“ლაიმჰაუსის” სადისკუსიო პლატფორმის ფარგლებში 2021 წლის 20-24 სექტემბერს ქალაქ ბელგრადში გამართულ შეხვედრაზე ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის მონაწილეთა მიერ შემუშავდა წინადადებების პაკეტი. პლატფორმის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ეს წინადადებები გახდება საზოგადოების განხილვის საგანი კონფლიქტის ორივე მხარეს. ასევე, დიალოგის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში. წარმოგიდგენთ დიალოგის კიდევ ერთი აფხაზი მონაწილის ხედვას, რაზეც მან ნეტგაზეთთან ისაუბრა:
ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი
აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს «Limehouse» ფორმატის აფხაზურ-ქართულ არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია, თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი დოკუმენტი პირველად შეიმუშავეს. ინალ ხაშიგის თქმით, მსგავსი კომუნიკაცია ორივე მხარისთვის საკმაოდ პერსპექტიულია და იმის მიუხედავად, რომ ის არ წარმოადგენს ოფიციალურ მოლაპარაკებათა პროცესს, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევას შეუწყობდა ხელს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს ფობიები, რომ მსგავს შეხვედრებზე, შეიძლება აფხაზეთის სტატუსი იყოს განხილული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ეს ყველაფერი სისულელეა, რადგან ასეთი არაფორმალური შეხვედრები, რომელიც ექსპერტულ დონეზე იმართება – ნებისმიერი მოლაპარაკებების საბაზისო შემადგენელია, რადგან ოფიციალურ ფორმატებში, როგორც წესი, არ არსებობს მსგავსი თემების მოდელირების შესაძლებელობები, არ არსებობს რაიმე იდეების წინ წამოწევის, მათი განხილვის შესძლებლობები. სწორედ ამიტომ, არაფორმალური დიალოგი ექსპერტების დონეზე აუცილებელია.
ზოგადად, «Limehouse» რა ტიპის ფორმატია?
ეს ფორმატი, თავიდანვე, გაჩნდა როგორც აფხაზეთის დეიზოლაციის საშუალება. ბევრს არ ახსოვს, თუმცა 2008 წლის შემდეგ აფხაზეთი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოჰყვა საქართველოს წყალობით, სადაც მიიღეს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომლის შესაბამისად, აფხაზებს მხოლოდ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა შეუძლია საქართველოს ნებართვის გარეშე. აფხაზების გადაადგილება, აფხაზური კომპანიების ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, აღარაფერს ვამბობ ახალგაზრდების განათლებაზე, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს ნებართვის გარეშე იკრძალება. ევროკავშირმა ბრმად მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონს და მოკლედ რომ ვთქვათ, თავად შეიყვანა საკუთარი თავი ჩიხში.
ევროპელები ამბობენ, რომ აფხაზების გადაადგილების შეზღუდვა დღეს რუსეთის მიმართ სანქციებს უკავშირდება
რეალურად, ყველაფერი, რაც საქართველოში ოკუპაციის კანონის შესაბამისად კეთდება, პირიქით მუშაობს, – ისინი ამით რუსეთისკენ სვლას გვიბიძგებენ. ჩვენ, აფხაზებს ერთადერთი კავშირი გვრჩება მსოფლიოსთან – რუსეთის გავლით. თუკი მივყვებით იმ ლოგიკას, რომ საქართველო ებრძვის ოკუპაციას, რეალურად ის მას თავადვე ხელს უწყობს.
სწორედ იმიტომ, რომ აფხაზეთი მოწყვეტილია დანარჩენ მსოფლიოს, ყველა საინტეგრაციო პროცესი, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური, ძირითადად, რუსეთთან არის დაკავშირებული.
თუკი ვერ ვვაჭრობთ ევროპასთან და დანაჩენ მსოფლიოსთან, მაშინ სავაჭრო ურთიერთობებისთვის რუსეთი გვრჩება. ჩვენი ეკონომიკა მიმართულია რუსეთისკენ. თუკი, ჩვენს სტუდენტებს არ შეუძლიათ სწავლა ევროპასა და ამერიკაში, მაშინ მიდიან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. საქართველოში დღეს არსებული ოფიციალური პოზიციიდან გამომდინარე, სხვა ალტერნატივა უბრლოდ არ გვაქვს. ზუსტად ამ მხრივ, არაფორმალურმა დიალოგმა შესაძლოა, გარკვეულწილად შეუწყოს ხელი საქართველოს პოზიციის შეცვლას და დაარწმუნოს, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ მათსავე წინააღმდეგ მუშაობს.
