“მინდა სიკვდილამდე მაინც ორი სამი წელი აფხაზეთში, ჩემს სახლში ვიცხოვრო და მერე ჩემივე სახლის ეზოში, ქმრის საფლავთან დავიმარხო”, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ქალი 80 წლის პაშა ყოლბაია.
პაშა ყოლბაიამ აფხაზეთი და საკუთარი სახლი გალის რაიონში, აფხაზეთის ომის დროს, შვილებთან ერთად დატოვა. მისი ქმარი აფხაზეთში დარჩა, სახლს პატრონობდა. მალევე ოჯახმა მისი წამებით მოკვლის შესახებ შეიტყო. ის ძმამ გალში, საკუთარი სახლის ეზოშივე დაკრძალა.
პაშა ყოლბაია ამბობს, რომ გალში, ქმრის საფლავზე მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად ახერხებდა ჩასვლას, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და ახლა შვილები აფხაზეთში გადასვლას უკრძალავენ.
80 წლის ქალი ამბობს, რომ სიკვდილამდე მხოლოდ ერთი ოცნება აქვს – ორი სამი წელი მაინც შეძლოს აფხაზეთში, საკუთარ სახლში ცხოვრება და მერე იქვე, ეზოში, ქმართან ერთად დაიკრძალოს.
პაშა ყოლბაია თბილისში, აფრიკის რაიონში დევნილების ე.წ. კომპაქტური ჩასახლების შენობაში თითქმის, 30 წელია ცხოვრობს.