სამხრეთ კავკასიის ამბები

როკის გვირაბის გამოცანა, ანუ რა არის ზარმონი

9 დეკემბერი, 2015 • 2784
როკის გვირაბის გამოცანა, ანუ რა არის ზარმონი

ცოტა ხნის წინ ერთმა ჩემმა ქართველმა კოლეგამ ელ. ფოსტით მომწერა, ვიცოდი თუ არა მუსიკოს ახსარ ჯიგკაევის შესახებ, რაზეც ვუპასუხე, რომ შეუძლებელია არ იცნობდე ოსური როკ-მუსიკის ფუძემდებელს.

როკ-მუსიკა და ოსური როკ-სიმღერები დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიბადა, როცა როკი სსრკ-ში აკრძალული მოვლენა იყო. როცა ამ ყველაფერს ახსარ ჯიგკაევი იხსენებს, ამბობს, რომ როკი მაშინ დაიბადა, როცა სსრკ-ში ჯერ კიდევ კბილის სახეხი ფხვნილები იყიდებოდა და პირველად გამოჩნდა კბილის პასტები ალუმინის ტუბებში, საიდანაც პასტა ძნელად გამოდიოდა. სხვათა შორის, ახსარი აბრევიატურას სსრკ რუსულ ენაზე პატარა ასოებით წერს, სიტყვა “როკს” კი – დიდი ასოთი.

როგორც ახსარი იხსენებს, როცა ცხინვალში პირველი როკ-ჯგუფი დაიბადა, “იმ დროს ჩვენთან გაყიდვაში ბულგარული “პომორინი” “ჩაუშვეს”… მათ ლამაზი, თეთრი სახურავები ჰქონდა. ჰოდა, ვიფიქრე, ჩემს “გიტარაზე” დამემაგრებინა ასეთი “ხუფი” (ხმის მარეგულირებელი): ის ისე ბრწყინავდა და ელავდა, როგორც ძველ ეგვიპტეში სირიუსის ვარსკვლავი. ეს იყო პირველი თვითნაკეთი ელექტროგიტარა ცხინვალში, რომელიც თამაზ ბედოევის ძმამ დაამზადა. ის ჰგავდა გიტარას, მაგრამ დაკვრის დროს თითები ისე დაცურავდა, როგორც ცხინვალის ქუჩებში – Jean-Michel Cazabat-ის წვრილქუსლიანი ფეხსაცმელები. სამაგიეროდ, მარცხენა ხელი ბრტყელტუჩასავით მქონდა. როკი ოსების ტანჯვაში იბადებოდა ისე, როგორც – სხვა ყველაფერი სასარგებლო,” – წერს ახსარ ჯიგკაევი კულტურის შესახებ ვებ-გვერდ aranzeld.com-ის ფორუმზე.
ახსარ ჯიგკაევი
ჩემი მოსკოველი ნაცნობების თქმით, ცხინვალელი როკ-ფანატიკოსები მოსვენებას არ აძლევდნენ გამყიდველებს “გარბუშკაზე” (ცნობილი ადგილი, სადაც მოსკოველი როკერები იკრიბებოდნენ). ეს იყო ერთგვარი “როკ-სტამბოლი” საბჭოთა როკერებისთვის, რომლებიც აქ მთელი სსრკ-დან ჩამოდიოდნენ, რათა როკ-მუსიკის იშვიათი ჩანაწერი მოეპოვებინათ. საბოლოოდ, როცა მაგნიტოფნის კასეტებზე ცუდი ხარისხით ჩაწერილ ცხინვალელი როკერების მუსიკას მოუსმინეს მოსკოველმა მეგობრებმა, ცხინვალში გამგზავრება გადაწყვიტეს, რომ ადგილზე, ცოცხლად მოესმინათ ამ კომპოზიციებისთვის.

როკის გვირაბის შესასვლელთან ისინი ამ გვირაბის სახელწოდების წარმომავლობით დაინტერესდნენ:

– “როკი – რა არის ის? ბედისწერა, მუსიკა თუ კლდე?”
– “არა, ეს სოფლის სახელწოდებაა”.
– “და ამიტომ ქვია გვირაბს როკის გვირაბი?”
– “გვირაბის სახელი როკის ხეობის სახელწოდებიდან მომდინარეობს”.
– “და მაინც რომელი როკის სახელს ატარებს ეს გვირაბი?”
– “ის მომდინარეობს ძველი სიტყვიდან rauk, რომელიც ნიშნავს სინათლეს და არა ინგლისური სიტყვიდან Rock, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს”…

როკი და ახსარ ჯიგკაევი სსრკ-ში

Youtubе-ში პატარა ვიდეო ვიპოვე, რომელშიც ჩრდილო ოსეთის პარლამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი ლეგენდარულ ახსარ ჯიგკაევთან საუბარში იხსენებს ჯგუფ “ბონვარონის” კონცერტს, რომელიც ვლადიკავკაზში გაიმართა 1974 წელს:

“რეალურად თქვენ ბევრად უფრო ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ ჩრდილოეთში, რადგან სამხრეთ ოსეთი – პატარაა, ჩრდილოეთი კი – დიდი,” – ეუბნება სიცილით ოლეგ დათიევი ჯიგკაევს და აგრძელებს: “როცა კონცერტის გასამართად ჩამოხვედით, მახსოვს, საკონცერტო დარბაზი გავსებული იყო ხალხით. ვცდილობდით ფანჯრიდან შემოძრომას, რადგან დარბაზში კარიდან ვერ შემოვედით. ვამტვრევდით კარს! ბევრი ხალხი იყო. ეს გასაოცარი იყო! ჩამოვიდნენ სამხრეთელები და ისეთი მუსიკა გვაჩვენეს, როგორიც არასდროს გვინახავს!”

1970-იანი წლების ბოლოს ჯიგკაევმა თავის ჯგუფს სახელი გადაარქვა და “მემორიალი” უწოდა. aranzeld.com-ის ფორუმზე ვნახე “მემორიალის” კონცერტის ერთ-ერთი თვითმხილველის კომენტარი, რომელიც Suikm-ის ნიკით წერს:

“ვვდილობ გავიხსენო (ამინდის მიხედვით) მემორიალის ეპოქალური კონცერტების ჩატარების დრო – 1979 წლის გვიანი შემოდგომა ან 1980 წლის ადრეული გაზაფხული. იმ კონცერტის შემდეგ გავიგეთ, რომ მემორიალი მალე გამოდიოდა კონცერტით ავნევში და ჩვენც, მეგობრებთან ერთად, ძველი “ზაპოროჟეცით” გავემგზავრეთ “ტურნეში”. როგორც მახსოვს, მედვედსკი (ჯგუფის ერთ-ერთი ყოფილი ვოკალისტი) იმ კონცერტზე არ იყო, არც ცენზორები იყვნენ, ამიტომ “მემორიალმა” სრული თავისუფლება აჩვენა. ავნევის კონცერტი უკეთესი იყო, ვიდრე ცხინვალის, მედვედსკისთან ერთად. რა ცუდია, რომ თითქმის არ არსებობს ჩანაწერები! ბევრი რამის გახსენება შეიძლება, ფაქტებს სრულად შეაგროვებ, მაგრამ ჩანაწერებს ვეღარ აღადგენ,” – წერს Suikm-ი.

aranzeld.com-ის ფორუმზე როკ-მუსიკის თაყვანისმცემლები იხსენებენ, რომ 1950-იანი წლების ბოლოს ცხინვალში შეიქმნა საესტრადო ორკესტრი, რომელშიც უკრავდნენ ფელიქს ალბოროვი, ვლადიმერ სანაკოევი (ვიოლინო), ლენგიორ გუსო, ვინმე ალბორიშვილი (ჩასაბერი ინსტრუმენტები), ფელიქს სანაკოევი (ავტონომიური ოლქის მომავალი პირველი მდივანი, დასარტყამი ინსტრუმენტები) და სხვები. როგორც ისინი იხსნებენ, ეს ორკესტრი უკრავდა კომპოზიციებს, სახელწოდებით – “გზა ჩათანუგუსკენ”, “უთხარით, გოგოებო, თქვენს მეგობარს”, ასევე, ოსურ სიმღერას “მა ხური ხაი” (“ჩემო მზის სხივო”).