რომელი გავლენიანი ფიგურები მონაწილეობენ ქართული მხრიდან ამ დიალოგში, რამდენად შეუძლიათ მათ საზოგადოების განწყობების შეცვლა ქართულ საზოგადოებაში?
სხვადასხვა პერიოდში ამ დიალოგებში მონაწილეობდნენ პარლამენტის დეპუტატები, პოლიტოლოგები, რომლებიც საქართველოს მთავრობასაც წარმოადგენდნენ სხვადასხვა წლებში. მათთან დიალოგის პროცესი საშუალებას გვაძლევს გადავიაზროთ ის მოვლენები, რომელიც 2008 წლის შემდეგ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებათა პროცესში არსებობდა.
ბევრი იდეა, რომელიც არაფორმალურ ფორმატში გადამუშავებულა, მოგვიანებით განვითარდა.
მაგალითად?
მაგალითად, აფხაზი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ევროპული სასწავლებლები გამოყოფენ კვოტებს. ამავე დროს, ჩვენი სტუდენტები იქ მიდიან, არა როგორც საქართველოს მოქალაქეები, არამედ, როგორც აფხაზეთის წარმომადგენლები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მათთვის, ვინც პროგრამა ჩივნინგში მონაწილეობს, შეიქმნა პარამეტრი სახელწოდებით “სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან”. არა საქართველოდან ან აფხაზეთიდან, არამედ სამხრეთ კავკასიიდან მიდის სტუდენტი სასწავლებლად.
ასევე, არსებობს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც საარქივო მასალებს გვიბრუნებენ. ძირითადად, როგორც წეი, არტეფაქტებს არ გვაძლევენ, თუმცა, გვაქვს საშუალება მივიღოთ ასლები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწიებით, რომ სახელმწიფო არქივი და ჰუმანიტარული ინსიტუტის არქივი ომის დროს დაგვიწვეს. ასე რომ, ბევრი ფაქტორია, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას ასაზრდოებს.
როდესაც ჩვენთან, აფხაზეთში ესმით ხოლმე საქართველოსთან თანამშრომლობაზე რამე, ნეგატიურად რეაგირებენ. თქვენი აზრით, ამის საფუძველი არსებობს?
აფხაზეთი და საქართველო სხვადასხვა კონტინენტზე არ მდებარეობს. ჩვენ გვაქვს საერთო საზღვარი, გვაქვს ენგურჰესი, რომელიც აფხაზეთსა და საქართველოს ელექტროენერგიით ამარაგებს. თანამშრომლობის ეს პროცესი ომის შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
ბევრი საერთო ინტერესია, რომელიც სტატუსის განსაზღვრის ფარგლებს მიღმა გვაქვს. ბოლოსდაბოლოს, დღეს ბევრი გამოწვევა არსებობს მსოფლიოში. ეს არის ბრძოლა ტერორიზმის, ნარკოტიკის წინააღმდეგ. ამიტომაც გარკვეული თანამშრომლობა სამართალდამცველ ორგანოებს შორისაც კი უნდა არსებობდეს, მხარეები უნდა ცვლიდნენ მონაცემებს. თავი მოვიტყუოთ, რომ საქართველო არ არსებობს, და ქართველებმა მოიტყუონ თავი, რომ აფხაზეთის მთავრობა არ არსებობს, ეს წამგებიანი პოზიციაა.
არაფორმალური დიალოგის პლუსები აფხაზეთისთვის გასაგებია, ქართველებს ეს რაში სჭირდება?
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მოვლენებისა და ყარაბაღის მეორე ომის შედეგად მიღწეული შეთანხმებების კონტექსტში, დღეს მთელ სამხრეთ კავკასიაში შეიცვალა მოთამაშეთა კონფიგურაცია და ახალი პერსპექტივები გაჩნდა. კი, ეს პერსპექტივები საკმაოდ არამდგრადია, თუმცა, ისინი დაფიქსირებულია სამმხრივ დოკუმენტში. ეს შეეხება სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას, რაც საკმაოდ რევოლუციურია იმის გათვალისწინებით, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის კონფლიქტი უფრო დრამატულია, ვიდრე კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის. აფხაზები და ქართველები ხვდებიან მაინც ერთმანეთს, მათ კი, როგორც სახელმწიფო, ასევე ადამიანურ დონეზე საკომუნიკაციო საზღვრები მკაფიოდ და ხისტად აქვთ გავლებული.
ახლა კი საუბარია იმაზე, რომ შექმნიან სატრანსპორტო კორიდორს, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს ნახიჩევანთან, სომხები კი, თავის მხრივ, რუსეთში აზერბაიჯანის გავლით შეძლებენ მოხვედრას. თუ ეს რევოლუციური წინადადებები რეალური გხდება, ეს მთელ სამხრეთ კავკასიაზე აისახება.
ანუ ქართველებისთვისაც, შესაძლოა, საინტერესო იყოს ჩვენი რკინიგზის გახსნის საკითხი?
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გადავდოთ პოლიტიკა გვერდით. საქართველო, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს საკუთარ თავს სატრანსპორტო კორიდორად მოიაზრებდა. ამასთან, კონფლიქტების გამო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებობდა, მან ვერ შეძლო სრულფასოვანი სატრანსპორტო კორიდორი გამხდარიყო.
დღეს ასევე ჩნდება შესძლებლობა რეალურად გახდეს სამხრეთ კავკასიის ეს ტერიტორია არა მხოლოდ სატრანსპორტო კორიდორი, არამედ თავად რეგიონის განვითარების ახალი მოდელი, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის განზომილებაში შეიძლება გადმოიტანო ყველაფერი. აქ შეიძლება ვიპოვოთ ასევე მთელ რეგიონში კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტილებები.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა. ყველა ეკონომიკური და სხვა ტიპის კავშირები გამქრალია. ახლა ახალი თაობა იზრდება სამხრეთ კავკასიის სივრცეში, რომელთაც არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან. როდესაც ადამიანებს რაიმე ეკონომიკური ინტერესი აკავშირებთ, ეს ახალი კონფლიქტების გაჩენას ან ძველი კონფლიქტების ესკალაციას მინიმუმამდე ამცირებს.
ასე რომ, მგონია, საჭიროა, გვერდზე გადავდოთ ყველა ულტიმატუმი. გასაგებია, რომ აფხაზეთის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება. ასევე არიან ქართველებიც. შესაძლოა, შორეულ პერპექტივაში მათ უარი თქვან ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისგან. ასეა თუ ისე, მგონია, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობების განვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ამბების კონტექსტში.
ვფიქრობ, საქართველოც უნდა იყოს ამაში დაინტერესებული, რამდენადაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა მოთამაშეთა კონფიგურაცია. აქ დასავლეთს თურქეთი ჩაენაცვლა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი NATO-ს ბლოკშია, ის დამოუკიდებელი მოთამაშეა. თურქეთის ინტერესები დადწილად წინააღმდეგობაში მოდის დასავლეთის ინტერესებთან. რეგიონში რუსეთის, თურქეთისა და ირანის გავლენებმა შეიძლება შექმნან სხვა კონფიგურაცია, სადაც საქართველო დასავლეთის ანკლავად შეიძლება იქცეს ამ ახალ გეოპოლიტიკურ სივრცეში, თავისი გარკვეული რისკებით. ამიტომაც, ვფიქრობ, სჯობს ახლა გადახედოს საქართველომ საკუთარ მდგომარეობას, რომ არ აღმოჩნდეს ამერიკელთა მიერ დატოვებული ავღანეთის პოზიციაში.
საჭიროა იმის გააზრებაც, რომ დღეს სამხრეთ კავკასია დასავლური ინტერესების ცენტრში არ იმყოფება. ეს არ არის 15 წლის წინანდელი დრო, როდესაც დასავლეთი ამ რეგიონზე იყო ფოკუსირებული. ესეც უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, რომელიც არ თმობს 2008 წელს გამომუშავებულ შაბლონებს. ასე რომ, ახლა საკმარისი შესაძლებლობები არსებობს რეგიონში მოვლენების გადასააზრებლად და ახალი იმპულების მისაცემად.
ამავე თემაზე: