სამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი ვეღარ იმარჯვებს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში

11 აპრილი, 2022 • 2696
ბიბილოვი ვეღარ იმარჯვებს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 10 აპრილს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მეორე ტური იქნება, რომელიც კანდიდატ ალან გაგლოევსა და მას შორის გაიმართება.

“პროტოკოლების 96%-ის დამუშავების შემდეგ, ჩვენ გვესმის, რომ  მეორე ტური იქნება. ჩემთვის სასიამოვნოა ალან გაგლოევთან მეორე ტური, რადგან ეს არის ორი იდეოლოგიის ბრძოლა, სადაც არჩევანს აკეთებს ხალხი”, – თქვა ბიბილოვმა არსებული შედეგების შემდეგ. 2017 წლის არჩევნებში მან 54.8%-ით პირველი ტურშივე გაიმარჯვა.

სრულად წინასწარ შედეგებს ადგილობრივი ცესკო დღეს, 11 აპრილს, მოსკოვის დროით 11:00 სააათზე გამოაცხადებს.

დარჩენილმა სამმა ოპოზიციურმა კანდიდატმა [დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, დეპუტატი გარი მულდაროვი და ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი] უკვე განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს ალან გაგლოევს დაუჭერენ.

ბიბილოვის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი  კგბ-ს ყოფილი ოფიცერია, რომელიც 2017 წელსაც მონაწილეობდა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში და მესამე ადგილი დაიკავა.

ვინ სურს მოსკოვს სამხრეთ ოსეთის ახალ დე ფაქტო პრეზიდენტად

საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად აღიარებს. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

უკრაინის მთავრობა გმობს „არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი