აფხაზეთიდან დევნილებს, რომელთაც თითქმის 30 წლიანი ლოდინის შემდეგ ვარკეთილში, ახალაშენებულ კორპუსებში სახელმწიფომ 2021 წელს ბინები აჩუქა, ამ დრომდე არ აქვთ ბუნებრივი აირი, შესაბამისად კი, სახლში – სითბო. საცხოვრებელი კომპანიის მფლობელი აცხადებს, რომ პრობლემა უხლოეს დღეებში მოგვარდება.
ბინის გასაღები ოჯახებს ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში გადასცეს, თუმცა დევნილებს ბინები ჯერ არ აქვთ დარეგისტრირებული.
იმის გამო, რომ ბინებში ბუნებრივი აირი შეყვანილი არც ბინების ჩაბარების დროისთვის ყოფილა, დევნილების უმრავლესობამ ახალ ბინებში გადასვლა არ იჩქარა. შესაბამისად, აქ ახლა მხოლოდ ის ოჯახები ცხოვრობენ, რომელთაც გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდათ და სხვაგან ბინის ქირას ვეღარ იხდიდნენ.
აფხაზეთიდან დევნილი 43 წლის ნაზი ხურციძე ერთ-ერთი მათგანია.
“არჩევანი არ მქონდა. 300 ლარს ვიხდიდით ქირაში და მაგასაც ვერ ვიხდიდით. აქ გაზის შემოყვანას ვეღარ დავუცდიდი. ახლა სიცივეში კი ვართ, მაგრამ როგორღაც ვძლებთ. დღეს მზე იყო და ცოტა გავთბით”.
ხურციძეს 15 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მწვავე დაავადებები აქვს. დედას შვილი ხშირად მიჰყავს გასათბობად და დასაბანად ნათესავთან ან მეზობელთან.
“ეს ერთადერთი ელექტროღუმელია, რომელსაც ხშირად ვერც ვრთავთ. წინა თვეში 150 ლარი მოვიდა გადასახადი. გაზი რომ ყოფილიყო, მეტადაც გაათბობდა სახლს და ალბათ, ნაკლები იქნებოდა გადასახადიც”, – ამბობს ქალი.
“ჩვენ თანამშრომლობა შევწყვიტეთ ერთ-ერთ გაზის კომპანიასთან, რომელმაც ვერ შეათანხმა პროექტი მერიასთან. მას უნდა უნდა ჩაეტარებინა ეს სამუშაოები. შესაბამისად, შემდეგ მოვძებნეთ ალტერნატიული გზა, შევათანხმეთ პროექტიც. შიგნითაც დაქსელილია და მიმდინარეობს დაერთების სამუშაოები. ყველაზე მაქსიმალური ვადა ათი დღეა ყველა სამუშაოს დასასრულებლად”, – განუცხადა ნეტგაზეთს დავით ჭუმბურიძემ, კომპანიის ხელმძღვანელმა.