სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ. აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.
2022 წლის 10 აპრილს სამხრეთ ოსეთში [დე ფაქტო] საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ადგილობრივი ექსპერტები რამდენიმე თავისებურების შესახებ საუბრობენ, რომელიც განასხვავებს ამ საარჩევნო პროცესს წინა არჩევნებისგან. მათ შორის, ის, რომ საზოგადოებისთვის ჯერაც გაურკვეველი რჩება, ვინ არის კრემლის კანდიდატი.
ამჯერად ძალიან მაღალი იყო რიცხვი იმ ადამიანებისა, ვისაც კენჭისყრაში მონაწილეობა სურდა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა 20-დან მხოლოდ ჩვიდმეტი კანდიდატი დაარეგისტრირა. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედ [დე ფაქტო] პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს კვლავ დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს და მეორე ვადაზე მიდის, მისთვის სილის გაწვნას უდრის კანდიდატების სიმრავლე და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება მისი ხუთწლიანი პრეზიდენტობის მიმართ.
კანდიდატების დიდი რაოდენობა იმითაცაა გამოწვეული, რომ ბიბილოვმა და მისმა გუნდმა, წლების განმავლობაში, კიდევ უფრო დაწიეს კანდიდატების ისედაც დაბალი მორალური და ინტელექტუალური თამასა – პოლიტიკური რეჟიმისა და ჩინოვნიკების აღსაწერად მთავარი ტერმინები გახდა სიტყვები “გაუნათლებელი” და “თაღლითი”. ამიტომაც, ბოლო დროს, სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიბილოვს თუ შეუძლია იყოს პრეზიდენტი, თავად რით არიან ნაკლები?
ადგილობრივი პოლიტოლოგის, ვიაჩესლავ გობოზოვის დაკვირვებით, მაგალითად, 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უფრო მეტი პოლიტიკური გამოცდილებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე კანდიდატი მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელობაზე. ეს კი, რიგ შემთხვევებში, საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს.
საყოველთაო იმედგაცრუების შედეგია ისიც, რომ, ყველა კანდიდატი [ოფიციალურად] ოპოზიციონერია და დისტანცირებას ახდენს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან. როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი პირობაა წარმატებული საარჩევნო კამპანიისა.
სწორედ აქ იჩენს თავს ერთ-ერთი მთავარი კითხვა: მაშ, ვინ არის პრეზიდენტთან შეთანხმებული კანდიდატი? ვის შეჰპირდა ბიბილოვი ადმინისტრაციულ რესურსს იმ შემთხვევაში, თუკი თავად ვერ შეძლებს გამარჯვებას?
ადგილობრივი დამკვირვებლები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი კანდიდატი უნდა არსებობდეს, რადგანაც ბიბილოვს, რომელმაც აქამდე ძალიან ბევრი წითელი ხაზი გადაკვეთა, ხელშეუხებლობის გარანტია დასჭირდება.
ამიტომ ჩნდება კითხვა – ვინ არის ბიბილოვის სათადარიგო კანდიდატი?
აქვე, მეორე კითხვაც – ვინაა კრემლის კანდიდატი?
შესაძლოა, ასეთი კანდიდატები მეტნიც იყვნენ, მაგალითად, როგორც 2017 წელს, როდესაც სამი კანდიდატი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იყო შეთანხმებული.
თუმცა არც აქაა საქმე მარტივად. სამხრეთ ოსეთში ამომრჩეველს არ მოსწონს, როდესაც ვინმე თავს ახვევს საკუთარ ნებას. 2011 წელს მან ანატოლი ბიბილოვი არ აირჩია იმის მიუხედვად, რომ პირადად რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა დაუჭირა მას მხარი, იმ ადამიანმა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. მას შემდეგ უფრო გაძლიერდა ამომრჩევლის გაღიზიანება კურატორების მხრიდან არჩევნებში ჩარევის გამო. ამიტომაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რუს კურატორებს ღიად არავისთვის დაუჭერიათ მხარი, საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება რომ აერიდებინათ თავიდან. თუმცა არც სიტუაციის უკონტროლოდ მიშვებას შეძლებენ.
საზოგადოებრივი აზრი იხრებოდა ვერსიისკენ, რომ პრეზიდენტთან შეთანხმებული კანდიდატი თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევია – უკანასკნელ დრომდე ბიბილოვის თანამზრახველი. შესაბამისად, არავინ დაიჯერა, რომ გასეევი ბიბილოვის ნების წინააღმდეგ მხოლოდ საკუთარი სურვილით წავიდა. ეს არც მაშინ დაუჯერებია ვინმეს, როდესაც ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ერთმანეთში ჩხუბი დაიწყეს. ბიბილოვმა სასტიკად გააკრიტიკა მინისტრი, შეურაცხყოფაც კი მიაყენა. 26 თებერვალს კი სამსახურიდანაც დაითხოვა.
თითქოს, ეს ფაქტები, მათ შორის მტრობის მტკიცებულებები, დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ამომრჩეველი კარგად ხვდება, რომ ეს დადგმული სპექტაკლია ამომრჩევლის თვალის ახვევის მიზნით. ისინი, ვინც კარგად იცის ბიბილოვის შურისმაძიებელი ხასიათი, დარწმუნებული არიან, რომ თუკი მტრობა ჭეშმარიტია, პრეზიდენტი არ მისცემდა საშუალებას საარჩევნო კომიტეტს, გასეევის კანდიდატურა დაერეგისტრირებინა. ახლა კი ეჭვი არავის ეპარება, რომ კანდიდატი შეთანხმებულია.
რიგით მესამე [თუმცა მნიშვნელობით პირველი] ფაქტორი – ეს არის [ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის] ედუარდ კოკოითის გეგმები საარჩევნო კამპანიაში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა უარი თქვა, დაერეგისტრირებინა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ედუარდ კოკოითის კანდიდატურა წარმოადგინა. კოკოითს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რადგან [ადგილობრივი რეგულაციებით] უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი, გაზომო, თუ ვინ, როდის და სად ცხოვრობდა. რუსეთის სასაზღვრო სამსახური ოფიციალურად არ ადევნებს თვალს პირთა გადაადგილებას, ამიტომაც შესაბამის მოთხოვნაზე ოფიციალურ პასუხს ვერც გასცემს. ამასთან, ყველამ იცის, რომ არც სამხრეთ ოსეთი აწარმოებს საკუთარ აღრიცხვას.
აქედან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერი საფუძველი იმისა, რომ ამ ცენზის შეუსაბამობის გამო კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი ეთქვას.
კოკოითის ადვოკატები მზად არიან, ეს დაამტკიცონ უზენაეს სასამართლოში მას შემდეგ, რაც რეგისტრაციაზე უარს ოფიციალურად მიიღებს ცესკოდან. გასაგებია, რომ ობიექტური განხილვის იმედი არ არსებობს – ცესკოც და სასამართლოც პრეზიდენტის ნებას გამოხატავს და კოკოითის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.
2017 წელს ედუარდ კოკოითიმ მხარი დაუჭირა არჩევნებზე ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურას ლეონიდ თიბილოვის წინააღმდეგ, თუმცა ამჟამად ერთმანეთს მტრობენ სავარძლის გამო. შექმნილ სიტუაციაში კოკოითის მოუწევს, სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი.
ადგილობრივი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რომელიმე კანდიდატის მიმართ კოკოითის მხარდაჭერას შეუძლია განსაზღვროს არჩევანების შედეგიც, რაც ძალიან არ მოსწონთ ბიბილოვსა და მოსკოველ კურატორებს, რომელთაც განცდა აქვთ, რომ კოკოითი მათ თამაშს შეცვლის, თუკი პირადად მას არ დაუშვებენ არჩევნებზე.
ამიტომაც დღეს საზოგადოებისთვის ინტრიგა ისიც არის, თუ ვის დაუჭერს მხარს ყოფილი [დე ფაქტო] პრეზიდენტი.
დღეს კანდიდატებს შორის არიან ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი, კგბ-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც 2017 წელსაც მონაწილეობდა არჩევნებში და მესამე ადგილი დაიკავა;
დეპუტატი ოპოზიციონერი დავით სანაკოევი, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში მეორე ტურში წააგო თიბილოვთან. ამჟამად ის უპარტიო კანდიდატია;
დეპუტატი გარი მულდაროვი, სახელმწიფო დაცვის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2019 წლიდან პოლიტიკაშია და ბიბილოვის მხარდაჭერით მოხვდა ოპოზიციური დეპუტატის პოსტზე;
ყოფილი თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევი, რომელიც 2022 წლის 26 თებერვალს პოსტიდან გათავისუფლდა “პოლიტიკური ამბიციების” გამო;
დიმიტრი ტასოევი,“ერთიანი ოსეთის” პოლიტსაბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი. ბიბილოვის 2017 წლის გამარჯვების შემდეგ მას და ბიბილოვს შორის დაპირისპირება სპიკერის პოსტი გამო მოხდა და ტასოევი პარტიიდან გარიცხეს. ახლა ის ოპოზიციაშია.
10 აპრილის არჩევნებში მონაწილეობენ ასევე კანდიდატები, რომლებიც აქამდე არ ყოფილან შემჩნეული პოლიტიკურ ცხოვრებაში ან დიდი ხნის წავიდნენ პოლიტიკიდან. მათ შორის, ყოფილი თავდცვის მინისტრი ვლადიმერ ფუხაევი, “მეგაფონ-სამხრეთ ოსეთის” ყოფილი გენერალური დირექტორი – ასლან კუტროვი, სახელმწიფო ანსამლ სიმდის ყოფილი დირექოტრი რუსტამ ძაგოევი და ა.შ.
კიდევ ოთხი კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წამოაყენეს. ესენი არიან “ერთიანი ოსეთიდან” ამჟამინდელი პრეზიდენტი ბიბილოვი და ხელისუფლებასთან აფელირებული სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები.








