სამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვმა ჩრდილოელი ოსების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შეზღუდვაზე შეხვედრა გამართა

5 დეკემბერი, 2017 • 1632
ბიბილოვმა ჩრდილოელი ოსების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შეზღუდვაზე შეხვედრა გამართა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ჩრდილოეთ ოსეთიდან საზოგადოება “დარიალის” აქტივისტებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავჯდომარეს, გაირბეკ სალბიევს შეხვდა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი შემოსვლის შეზღუდვის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ოსური გამოცემა nykhas.ru ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრები ყაზბეგის რაიონის ყოფილი მცხოვრებლები არიან, რომლებიც ადრეც აცხადებდნენ, რომ ქართული მხარე მათ უფლებებს არღვევს – “ვერ ჩამოდიან საკუთარ სახლებში, წინაპრების საფლავებზე და ისტორიულად ოსებით დასახლებულ ადგილებში დარჩენილ ახლობლებთან”. 

“ჩვენი პრობლემები, რომლებზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, უყურადღებოდ არ რჩება, მაგრამ ამავე დროს ახალი ბერკეტები უნდა გამოვნახოთ და  საკითხის მოსაგვარებლად ახალი ორგანიზაციები უნდა ჩავრთოთ”, – ამბობს გაირბეკ სალბიევი.

მისივე თქმით, მოამზადეს მიმართვა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელების, ასევე, მათი პარლამენტების სახელზე, რომ ერთობლივი პოზიცია დააფიქსირონ. 

“ანატოლი ბიბილოვის თქმით, გვერდს ვერ აუვლის იმ პრობლემებს, რაც აწუხებთ ყაზბეგის რაიონის ყოფილ მცხოვრებლებს, რომლებსაც ქართული მხარე ისტორიულ სამშობლოში არ აბრუნებს”, – წერს გამოცემა nykhas.ru.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ესა თუ ის პრობლემა, რომელიც ოს ხალხს ეხება, არ შეიძლება ცალ-ცალკე განიხილო, როგორც სამხრეთ ან ჩრდილოეთ ოსეთის პრობლემად, ეს ჩვენი საერთო პრობლემებია. ამიტომ სამხრეთ ოსეთი მზადაა ტირსიგომის მცხოვრებლების ინტერესები ყველანაირად დაიცვას. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებებზე ეს საკითხი დააყენა” – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

 

ამავე თემაზე:

რატომ არ შეუშვეს კობელი ოსები საქართველოში

ცხინვალი ქართულ მხარეს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი