საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება კვლავ ახშობდა განსხვავებულ აზრს, ასობით ადამიანი კი პოლიტიკურად მოტივირებული და ყალბი ბრალდებებით პატიმრობაში რჩებოდა.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში თავისუფლებააღკვეთილი იყო 300-ზე მეტი პირი, მათ შორის- ჟურნალისტები, უფლებადამცველები, ოპოზიციონერები და მეცნიერები,. განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები. ორგანიზაცია წერს, რომ ხელისუფლებამ დახურა ქვეყნის ბოლო დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო TURAN, ხოლო BBC-ის აზერბაიჯანულ სამსახურს საქმიანობის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

Amnesty International-ის შეფასებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ სისტემურად იყენებდნენ ბრალდებებს კონტრაბანდაში, ფულის გათეთრებაში, გადასახადებისგან თავის არიდებასა და „უკანონო მეწარმეობაში“. ანგარიშში განსაკუთრებულად არის გამოყოფილი Abzas Media, Meydan TV, Toplum TV და სხვა დამოუკიდებელი პლატფორმების საქმეები, რომელთა თანამშრომლები ხანგრძლივ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მკაცრად იზღუდებოდა არასამთავრობო სექტორის საქმიანობაც. სამოქალაქო აქტივისტები, პროფკავშირების ლიდერები და უფლებადამცველები ექვემდებარებოდნენ დაკითხვებს, რეიდებს, დაპატიმრებებსა და სამართლებრივ დევნას. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში შიშისა და თვითცენზურის ატმოსფერო გაძლიერდა.

Amnesty ასევე მიუთითებს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე. ხელისუფლება კრძალავდა დემონსტრაციებს, მათ შორის სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური თემებით გამართულ აქციებს, ხოლო მონაწილეებს აკავებდა ან ადმინისტრაციულ სანქციებს უწესებდა.

ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემად ორგანიზაცია წამებასა და სასტიკ მოპყრობას ასახელებს. ანგარიშის მიხედვით, საპატიმროებში ვრცელდებოდა ცნობები ცემის, დაშინების, იძულებითი აღიარებების, სამარტოო საკნებში მოთავსებისა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შესახებ. Amnesty აღნიშნავს, რომ ასეთ ფაქტებს ეფექტიანად არ იძიებდნენ და დამნაშავეები დაუსჯელი რჩებოდნენ.

დოკუმენტში ასევე საუბარია ქალებისა და ლგბტი პირების მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, ისინი კვლავ დისკრიმინაციას, გენდერულ ძალადობასა და სახელმწიფოს მხრიდან შევიწროებას განიცდიდნენ.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში უფლებრივი ვითარების გაუარესების მიუხედავად, აზერბაიჯანმა გააგრძელა ურთიერთობების გაღრმავება დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-თან.

“აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ უკიდურესად არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა ამ ქვეყანასთან ენერგეტიკული თანამშრომლობა გააღრმავეს რუსული ნავთობისა და გაზის ჩასანაცვლებლად”.