გუნელ მევლუდი
34-ე დღეა გრძელდება პოლიტპატიმრის, სალეჰ რუსტამლის შიმშილობის აქცია. ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას 10 დეკემბრამდე მისცა ვადა, მიაწოდოს ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
აზერბაიჯანში გიადაბეის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი, ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული ოპოზიციური ძალის, “სახალხო ფრონტის” ორ წევრთან ერთად, ორი წლის წინ დააპატიმრეს.
რაიონის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალდებები რამდენიმე მუხლით [მათ შორის “უკანონო მეწარმეობის”, რაც აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული აქტივისტების მიმართ ხშირად გამოიყენება] წაუყენეს.
სალეჰ რუსტამლის ადვოკატმა ბაჰრუზ ბაირამოვმა განაცხადა, რომ რუსტამლიმ ხელისუფლების წყრომა დაიმსახურა მხოლოდ იმიტომ, რომ იმ “ფრონტისტებს” გამოუცხადა მხარდაჭერა, ვინც პატიმრობაში ჰყავს ხელისუფლებას პოლიტიკური შეხედულებების გამო.
საბოლოოდ, სასამართლომ სალეჰ რუსტამლის 7 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა. სწორედ ეს გახდა შიმშილობის გამოცხადების მიზეზი, რომელიც 34-ე დღე გრძელდება.
უკანასკნელი 34 დღის განმავლობაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ გამოთქვეს სალეჰ რუსტამლის მდგომარეობის გამო შეშფოთება.
შექმნილ მდგომარეობაზე უკმაყოფილება გამოხატა აზერბაიჯანში სხვადასხვა ქვეყნის ელჩმაც.
პირველ დეკემბერს ასამდე ადამიანმა სამოქალაქო სექტორიდან მიმართა საერთაშორისო სზოგადოებას, რუსტამლის შიმშილობის ფაქტზე რეაგირება ჰქონდეთ.
ყველა ამ ნაბიჯს ხელისუფლებამ მისთვის ჩვეული წესით უპასუხა. ნაცვლად იმისა, რომ რუსტამლის მდგომარეობის შესაფასებლად პროცესში ექიმები ჩაერთო, რუსტამლი მოათავსეს კარცერში და ოთხ დღეზე მეტი მკაცრ რეჟიმში ამყოფეს.
34 დღის განმავლობაში რუსტამლის მდგომარეობა დამძიმდა, მას უჭირს გადაადგილება და საუბარი. ამასთან, სამედიცინო კვლევებს ან რაიმე სახის ჯანდაცვით დახმარებას არ უტარებენ. ოჯახის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ის შიმშილობას არ წყვეტს. იძულებით მკურნალობის შემთხვევაში კი, რუსტამლი აცხადებს, რომ სუიციდს მიმართავს.
“მხოლოდ ორი გზა მაქვს- ან სიკვდილი, ან თავისუფლება”, – ასე უპასუხა რუსტამლიმ ოჯახის წევრების თხოვნაზე.
გათავისუფლების გარდა, რუსტამლი სასამართლოსგან ითხოვს ბრალდებებისა და მის ქონებაზე ყადაღის მოხსნას.
აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოებას, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობის უგულებელყოფის გარდა, არსებულ სიტუაციაში პარტია სახალხო ფრონტის უმოქმედობაც აკვირვებს.
პარტიას, რომელიც მიტინგებსა და საპროტესტო აქციებში განსაკურებული ორგანიზატორული ნაბიჯებით გამოირჩევა, სალეჰ რუსტამლის მხარდასაჭერად არ გაუმართავს არცერთი ღონისძიება მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
მეტიც, რუსტამლის მხარდამჭერ ერთადერთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბაქოს ცენტრში პირველ დეკემბერს გაიმართა, არ მისულა პარტიის არცერთი მოქმედი წევრი და ლიდერი.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდა პარტიის ლიდერი, ალი ქერიმლი აქციაზე, თავად ქერიმლიმ უპასუხა, რომ “ორი კვირის განმავლობაში არ ჰქონდა ინტერნეტი და მსგავსი აქციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია”.
აქცია, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტების მიერ ორგანიზებული მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. აქციის დაწყებამდე პოლიციის მიერ დაკავებული და სასტიკად ნაცემია ყოფილი პოლიტპატიმარი ტოფიგ იაგუბლუ, აქტივისტი რუსამ ისმაილბეილი კი 30 დღით დააპატიმრეს. სხვა დაკავებულები [დაახლოებით, 30 ადამიანი] პოლიციამ გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლა.
“მოითხოვდნენ, შემეწყვიტა ალიევის კრიტიკა” – ბაქოში აქტივისტებს სცემეს
უკანანსკნელი ორი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის სამოქალაქო სექტორმა დაკარგა იმედი იმისა, რომ სალეჰ რუსტამლის გაათავისუფლებენ ან ის შიმშილობას შეწყვეტს.
რუსტამლის საკითხი ქვეყნის პარლამენტის თემაც გახდა ბოლო დღეებში. ორმა დეპუტატმა ეტიბარ ალიევმა და ვაჰიდ აჰმედოვმა პრეზიდენტ ალიევს მიმართეს თხოვნით “უშუალო კონტროლქვეშ აიყვანოს” რუსტამლის საკითხი, თუმცა, ერთი დღის შემდეგ, ერთ-ერთმა დეპუტატმა, ატიბარ ალიევმა “გადაიფიქრა”, რაც დეპუტატმა იმით ახსნა, რომ “უბრალოდ, არ იცოდა, რომ რუსტამლი ასეთ კრიმინალურ საქმეში იყო ბრალდებული, სისხლის სამართლის დამნაშავის ადგილი კი, ციხეშია”.
სალეჰ რუსტამლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აქ უკვე არა დღეებს, არამედ საათებს აქვს მნიშვნელობა. რუსტამლი ნელი სიკვდილით კვდება ოჯახისა და საზოგადოების თვალწინ.
აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