ძველი ფანატიკოსები ასევე იხსენებენ ერთ ამბავს, როცა საესტრადო ორკესტრის კონცერტზე, რომელიც ეძღვნებოდა კომკავშირის რომელიღაც წლისთავს, უცებ წამოხტა დარბაზში მყოფი ცხოვრებაშვილი (ოლქის მაშინდელი კგბ-ს უფროსი) და აკრძალა ორკესტრის გამოსვლა, რომელმაც კარგა ხნით შეწყვიტა არსებობა. 1960-იანი წლების დასაწყისში ლენგიორ გუსოვმა ისევ შექმნა ორკესტრი. ამჯერად რეპერტუარიც უფრო ფართო იყო, ინსტრუმენტალისტებიც უფრო ბლომად იყვნენ და პოლიტიკური ტემპერატურის დათბობაც იძლეოდა მეტი პოპულარიზაციის საშუალებას.

1974 წელს ოლქის აღმასკომის კულტურის განყოფილებაში თათბირი ჩატარდა, სადაც ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის (ვია) შექმნის საკითხი განიხილებოდა. ახსარ ჯიგკაევის პირველი ვია “ბონვარონი” სწორედ მაშინ შეიქმნა. ეს იყო სახელმწიფო ანსამბლი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა კულტურის განყოფილებას. ასეთი სახელმწიფო ვია საბჭოთა კავშირის დროს სულ 3-4 იყო.

მელომანების შეფასებით, 1974 წლის “ბონვარონის” რეპერტუარში იყო სუფთა “ფოლკი” და მცირე დოზით – როკიც. კერძოდ, “ბონვარონი” ისე აწყობდა თავის კომპოზიციებს, რომ ისინი შეესაბამებოდა 1970-იანი წლების როკ-მუსიკის წყობას: გრძელი ინსტრუმენტალური გამოსვლა, მოკლე ტექსტები ენერგიული მისამღერით, გიტარისა და კლავიშის პარტიები შუაში და ბოლოს აპოთეოზი დასარტყამი ინსტრუმენტებით.

“მეორე მხრივ, ეს ანსამბლი ბევრ რამეში ჰგავდა სხვა საბჭოურ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებს, რომლებშიც აშკარა სოლოები არ იყო მიღებული: ყველაფერი ერთ წყობაში უნდა ყოფილიყო, სუნთქვა სინქრონულ რიტმში და ერთ ჩაფხუტის უკან ამოფარებული შესრულება,” – ამბობენ მუსიკის მცოდნეები – “აქ უნდა გავითვალისწინოთ ცენზურის ჩარჩოებიც, რაც ძალიან ზღუდავდა ხელოვნებას”.

ჯგუფი ბონვარონი, ფოტო: Aranzeld.com

ჯგუფი ბონვარონი, ფოტო: Aranzeld.com

როგორც მუსიკის სპეციალისტები ამბობენ, როკ-მუსიკოსი რომ გიწოდონ, აუცილებელია, თავად ქმნიდე მელოდიას და არ ახდენდე სხვის კოპირებას. ჯიგკაევის ჯგუფი “მემორიალი” სრულებით ახალ პროგრამას წარმოადგენდა. ჯიგკაევმა შექმნა ახალი მელოდიები, დაწერა სიმღერები ოსი პოეტების ლექსებზე. “მემორიალი” მძიმე როკის თაყვანისმცემლებისთვის აღმოჩენად იქცა! “მემორიალის” გამოსვლები კოლოსალურ “მოძრაობად” ჩამოყალობდა – ეს იყო ნამდვილი მძიმე როკი, ნამდვილი ოსური როკი, მაგრამ ეს ჯგუფი ძალიან არ მოსწონდა ოლქის პარტიულ ხელმძღვანელობას.

ჯიგკაევის მესამე ჯგუფი – “დამა ყვავი” ახალი სიმღერებით გამოჩნდა დაახლოებით 19988-89 წლებში და მალე, ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა არსებობა, ისე როგორც “მემორიალმა”. “დამა ყვავის” მოღვაწეობა “ზემოდან” ბრძანებით შეწყდა. ამის თაობაზე ჯიგკაევი ასე ხუმრობს: “მძიმე როკთან “მემორიალი” მაინც მეგობრობდა. ბოროტ როკთან კი არ გამოუვიდა”.

ჯიგკაევის შემოქმედების თაყვანისმცემლებს განსაკუთრებით უყვართ ორი კომპოზიცია, რომლებიც “დამა ყვავის” დროს დაიწერა სახელწოდებით: “სტუმრად კარლოს სანტანასთან” და “მეხიკოდან ცხინვალამდე”.

ცნობილი ანდაზის საპირისპიროდ, როკ-მუსიკის მუზები არ სდუმდნენ, როცა 1990-იან წლებში ომი იყო გაჩაღებული. ჯიგკაევსა და მის მიმდევრებს – ლაურა ჯაბიონს, საუასის, გოგი გუჩმაზოვს, ბუჟუკ ხარებოვის, ანნა ჩოჩიევას და სხვებს აქვთ სახლის პირობებში მაგნიტოფონის ფირზე ჩაწერილი სიმღერები. შემსრულებლები თვითონ წერდნენ მუსიკას სხვადასხვა ოსი პოეტების ლექსებზე და მათ წერა სწორედ საომარი მოქმედებების პერიოდში დაიწყეს. ჩანაწერებზე ნათლად შეიძლება მოუსმინო, თუ როგორ ზუზუნებენ ირგვლივ ტყვიები.

ზარმონი – ახალი მიმართულება მუსიკაში

სწორედ ეს სიმღერები, რომლებიც შემდეგ პოეტმა აზაუმ შეაგროვა, რომლის ლექსებზეც დაიწერა ბევრი როკ-ბალადა და სიმღერა “ქანთრის” და “ქალაქური მუსიკის” ჟანრში, ეწოდა ახალი მიმართულება ოსურ მუსიკალურ ცხოვრებაში – “ზარმონი”.

მაგრამ აზაუ არ არის ახალი მუსიკოსების ერთადერთი საყვარელი პოეტი. ისინი წერენ სიმღერებს ისიდორე კოზატის, ალიხან ტოკატის, ტაიმურაზ ხაჯეთის, ლიუდმილა გალავანოვას, ვოლოდი იკაევის და სხვების ტექსტებზე.

ზარმონჟაუ (ანუ ზარმონის მატარებლები) – არიან ხელოვნების გამავრცელებლები, რომელიც დაფუძნებულია ინტელექტუალურ-სულიერ მასალაზე, თვითმყოფად ჟღერადობაზე, რამაც მოიტანა ოსურ მუსიკაში ასობით განუმეორებელი ნაწარმოები იმ წინაღობების მიუხედავად, რასაც მათ წინ აღმართავდნენ სიახლის მოწინააღმდეგენი. . ზარმონი “დოლ-გარმონის” სერიოზულ კონკურენტად იქცა, რაც ასე პოპულარულია არა მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში, არამედ მთელ ჩრდილო კავკასიაში. ზარმონის თაყვანისმცემლები წერენ სოციალურ ქსელებსა და ფორუმზე, რომ ეს მუსიკა მათ ეხმარება რთულ ცხოვრებისეულ პირობებში, მუხტავს მათ წარმოუდგენელი ენერგეტიკით, ეს მუსიკაა, რომელიც ეხმარება აზროვნებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ზარმონის ხერხემალს წარმოადგენენ ის მუსიკოსები, რომლებიც იდგნენ თანამედროვე ოსური სიმღერების დაბადების საწყისთან და მუსიკალურ ცხოვრებაში შეიტანეს სიტყვათშეთანხმება – “ოსური ბალადა”, “ოსური ჯაზ-როკი”, “ოსური როკ-ბალადა”, “ოსური რომანსი”, “ოსური ქალაქური სიმღერა” და ა.შ. ამ მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან სლავა გაგლოევი, ახსარ ჯიგკაევი, გეორგი გუჩმაზოვი, საუასსა, ანა ჩოჩითი, ლაურა ჯაბიონი, გალაჯი და სხვები.

“ზარმონის” მიმართულებას თავისი საიტი აქვს aranzeld.com და თავისი არხი Yutubе-ზე – usima1. აქ შეგიძლიათ არა მხოლოდ მოუსმინოთ მუსიკას, არამედ მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო დისკუსიებში. მათთვის კი, ვინც არ იცის ოსური ენა, არის სიმღერების თარგმანი რუსულ ენაზე. არხ usima1-ის შექმნელები ფიქრობენ სიმღერების ინგლისურენოვან ვერსიებზეც. ამ არხს ბევრი უცხოელი გამომწერი ჰყავს. მთლიანობაში ეს არხი გამოწერილი აქვს Yutubе-ის 859 მომხმარებელს. არხის შემქმნელის თქმით, მისი გამომწერები ძირითადად არიან თავად მუსიკოსები. მათ ეს იციან, რადგან გამომწერებთან ელექტრონული მიმოწერა აქვთ.

დღესდღეობით ახსარ ჯიგკაევის ჯგუფი ძველი სახელწოდებით “ბონვარონი” ისევ მართავს კონცერტებს როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთში. ისინი საკმაოდ პოპულარულები არიან, რადიოშიც ხშირად ისმის მათი სიმღერები. ცხინვალში საბავშვო ჯგუფი “ბონვარონიც” ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი მომღერალი და სიმღერების ავტორი ანნა ჩოჩიევა. თუმცა, “ბონვარონის” პოპულარობის მიუხედავად, ჩრდილო ოსეთში ტელევიზიით ხშირად ისეთი გადაცემებია, რომლებიც ეძღვნება “მწირ” ოსურ ესტრადას.

ჩემი ნაცნობი მუსიკოსების აზრით, ამ მედიებში სხვა პლანეტიდან მოსულები მუშაობენ, რომლებსაც არასოდეს სმენიათ ზარმონზე, რომელიც ტოლს არ უდებს მსოფლიოს საუკეთესო მიმდინარეობებს. თუმცა უგემოვნობა, რომლითაც სავსეა ოსეთის ტელე-რადიოარხები, ისევ სერიოზულ “ადგილს” იკავებს საზოგადოებაში.

ვიცნობ ადამიანებს ჩრდილოეთ ოსეთში, რომლებმაც დაიწყეს ოსური ენის შესწავლა მას შემდეგ, რაც მოუსმინეს “ზარმონის” სიმღერებს. ისინი ამბობენ, რომ ზარმონის წყალობით ხალხს აქვს ინტერესი, რომ შეისწავლონ ოსური ენა, რომელიც ვერ უძლებს რუსულ და ინგლისურ ენებთან კონკურენციას. ზარმონს მიმდევრები ჰყავს რუსეთშიც – მუსიკოსები ოლგა და ედუარდი რიაზანიდან რამდენიმე წლის წინ ჩავიდნენ ჩრდილოეთ ოსეთში შემოქმედებითი ძიებისთვის. მათ ეგრევე შეიყვარეს ზარმონი. დღეს ოლგა მღერის ბევრ სიმღერას ოსურად. ზარმონის მომღერლები ოლგას ეძახიან “მონზარ ოლას”. ეს სიტყვათა თამაშია, მარცვლების – “ზარ” და “მონ” გადაადგილებით, რაც თარგმანში ნიშნავს “მონ” – სული, “ზარ” – სიმღერა. ოლგამ და ედუარდმა ორი ალბომი გამოუშვეს “მონზარის” მიმართულებით და დადიან გასტროლებზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქში.

ზარმონის მიმდევრების ენთუზიაზმი თავისი შეუვალობით ყრუ კედელესაც ანგრევს, რომელიც აღმართული აქვთ მის დრომოჭმულ ჩინოვნიკებს კულტურის და განათლების სამინისტროდან, როგორც საბჭოთა, ისე პოსტსაჭოთ ეპოქაში. თუმცა თითქმის ასეთსავე შეუვალობას იჩენენ დღეს დასავლეთ ევროპის მუსიკოსები, რომელთა მუსიკა დღეს ხდება “მოსაწყენი” მათთვის, ვინც ხშირად ყიდულობს კონცერტის ბილეთებს, სადაც შეიძლება “მოწყდე”, კარგად ჭამო, დალიო და დაივიწყო ცხოვრებისეული სტრესი. მეინსტრიმული მუსიკა ყოველთვის იქნება თავისი ანტიპოდის მწვავე კონკურენტი, ისე როგორც რაოდენობა ეწინააღმდეგება ხარისხს. ამის მიუხედავად, ზარმონის მიმდევრებს, დოვლათის მიხედვით, ოსეთში უკვე ვეღარ უწოდებ “მარტოხელების მარშს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი