სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზებს უკრაინაში ომის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას აიძულებენ

11 მარტი, 2022 • 4007
აფხაზებს უკრაინაში ომის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას აიძულებენ

“დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველყოფის, ასევე უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მიზნით,  რუსეთის ფედერაციის მოქმედებების მხარდამჭერ აქციაზე”, რომელიც სოხუმში დღეს გაიმართება, მოქალაქეებს წასვლას აიძულებენ.

შესაბამის მოთხოვნებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საჯარო სექტორის თანამშრომლები იღებენ სხვადასხვა გზით, მათ შორის- წერილობით.

აქციაზე წასვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოქალაქეები აფხაზურ ტელეგრამ არხებზე ავრცელებენ.

რუსეთის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია სოხუმში დღეს, 11 მარტს “დინამოს” სტადიონზე გაიმართება.

“ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დასაცავად სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილების” მხარდამჭერი აქცია ცხინვალში უკვე გაიმართა 2 მარტს. აქციის ორგანიზატორი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია “ედინაია ოსეტია” იყო.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი