სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი რუსეთ-თურქეთის ინციდენტის გამო სომეხთა გენოციდის აღიარებას გეგმავს

29 ნოემბერი, 2015 • 1364
ცხინვალი რუსეთ-თურქეთის ინციდენტის გამო სომეხთა გენოციდის აღიარებას გეგმავს

“სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სომეხთა გენოციდის აღიარებაზე იმსჯელებს”- განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი მხოლოდ დღეს არ დამდგარა, თუმცა სწორედ ამჟამად ამ ფაქტს ახალი მნიშვნელობა მიენიჭა.

“ჩვენ ვწუხვართ, რომ სამხრეთ ოსეთში ამ დრომდე არ აღიარეს სომეხთა გენოციდი. აუცილებელია ოსმანური იმპერიის მიერ ჩადენილ დანაშაულს კვალიფიცირება მიეცეს და მისი გენოციდის უარყოფის პოლიტიკა დაგმობილი იყოს. ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ბოლო ინციდენტსა და, შესაბამისად, ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის მიმართ გამოვლენილი აგრესიის ფაქტზე, ვფიქრობ, ერთადერთი ადეკვატური პასუხი, სხვა საპასუხო ნაბიჯებთან ერთად, სომხეთა გენოციდის აღიარება იქნება. მსგავსი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეესაბამება ჩვენ მიერ არჩეულ განვითარების სტრატეგიულ გზას, რომელიც რუსეთის გარეშე ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია”, – ამბობს ბიბილოვი.

ამასთან, მისი თქმით, სამხრეთ ოსეთს არ უნდა ეშინოდეს თურქეთთან ურთიერთობების გაუარესების, რადგან ეს ურთიერთობები პრაქტიკულად არ არსებობს, იგივე შეეხება აზერბაიჯანსაც, რომელიც მათი პარტნიორი არ არის.

“საქართველო თურქეთისთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ქვეყანა. ის არასოდეს გმობდა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიას, ამის საპირისპიროდ, მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი