სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალელმა ჯარისკაცებმა ბიბილოვს უთხრეს, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება

7 მაისი, 2022 •
ცხინვალელმა ჯარისკაცებმა ბიბილოვს უთხრეს, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება

“რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება” – უთხრეს უკრაინიდან დაბრუნებულმა ცხინვალელმა მებრძოლებმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს.

ბიბილოვისა და ცხინვალელი ჯარისკაცების შეხვედრის საუბრის ჩანაწერი რუსულმა მედიასაშუალება “მედიაზონამ” გაავრცელა. საუბარია რამდენიმე ასეულ ცხინვალელ მებრძოლზე, რომლებმაც უკრაინაში ბრძოლაზე უარი განაცხადეს, მიზეზად იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაუმართავობა დაასახელეს და უკან დაბრუნდნენ. სწორედ მათ ჰკითხა ბიბილოვმა, წააგებს რუსეთი ომს?

“დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ [რუსები] წააგებენ”, – უპასუხა მას ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.

სხვებმა რუსული ჯარი გააკრიტიკეს დაზიანებული აღჭურვილობისა და მმართველობაში არსებული ხარვეზებს გამო. ცხინვალელი ჯარისკაცების თქმით, ყველაფერი იმდენად არეული იყო, რომ ისინი თავდაპირველად 800 კილომეტრის მოშორებით განათავსეს დანიშნულების ადგილიდან. ცხინვალელი მებრძოლების პრეტენზიები დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • საარტილერიო ცეცხლი მიზანს 2 კილომეტრით ასცდა, თუმცა მეთაურებმა არ მიიღეს არანაირი პრეტენზია არასწორ კოორდინატებზე, ამ დროს კი ჯარისკაცები ინტენსიურ დაბომბვაში მოყვნენ არაადეკვატური სადაზვერვო მონაცემების გამო.
  • აღჭურვილობის 99% არ მუშაობდა
  • 10-დან 3 ტანკს სროლა არ შეეძლო
  • “სხვა დივიზიონიდან ბიჭებმა გვითხრეს, რომ მათი იარაღი არ ისროდა”

ბიბილოვმა თავის მხრივ გააკრიტიკა ჯარისკაცები.

“თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა უკვე მოვიდა ჩემთან და ფრონტზე გაგზავნა მთხოვა და ისინი არ საუბრობენ ფულზე და არც იარაღს ითხოვენ”, – განაცხადა ბიბილოვმა.

“ჩვენ ვაფრთხილებდოთ, ჩვენი ტექნიკა არ მუშაობას, არ გაგვიშვათ ფრონტზე. ყველა ნაბიჯზე გვატყუებდნენ. არავის შეშინებია. უბრალოდ გვატყუებდნენ”, – თქვეს ჯარისკაცებმა.

ერთ-ერთმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ უკრაინიდან წამოვიდა, რადგან არ სურდა “საზარბაზნე ხორცად” ქცეულიყო.

ბიბილოვი ცხინვალელ ჯარისკაცებს შეეკამათა და განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთი უკრაინას დაამარცხებს.

“რუსებს ბევრი ომი უნახავთ, ნაპოლეონი მოსკოვამდე მივიდა. იმისათვის, რომ არ დანებებულიყვნენ, რუსებმა საკუთარი ქალაქი დაწვეს. არასდროს იფიქროთ, რომ რუსები წააგებენ. დრო გავა და არავინ იმსჯელებს იმაზე, რომ არ იყო იარაღი, აღჭურვილობა და კომუნიკაცია. დარჩება მხოლოდ გამარჯვება”.


30 მარტს სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 300 სამხედრო პირი დაბრუნდა. მათ თვითნებურად დატოვეს საკუთარი სამხედრო ლოკაციები და საკუთარ სახლებამდე შემთხვევით გამვლელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით მიაღწიეს. გაიგეთ ამ ამბავზე მეტი:

გზააბნეული და დაბრუნებული ოსი ჯარისკაცები – ცხინვალელები უკრაინის ომში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი