სამხრეთ კავკასიის ამბები

სჭირდებათ აფხაზებს უვიზო ევროპა?

11 იანვარი, 2016 • 1754
სჭირდებათ აფხაზებს უვიზო ევროპა?

იშვიათად ვეხები თემებს, რომლებიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს უშუალოდ უკავშირდება. აფხაზეთის შიდაპოლიტიკური ცხოვრება და მისი დამოკიდებულება “სტრატეგიულ პარტნიორთან” იმდენ სასტატიო თემას გვაძლევს, რომ სულაც არაა აუცილებელი საკუთარი “კომფორტის ზონიდან” გამოვიდეთ. თუმცა, ამჯერად ვწერ მკითხველების, უფრო სწორად, მკითხველის თხოვნით, რომელსაც სურდა გაეგო, აიღებენ თუ არა აფხაზეთის მცხოვრებლები ქართულ პასპორტებს, თუკი ეს მათ საშუალებას მისცემს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გაემგზავრონ.

“მათ ვძულვართ, ხო?”

თბილისში პირველად 2010 წელს ჩამოვედი – ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა გამეშუქებინა და ზოგადად მენახა, რით და როგორ ცხოვრობს საქართველო. ვიზიტი გაჯერებული გამოვიდა, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, ბევრი შთაბეჭდილება დავაგროვე. ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩემი პირველი შეხვედრა კოლეგებთან “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროდან. განსაკუთრებით ის მომენტი, როდესაც ქართული რედაქციის ჟურნალისტმა ხმაში საგრძნობი დანანებით აფხაზებზე მკითხა: “მათ ვძულვართ, ხო?”. ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მკითხველის კითხვა, პრაქტიკულად იმავე საკითხზეა. იმაზე, თუ რეალურად რას ფიქრობენ რიგითი აფხაზები საქართველოზე?თუმცა, თუ კოლეგის რეპლიკამ ჩემში სევდიანი ღიმილი გამოიწვია, მკითხველის კითხვამ – უფრო მიუღებლობა, რამდენადაც მას [კითხვას] ჰქონდა სრულიად ცინიკური ქვეტექსტი – შეიძლება თუ არა აფხაზების მოსყიდვა ევროპაში უვიზო ვიზიტებით?

ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს არ ვაპირებ. თუნდაც იმიტომ, რომ პასუხი, თავისი არსით, პატრიოტიზმზე, მზადყოფნაზე და ა.შ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩინოვნიკთა შესაბამისი განცხადებების გამეორება იქნებოდა. ჟურნალისტისთვის კი ჩინოვნიკებთან უნისონში საუბარი მიუღებელია. თუ პასუხი არაა ნათელი, შევეცდები განვმარტო უფრო პრაგმატული მიზეზები, რომელთა გამოც გულუბრყვილობაა ელოდე, რომ აფხაზები ქართული პასპორტებს გამოეკიდებიან.

მკურნალობაზე თვალს ხუჭავენ

“სამკურნალოდ ხომ მიემგზავრებიან საქართველოში”, – ასეთი არგუმენტი არაერთხელ მომისმენია ქართველი კოლეგებისგან. დიახ, მიდიან. სხვათა შორის, ეს ერთადერთი სადისკუსიო საკითხია აფხაზეთში საქართველოსთან დაკავშირებით, დანარჩენში – სრული კონსესუსია. საზოგადოების ნაწილი გაგებით ეკიდება, რომ ადამიანები ნებისმიერ საშუალებას იყენებენ გადაირჩინონ თავი, განსაკუთრებით, საკუთარი ახლობლები და შვილები. რა თქმა უნდა, ამას ყველა არ მიესალმება. პრობლემა ის არის, რომ ახლა ბევრმა იცის, ვინც წავიდა.

ჩემს სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერში რამდენიმე თვეა არსებობს ფაილი. მასში საქართველოში სამკურნლოდ წასული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა სავარაუდო სია შევინახე. ეს სია ფეისბუქის ერთ-ერთ დახურულ აფხაზურ ჯგუფში ანონიმურმა მომხმარებელმა განათავსა. სახელები და გვარები, საცხოვრებელი ადგილი, დიაგნოზები და კლინიკები, სადაც ისინი მკურნალობდნენ – ფაქტიურად, საყოველთაო განხილვის თემაა [ამ ჯგუფში ფეისბუქის 5 ათასზე მეტი მომხმარებელია]. გარდა ამისა, ზოგიერთი გვარის გასწვრივ ფრჩხილებში წერია: გამოხატავს მადლიერებას საქართველოს მიმართ, იმედოვნებს, რომ ქართველები და აფხაზები მომავალში ერთად იცხოვრებენ და ა.შ.

როგორ მოხვდა მსგავსი სია ანონიმთა ხელში, არ ვიცი. მისი ავთენტურობა არ შემიმოწმებია, მაგრამ თუ ეს გამოგონილი იქნებოდა, მას მალევე ამხელდნენ. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ გაჩნდა იმ ადამიანთა სია, ვინც შენგენში გამგზავრების გამო ქართული პასპორტი აიღო. მათ მიმართ დამოკიდებულება იქნება სრულიად სხვა, ეს ადამიანები მაშინვე გარიყულები გახდებიან [კანონით მათ დაუყოვნებლივ ჩამოართმევენ აფხაზეთის მოქალაქეობას]. ამიტომ, თუკი მაინც მოიძებნებიან ისინი, ვინც შენგენთან საქართველოს უვიზო რეჟიმის სიკეთეებით მოისურვებდა სარგებლობას, მათ გამოაშკარავების შიში შეაჩერებდა. ვფიქრობ, სრულიად გამართლებულად.

როგორ მოხვდეთ ევროპაში?

არსებობს სხვა არგუმენტებიც. დღეს აფხაზეთის მოქალაქეს [არა გალის რაიონის მცხოვრებს] შეუძლია ენგურის გამშვები პოსტები მხოლოდ აფხაზეთის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ნებართვით გადაკვეთოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროცედურა შეიძლება რამენაირად თავიდან აიცილო. ახალგაზრდა აფხაზები ხომ მოხვდნენ როგორღაც საფეხბურთო მატჩზე თბილისში [თუმა სკანდალი გრანდიოზული გამოვიდა]. დავუშვათ, აფხაზები ჩამოვიდნენ თბილისში [მაგალითად, ერევნის გავლით], მიიღეს პასპორტები და მერე რა? როგორ წავლენ ევროპაში? ენგურზე მათ არ შეუშვებენ, და საერთოდაც, რომელი აფხაზი გარისკავს, ჯიბეში საქართველოს პასპორტით სასაზღვრო გამშვები პუნქტი გადაკვეთოს. თუ რუსეთის გავლით, მაშინ რუსი მესაზღვრე მაშინვე მოსთხოვს მას ვიზას ან გამგზავრების სხვა საფუძველს. მას მოუწევს ქართული პასპორტის ჩვენება. ამასთან, აფხაზების უმრავლესობას აქვს რუსული პასპორტი. შესაბამისად, შესაძლოა დადგეს საკითხი, დარეგისტრირებულია თუ არა საქართველოს მოქალაქეობა რუსულ ბაზაში მეორე მოქალაქეობის სახით? სხვათა შორის, ამ ინფორმაციის დამალვისთვის, რუსეთში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა.

საჭიროა იმის შესახებაც საუბარი, რომ რუსეთის მიგრაციულ ბაზაში მოხვედრა ნიშნით “საქართველოს მოქალაქე, აფხაზს იმაზე ნაკლებად არ შეაშინებს, ვიდრე საქართველოდან მონაცემების გაჟონვის შესაძლებლობა?!

კარგი, შესაძლო გამოაშკარავებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის მიფურთხებით, აფხაზი და რუსი მესაზღვრეებისგან ქართული პასპორტის დამალვით აფხაზს მაინც შეუძლია გაფრინდეს სოჭიდან ქვეყანაში, რომელთანაც უვიზო რეჟიმი აქვს – ბელარუსი, სომხეთი ან თურქეთი [სანამ არსებობს ასეთი შესაძლებლობა], იქიდან კი, ნანატრ ევროპაში. ბევრი ასეთი რისკიანი ადამიანი არსებობს აფხაზეთში? ჩემთვის ეს რიტორიკული კითხვაა.

უკვე არაფერს ვამბობ, რა პროცენტია რესპუბლიკაში იმ ადამიანების, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პირობებში თავს უფლება მისცეს, საზღვარგარეთ წავიდეს. ძალიან მცირე. მათ კი, ვისაც ფული აქვს, უკვე დიდი ხანია ისწავლეს ვიზებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა [ ბევრი საკონსულო უარს ეუბნება ვიზის გაცემაზე, თუ ხედავენ, რომ პასპორტი აფხაზეთში რუსეთის საკონსულოს მიერ არის გაცემული]. საკმარისია რუსეთში ჩაწერა – მეგობრებთან, მაგალითად, სოჭში, ფიქტიური რეგისტრაციისთვის ფულის გადახდა და რუსეთში მიიღებ საზღვარგარეთის პასპორტს. ნუთუ ვინმე გარისკავს 35 ევროსა და რამდენიმეკვირიანი ლოდინის დაზოგვის მიზნით?! თუ ასეთები იქნებიან, ერთეულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი