სამხრეთ კავკასიის ამბები

“მოსავლის ნაცვლად ხოჭოს ვაგროვებთ” – ფაროსანა სოხუმის ტერიტორიაზე [ვიდეო]

23 ოქტომბერი, 2017 • 5697
“მოსავლის ნაცვლად ხოჭოს ვაგროვებთ” – ფაროსანა სოხუმის ტერიტორიაზე [ვიდეო]

აზიურმა ფაროსანამ სოხუმის რაიონში, განსაკუთრებით, სოფელ ბესლეთის მცხოვრებლები დააზარალა.

“არც კომპოტის, არც მურაბის, არც ღვინის გაკეთებაა შესაძლებელი ფაროსანას გაფუჭებული ხილიდან. რასაც აჯდებიან, აღარაფერი ვარგა. სეზონზე 30 ტომარა თხილის მოსავალი მქონდა. ახლა აღარაფერი მაქვს. თხილი შიგნიდან გაშავებულია, არც ერთი არ არის მთელი. გაფუჭდა ლობიო და პომიდორიც. ძალიან გულდასაწყვეტია, იცხოვრო სოფელში და არც ბოსტნეული გქონდეს და არც ხილი. ეს ხოჭო, ალბათ, ბოლოს მოგვიღებს”.

სოხუმელი 80 წლის როზა ხანაგუა ამბობს, რომ უკვე მესამე წელია მოსავლის აღების ნაცვლად ხოჭოს აგროვებს.

“თუ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ დავიჭერ, სახლში შემოვლენ. ისედაც ბევრია, მაგრამ რომ არ დამეჭირა, დასაჯდომი ადგილიც კი აღარ იქნებოდა”, – ამბობს ქალი.

მისი მეზობელი ანტიცა იულია ასევე იქცევა. ხოჭოებს მტვერსასრუტით იჭერს, რის გამოც სახლში არასასიამოვნო სუნი დგება.

“ხოჭოები, რომლებიც საფრთხეს გრძნობენ, მყრალ სითხეს გამოყოფენ. სწორედ ამ დამცავი ფუნქციის გამო მათ არ ჭამენ ფრინველები”.

მხოლოდ 2017 წელს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 25 მილიონი რუბლი დახარჯა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, ამ თანხის ნახევარი – 12 500 000, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება იყო. თუმცა თხილის 70% მაინც დაზიანებულია. კომისიას კი ჯერ კიდევ შესაფასებელი აქვს, რამდენად არის დაზიანებული ციტრუსი და სხვა მოსავალი.

ამჟამად აზიურ ფაროსანას გამოზამთრების დრო აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ქიმიურ დამუშავებას აზრი არ აქვს. იმის მიუხედავად, რომ თბილი გარემოს საძებნელად სახლებში გადაბარგებული ხოჭო ძალიან დიდ ემოციურ რეაქციებს იწვევს მოქალაქეებში, აფხაზი სპეციალისტების რეკომენდაციაა, ამ სიტუაციას ცივი გონებით შეხედონ და საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ – ანუ მისცენ ხოჭოს საშუალება, ერთ ადგილას მოიყაროს თავი და შემდეგ ერთიანად გაანადგურონ.

აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, რომან დბარის განმარტებით, სახლების შეწამლვა უსარგებლო შრომაა.

“პირველ რიგში, ეს საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, მეორე – ამისგან ხოჭო არ შემცირდება. ისინი დაცული არიან ძლიერი დამცავი გარსით. მათი განადგურება მხოლოდ მექანიკურად არის შესაძლებელი. ყველაზე კარგი გზაა მათი დახოცვა ადუღებული წყლით ან დაწვა”, – ამბობს რომან დბარი.

თუმცა პარაზიტის დახოცვის მსგავსი საყოფაცხოვრებო საშუალება მათ რაოდენობაზე თითქმის არ აისახება. აფხაზი ეკოლოგების დაანგარიშებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 10 000 000 მილიონზე მეტი ფაროსანაა. მომავალი წლის მოსავლის დასაცავად კი მინდვრებისა და პლანტაციების ქიმიური დამუშავებაა საჭირო. მცენარეთა დაცვის საკითხთა სპეციალისტების აზრით, შემწამლავი ნივთიერებით დაახლოებით 80 000 ჰექტარი უნდა დამუშავდეს. აღნიშნული ნივითიერების საყიდად კი 96 მილიონი რუბლია საჭირო.

ნივთიერების ერთხელ შესხურება ხოჭოს არ ანადგურებს – მინიმუმ ხუთჯერაა საჭირო. ამასთან, პრეპარატის შეძენა, მათი უზრუნველყოფა რეგიონებში და მინდვრებისა და პლანტაციების შეწამლვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მავნებლის განადგურებას. აუცილებელია, დაზიანებული ნაკვეთების დამუშავება სწორად შერჩეულ დროში მოხდეს.

“რომელია სასურველი დრო ხოჭოსთან საბრძოლველად, ამას თქმა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, აგრონომ -ეთნომოლოგს, რომელიც დააკვირდება, განვითარების რომელ ციკლში არიან ფაროსნები, რათა ლარვის სტადია განისაზღვროს – მათი განვითარების ყველაზე მოწყვლადი ფაზა. მსგავსი სპეციალისტების გარეშე მცენარეთა დაცვისკენ მიმართული ყველა ღონისძიება ნაკლებეფექტური იქნება”, – ამბობს რომან დბარი.

აზიური ფაროსანა არ არის ერთადერთი მავნებელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში გავრცელდა. მავნებლის სხვადასხვა სახეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოდის მცენარეთა ნერგებით, ტრანსპორტითა და ტანსაცმლით. სპეციალისტების აზრით, შექმნილ სიტუაციაში უცილებელია არა მხოლოდ ფინანსები, არამედ ინტელექტუალური რესურსიც. ერთშიც და მეორეშიც კრიზისია აფხაზეთში.

აზიური ფაროსანის პრობლემაზე აფხაზეთში ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ მოკვლევა ჩაატარა. მოკლევის შესაბამისად, აზიური ფაროსანის მიერ მიყენებული ზარალი აფხაზეთში კოლოსალურია: “ბევრმა ფერმერმა გალში, სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში საერთოდ ვერ აიღო მოსავალი, რადგან უკვე დაზიანებული იყო. ოჩამშირეშიც ყოველკვირა იმატებს რაოდენობა. ამჟამად მისი გავრცელების პიკია. თხილის პარალელურად ყურძენზე, სიმინდსა და ლეღვზე გადავიდა. ასე თუ გაგრძელდება, ციტრუსზეც გადავა. რატომღაც არ უყვართ კივი და ფეიხოა, ასევე, ბაღჩეული და სალათის ფურცლები. დანარჩენ ყველაფერს ანადგურებენ. 80-90% ამ მავნებლითაა დაფარული”.

აფხაზურმა მხარემ აზიური ფაროსანის პრობლემაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი შეხვედრის ფარლებშიც ისაუბრა.


ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი