სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ფიქრობენ, რომ საქართველომ ყველაზე მეტად დაიმსახურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა

28 ივნისი, 2022 • 3333
სოხუმში ფიქრობენ, რომ საქართველომ ყველაზე მეტად დაიმსახურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა

მოსკოვსა და სოხუმს შორის გამართული ტელეხიდის [სახელწოდებით “აფხაზეთის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინაში მოვლენების კონტექსტში”] დროს, საერთაშორისო საკითხებში ფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწემ მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ “სამეულიდან თუ ვინმე იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა”.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

ტელეხიდის დროს დისკუსიაში მონაწილეობდა, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა.

“ის, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს – პოპულისტური ნაბიჯია. ეს არის რეგიონში მიზანმიმართულად დესტაბილიზაციის მაპროვიცირებელი. ამიტომაც ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალიან სერიოზულად განსახილველი”.

საქართველოსა და უკრაინაში გატარებულ რეფორმებზე კი ღვინჯიამ განაცხადა:

“შიდა ცვლილებები და რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანაშია [საქართველო] გატარებული, შეუძლებელია შევადაროთ უკრაინასა და მოლდოვას. ამასთან, ევროკომისიამ უკრაინას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და არა – საქართველოს. ჩემი აზრით, თუ ვინმემ დაიმსახურა სტატუსი ამ სამეულიდან, ეს საქართველოა. გასაგებია, რომ ის არ მიანიჭეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. ეს კი აიხსნება იმით, რომ საქართველო ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა. უნდა გვესმოდეს, რომ თავად კანდიდატის სტატუსი არაფერს იძლევა, ეს უბრალოდ “რიგის ნომერია” ფანჯარასთან, რომელიც შეიძლება რიგის დასრულებამდეც დაიხუროს”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწემ.


საქართველოში მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი გახდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი მხოლოდ პერსპექტივა და ექვსთვიანი ვადა 12 პირობის შესასრულებლად. სწორედ ამ პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, საქართველო 6 თვეში მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი