სამხრეთ კავკასიის ამბები

“მოითხოვდნენ, შემეწყვიტა ალიევის კრიტიკა” – ბაქოში აქტივისტებს სცემეს

2 დეკემბერი, 2021 •
“მოითხოვდნენ, შემეწყვიტა ალიევის კრიტიკა” – ბაქოში აქტივისტებს სცემეს

აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის ინფორმაციით, აზერბაიჯანში მოშიმშილე აქტივისტის, სალეჰ რუსტამოვის მხარდამჭერი აქცია პოლიციამ მის დაწყებამდე დაარბია, მისი მონაწილეები კი, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წევრები, დააპტიმრა და სცემა. ამ დრომდე დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

აქციაზე დაკავებული და ნაცემია, ასევე, ტოფიგ იაგუბლუ, დემოკრატიული ძალების ნაციონალური საბჭოს ცენტრის წევრი, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ძალოვნებმა ცემით აწამეს და მოითხოვეს მისგან, “შეეწყვიტა პოლიტიკური ბრძოლა”.

“დაკავებისას დამარტყეს, შემდეგ კი დაიწყეს წამება. წამიყვანეს განყოფილებაში. ხელბორკილები გამიკეთეს, ძირს დამაგდეს, თავზე წამომაცვეს ცელოფნის პარკი, ცდილობდნენ გაგუდვას და ცემას. მოგვიანებით ჩამაგდეს რაღაც მანქანაში, ვერაფერს ვხედავდი. ვიღაცამ დაურეკა, მერე მომხსნეს თავიდან ეს ცელოფანი, გადამიღეს ფოტო, რომელიც იმ ვიღაცას გაუგზავნეს. მანქანით მატარეს და ჩამომაგდეს სადღაც გზაზე. ჩემი ცემის დროს მოიხოვდნენ, შემეწყვიტა პოლიტიკური ბრძოლა, ილჰამ ალიევის კრიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარესით დამემუქრნენ”,- აცხადებს იაგუბლუ.

მომხდართან დაკავშირებით გამოცემა კავკაზსკი უზელი დაუკავშირდა აზერბაიჯანის შსს-ს, სადაც უპასუხეს, რომ პოლიციის მიმართ “ბრალდებები უსაფუძვლოა”.

6 ნოემბერს აზერბაიჯანის პარტია სახალხო ფრონტის აქტივისტმა სალეხ რუსტამოვმა შიმშილობა გამოაცხადა იმ მიზეზით, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ამნისტია მას არ შეეხო. აქტივისტი ამ დრომდე შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, უკიდურესად გართულდა. აქტივისტები და ოპოზიცია სწორედ მის მხარდამჭერ აქციას გეგმავდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი