ნეტგაზეთი | აფხაზეთის აკვატორიაში თევზს კვლავ თურქული გემები დაიჭერენ აფხაზეთის აკვატორიაში თევზს კვლავ თურქული გემები დაიჭერენ – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთის აკვატორიაში თევზს კვლავ თურქული გემები დაიჭერენ

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის საველ ჭითანავას განცხადებით, აფხაზეთში თევზის დასაჭერად კვლავ თურქეთის გემებს გამოიყენებენ, რადგან რუსეთის გემების გამოყენება აფხაზეთის თევზსაჭერ სექტორს დააზარალებს. ინფორმაციას “აფსნიპრესი” არცელებს.

ჭითანავას თქმით, პოლიტიკური სიტუაციის გართულების გამო თურქეთის თევზსაჭერი ფლოტის ჩანაცვლება რუსეთის ფლოტით იგეგმებოდა, მაგრამ მოლაპარაკების შემდეგ თურქეთის გემების დატოვება გადაწყდა. იმდენად, რამდენადაც რუსეთის გემებს დღეში 500-600 ტონა თევზის მოპოვება შეუძლია იმის ფონზე, როცა აფხაზეთის კომბინატები დღეში 3 000 ტონა თევზს გადაამუშავებენ.

“თურქეთის გემებზე უარის თქმა თევზსაჭერ სექტორს გაანადგურებდა, ამ მიმართულებიდან კი ბიჯეტში 200 მილიონი რუბლი შევიდა გასულ წელს”,- განაცხადა ჭითანავამ.

15 დეკემბერს აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური მოტივებით თურქული გემები ვეღარ შეძლებენ შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიის ნაწილში თევზჭერას. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა 12 იანვარს სამინისტროებს  თურქეთის იურისდიქციაში არსებული ორგანიზაციების კონტროლისთვის ზომების შემუშავების დავალება მისცა. თურქეთის მიმართ სანქიცების გატარების გადაწყვეტილება აფხაზეთმა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გამო გადაწყვიტა, რადგან ხელშეკრულების თანახმად,  აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკა კოორდინირებული უნდა იყოს.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კი 24 ნოემბრის შემდეგ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდეს. თვითმფრინავს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მოწოდების მიუხედავად არ დატოვა საზღვარი. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ Су-24-ს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com