ნეტგაზეთი | აფხაზეთი თურქეთს სანქციებს უწესებს აფხაზეთი თურქეთს სანქციებს უწესებს – Netgazeti

აფხაზეთი თურქეთს სანქციებს უწესებს

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 20 იანვრამდე ყველა სამინისტრომ თურქეთის იურისდიქციაში არსებული ორგანიზაციების კონტროლისთვის ზომების უნდა შეიმუშაოს.  კონტროლზე პასუხისმგებელნი კი ვიცეპრემიერები, შამილ აძიმბა და დმირტი სერიკოვი იქნებიან. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ ხელი 11 იანვარს მოაწერა. როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, “განკარგულებას ხელი აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესრულების მიზნით მოეწერა, რომლიც აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის კოორდინირებულობას უზურუნველჰყოფს”.

განკარგულება ეხება იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც თურქეთის მოქალაქეების კონტროლის ქვეშაა. დოკუმენტის ფარგლებში აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სახელმწიფო საბაჟო კომიტეტთან ერთად, თურქეთიდან საქონლის იმპორტის შეზღუდვის დროებითი ზომის მოქმედების ვადა უნდა განსაზღვროს. ეკონომიკის სამინისტრომ ასევე უნდა მიიღოს ზომები “აფხაზეთის 2015-2017 წლის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამაში” თურქეთის მონაწილობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ 20 იანვრამდე უნდა წარადგინოს ზომები, რომელთა მიხედვითაც თურქეთის და მისი მოქალაქეების კონტროლის ქვეშ მყოფი არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი გაძლიერდება.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდეს. თვითმფრინავს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მოწოდების მიუხედავად არ დატოვა საზღვარი. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ Су-24-ს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

28 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თურქეთის წინააღმდეგ ეკნომიკური სანქციები მიიღეს. დოკუმენტი თურქეთიდან საქონლის იმპორტს და ჩარტერული რეისების აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები ასევე ეხება თურქეთის მოქალაქეების დასაქმების შეზღუდვასაც. სანქციების მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმსაც აჩერებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com