, 35 ბავშვი, ქალებს შორის – 8 ორსული. ბათალ კობახიას დაეღუპა და, ერთი წლის დისშვილი და დის რამდენიმე შვილიშვილი. მან თავისი ხელით დაკრძალა დაღუპულები, ოღონდ ისე, რომ არ იცოდა, ვის საფლავებს თხრიდა. ვერავინ გაბედა, შეეტყობინებინა ამბავი, რომელიც ერთი ადამიანისათვის მეტისმეტი იყო. მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება: ცოტა ხანში ოჯახმა დაღუპული დის უფროსი ვაჟიც დაკარგა ბრძოლებში, კიდევ ერთი დის ვაჟი კი ქართულ მხარეს ჩაუვარდა ხელში და ტყვეთა გაცვლის წინ მოკლული, ჯერ კიდევ თბილი დაუბრუნეს.

არც აქ არ მთავრდება ეს ამბავი. ამ ადამიანმა მაინც შეასრულა აღთქმა, რომელიც ომის წინ დადო: ისე ეომა აფხაზეთისთვის, რომ ადამიანი არ მოეკლა, ამიტომ სამედიცინო ბატალიონი შექმნა, დაჭრილები ბრძოლის ველიდან გაჰყავდა, მკურნალობდა და პატრონობდა. ამის გარდა, ტყვეთა გაცვლა-გამოცვლის პროცესს ედგა სათავეში და პაატა ზაქარეიშვილთან ერთად ასობით ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. იქ, სადაც პოზიციები ქართველებს ეკავათ, პაატას გაჰყავდა სამშვიდობოს აფხაზები, სადაც აფხაზებს _ ბათალ კობახიას. დასანანი იქნება, თუ ამაზე ცალკე დაწერას ვერ მოვახერხებ, ჯერჯერობით კი ამ ამბის შესახებ მარინა ელბაქიძის კრებულის ,,გაცვლა” პირველი მოთხრობა შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ომის დასრულების შემდეგ ეს ურთიერთობა, და ალბათ მეგობრობაც, პარტნიორობაში გადაიზარდა. ერთ-ორ წელიწადში დაარსდა ,,ჰუმანიტარულ პროგრამათა ცენტრი”, რამდენიმე წელიწადში კი ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ერთმანეთთან ჩასვლა დაიწყეს ( თუ ვინმეს აინტერესებს დინამიკა- კი, იყო ასეთი დროც, როცა ერთიც და მეორეც შესაძლებელი იყო). რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანი თბილისში მისთვის განკუთვნილ სასტუმროებში არ ჩერდებოდა, იქ მიდიოდა, სადაც მის მიერ გადარჩენილი ხალხი ეგულებოდა და სასტუმრო ,,ივერიაში” ცხოვრობდა.

ეს იყო ინფორმაცია, რომელსაც მე ეტაპობრივად ვიგებდი რამდენიმე წლის განმავლობაში დაწერილი ბლოგებიდან, და როგორ შეიძლება, რომ ეს არ ვთქვა: ახალშეტყობილი საშინელი ამბების მასშტაბების პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა ჩემი გაოცება იმ ქართველების გამო, რომლებიც ამ ადამიანის ნაწერების ქვეშ აგრესიულ, გესლიან კომენტარებს ტოვებდნენ. ქართულმა პოლიტიკამ, ახალგაზრდა ქართულმა ელიტამ, რომელთა მოსვლაც აფხაზებმა თავიდან იმედისმომცემ ამბად მიიჩნიეს, მიღწეულ მილიტარისტულ რიტორიკას შესწირა, იმ წლებში სულ ოდნავ აღდგენილ, სულის შესაბერ კონტაქტებს მძიმედ გადაუარა, მაგრამ რაც ყველაზე უარესი მგონია, ამ პროცესს ადამიანობა და ღირსება შესწირა, რისი დასტურიც იყო ქართველების აგრესია ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ოდესმე მთელი კავკასიის გმირები გახდებიან.

მე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ ვიცი. როგორც სწავლის პროცესს სჩვევია, რაც უფრო უღრმავდები რომელიმე სფეროს, მით მეტი ნაწილი აკლია მოზაიკას, მით უსუსურად გრძნობ თავს და ახლაც ვიცი, რომ უამრავი ისეთი ადამიანის ამბავს ვერ ვყვები, რომელთა სახელიც ორივე მხარის მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე კიდევ უფრო წარმოსაჩენი და დასაფასებელია. რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრჯერ მქონია თუნდაც კარგ ადამიანებთან ( აფხაზურ მხარეს ვგულისხმობ) ხანმოკლე ურთიერთობა, მაგრამ ვერასოდეს მოვახერხე ბოდიშის მოხდა, რადგან არ ვიცი, როგორ კეთდება ისეთ შემთხვევებში, როგორზეც ზემოთ საკმაოდ უნიჭოდ შევეცადე მომეყოლა. ასეთ დროს მხოლოდ იმის განცდა გიჩნდება, რომ უპატიებლად, ველურივით შეიჭერი იქ, სადაც მოუშუშებელი ჭრილობები და ტკივილი. მხოლოდ ერთი გამართლება მაქვს: ამის ცოდნა სხვებისთვისაც საჭიროა. მოსარბილებლად, ენების დასამოკლებლად და გონების ასამუშავებლად.

დაეჭვებულებს აქეთა მხრიდან მინდა მივმართო: აი, ძირითადად ამათ ხვდებოდნენ წლების განმავლობაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ერთმანეთს უგებდნენ, კამათობდნენ, ჩხუბობდნენ, მეგობრდებოდნენ, სანამ ახალგაზრდა ქართულმა ხელისუფლებამ არ გადაწყვიტა, რომ არსებობს ამ პროცესზე უფრო ღირებული და შედეგიანი გზები, რომელთათვისაც ეს ყველაფერი სულ ზედმეტი ლაი-ლაია.

დაეჭვებულმა იზიდა ჭანიამ ( ალბათ კოლექტურმა, რადგან ის ამ საქმეში მარტო არ არის), რომლის ,, ბრალი” ამ ამბების ფონზე სულ ხელში შემომადნა, ალბათ ეს უნდა იცოდეს: ისინი, ვინც ურთიერთობების ეს სკოლა გამოიარა, ვისაც წლების განმავლობაში უფიქრია აფხაზთა ბედზე, იმაზე, რაც იყო, რაც არის და რაც მათ ჯერ წინ აქვთ, სხვადსხვანაირად, სხვადასხვა ხარისხით, რა თქმა უნდა, ყველაფერს იღონებს, რომ ჩვენ შორის ეს ყველაფერი აღარ განმეორდეს. ყველას თავისი გზა აქვს, მე კი ჩემსას ვიტყვი: იმაში, რომ აფხაზებს ნამდვილად აქვთ სახელმწიფოს შენების პოტენციალი, კადრები, შესაშური სულისკვეთება და კიდევ ბევრი საჭირო რამ, სწორედ აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციებში გამობრძმედილი ადამიანების სიბრძნემ, გამბედაობამ, სულგრძელობამ, მათ მიერ გაწეულმა უზარმაზარმა შრომამ, მათმა აღზრდილმა ახალგაზრდობამ დამარწმუნა. იყო თვეები, როდესაც სოციალურ ქსელებში აფხაზური სეგმენტისათვის თვალის შესავლებად ისე შევდიოდი, როგორ ცნობისმოყვარე მოგზაური უცნობ ქალაქში, რომელიც ფეხზე წამოდგომას ლამობს, ფუსფუსებს, შრომობს და ვითარდება. ეს დაკვირვება თუ თვალთვალი აღძრავდა გრძნობას, რომელიც, როგორც ქართველს, მანამდეც უნდა მქონოდა, გულშემატკივრობის და სოლიდარობის განცდას. ეს, ისევ ვიმეორებ, იმ ხალხის წყალობით მოხდა, რომელთა დამსახურებებისაც თქვენ ეჭვით შეურაცხყოფთ. აფხაზებს საქართველოში ჰყავთ მეგობრები, რომლებიც მათ გაკვეთილებს არ დაივიწყებენ, და შესაძლოა ამაში მაშინ დარწმუნდეთ, როცა ყველაზე მეტად გაგიჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი