სამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღზე რუსული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება – აზერბაიჯანის თავდაცვა

28 მარტი, 2022 • 1794
ყარაბაღზე რუსული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება – აზერბაიჯანის თავდაცვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ 27 მარტს გავრცელებული განცხადება ყარაბაღში შექმნილი მოვლენების შესახებ და სოფელ ფარუხს კვლავ აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ.

ბაქოს თანახმად, აზერბაიჯანულ მხარეს არ შეუცვლია პოზიციები სოფელ ფარუხსა და მის მიმდებარედ არსებულ სიმაღლეებზე და მათ კვლავ აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

„ინფორმაცია აზერბაიჯანული არმიის შენაერთების ამ პოზიციებიდან გასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. აზერბაიჯანული არმია სრულად აკონტროლებს ოპერაციულ ვითარებას“, – აცხადებს ბაქო.

ბაქოს თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება ისიც, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასევე ტყუილია ისიც, რომ აზერბაიჯანულ მხარეს დაშავებულები ჰყავს.

27 მარტის განცხადებაში, ისევე როგორც წინა განცხადებაში, ბაქომ კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთს, რომ „მთიანი ყარაბაღის“ ადმინისტრაციული ან ტერიტორიული სუბიექტი აზერბაიჯანში არ არსებობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მხარის პოზიციები პატივს არ სცემს ორ ქვეყანას შორის 22 თებერვალს გაფორმებულ შეთანხმებასაც, რომლითაც ქვეყნები პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და აერთიანებენ ძალებს, რათა ებრძოლონ ტერორიზმს, ექსტრემიზმსა და სეპარატიზმს.


სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა გადალახეს კონტაქტის ხაზი და სოფელი ფარუხი დაიკავეს, რომელსაც მანამდე აკონტროლებდა დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა. აზერბაიჯანულმა მხარემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხური მხარის ცნობები ესკალაციის შესახებ, იქ, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განთავსებული, არ შეესაბამება სიმართლეს.

მომხდარს 26 მარტს გამოეხაურა მოსკოვი. როგორც რუსული მხარე აცხადებს, აზერბაიჯანულმა ჯარებმა “დასახლებული პუნქტ ფურახში მთიანი ყარაბაღის დანაყოფებს Bayraktar TB2- ის უპილოტო საფრენი აპარატებით ოთხი დარტყმა მიაყენეს”.

მოგვიანებით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა, რომ სოფელს ბაქო აკონტროლებდა.

აზერბაიჯანული მხარე გამოეხმაურა სოფლის სახელწოდების საკითხსაც. ბაქოს განცხადებით, სოფელს ფარუხი ეწოდება და არა ფურახი, როგორც ეს რუსულ განცხადებებშია ნათქვამი.

მოსკოვის ოფიციალური ცნობით, რუსული სამშვიდობო კონტინგენტი სიტუაციის დასარეგულირებლად და ჯარების საწყის წერტილში დასაბრუნებლად მუშაობდა.

აზერბაიჯანული მხარე უარყოფს, რომ სოფელი დატოვა.

გირჩევთ:

უკრაინის ომი და ყარაბაღი – რა ხდება რეგიონში

მასალების გადაბეჭდვის წესი