სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ცხოვრება გაძვირდა

25 დეკემბერი, 2016 • 2294
აზერბაიჯანში ცხოვრება გაძვირდა

აზერბაიჯანისთვის 2016 წელი საკმაოდ რთული იყო. 2015 წლის ორი დევალვაციის შემდეგ, ეროვნული ვალუტა ორჯერ გაუფასურდა, შესაბამისად, გაიზარდა ფასები. იმის მიუხედავად, რომ 2016 წელს ოფიციალურად დევალვაცია არ ყოფილა, პრაქტიკაში, მანათმა 1 აშშ დოლართან მიმართებაში 1,5620 – დან 1,7575-მდე ნიშნულს მიაღწია.

ერთი მხრივ, იაფი მანათი შველა იყო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რომელიც დოლარში გაყიდული ნავთობის ფულით ივსება, თუმცა, სამომხმარებლო ბაზრისთვის ეს ნამდვილი კატასტროფაა.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემით, სამომხმარებლო ბაზარზე 2016 წელს, წინა წელთან შედარებით ფასებმა, საშუალოდ, 12,1%-ით მოიმატა – საკვებ პროდუქტებზე – 14,1% -ით, სხვა პროდუქციაზე -16,8%-ით, მომსახურების სფეროში – 5,6%-ით.

აზერბაიჯანულმა ინტერნეტ პორტალმა Baku.ws – მა ქვეყანაში ფასების მატების ტაბლო შეადგინა. ჟურნალისტთა დაკვირვებით, მაგალითად, ქათამზე ფასი 29%-ით გაიზარდა [2 აშშ დოლარით] და დაახლოებით, 3,8 მანათი გახდა. პურის ფასი – 20%-ით [0.28 ცენტი გახდა]. საშუალოდ, ფასები 25-30% -ით გაიზარდა.

დამოუკიდებელი ექსპერტი ნატიკ ჯაფარლი ამბობს, რომ რეალური ციფრები უფრო მაღალია.

“თუმცა, ის რომ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც პოლიტიზირებულ მონაცემებს აქვეყნებს, ამ რიცხვებით მაინც აღიარებს, რომ ინფლაციამ ორნიშნა რიცხვი, დაახლოებით 12% შეადგინა და დაფიქრების დროა. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანი მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, ეს შეეხება წამლებს, საყოფაცხოვრებო ქიმიას, ნახევრფაბრიკატებს. საკვებ პროდუქციაშიც კი, 50% იმპორტია. 2015 წლის ორი ინფლაციის შემდეგ წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ 12%-ია ინფლაცია”.

დამოუკიდებელი ექსპერტების მონაცემებით, საკვებ პრუდუქტზე ფასებმა დაახლოებით 50%-ით მოიმატა. ოფიციალური სტატისტიკით კი, მოქალაქეები შემოსავლის 70%-ს საკვებზე ხარჯავენ. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია.

ამასთან, 2017 წლის იანვრიდან მოსახლეობას კომუნალურ მომსახურებაზე გაზრდილი ტარიფები ელის. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, ამ ფაქტს მოსახლეობაში უკმაყოფილება არ გამოეწვია. ამიტომაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დავალებით, ბუნებრივი აირის შეღავათიანი მოხმარების ლიმიტი წელიწადში 1500-დან 1700 კუბურ მეტრამდე, ელექტროენერგიაზე კი, თვეში 250-დან 300 კვ.საათამდე გაიზარდა.

ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების შესაბამისად, თუ აბონენტი 1 წლის განმავლობაში 1700 კუბურ.მეტრს მოიხმარს, მაშინ ის კვლავინდებურად 10 კაპიკს [0,5 ცენტს] გადაიხდის. ლიმიტი 170 მანათია [96 აშშ დოლარი]. უფრო მეტზე კი ორჯერ მეტს გადაიხდის. გამოდის, თვეში 14 მანათზე მეტი [დაახლოებით, 8 აშშ დოლარი] ღირებულების ბუნებრივი აირი არ უნდა მოიხმაროს, თუ კვლავინდებურად ძველი ტარიფით გადახდა სურს.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, თუ აბონენტმა თვეში 300 კილოვატზე, ანუ 21 მანათზე მეტი დახარჯა [12 აშშ დოლარი], 7 კაპიკის [0,3 ცენტი] ნაცვლად, 11-ს [0,5 ცენტი] გადაიხდის.

აზერბაიჯანის სატარიფო საბჭოს განცხადებაში წერია, რომ ახალი ტარიფები ქვეყანაში გატარებული სოციალური პოლიტიკის შესაბამისია.

მოსახლეობა ტარიფების ზრდასთან ერთად 2017 წელს, პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებსაც ელოდება.

დანახარჯები შემოსავალზე მეტია

აქვე საინტერესოა მოსახლეობის შემოსავლების მონაცემები. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ერთ სულ მოსახლეზე იანვარ-ნოემბერში შემოსავალმა 2016 წელს 4 154 მანათი [2363 აშშ დოლარი], თვეში საშუალოდ 377 მანათი [214 დოლარი] შეადგინა.

ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი ამბობს, რომ დანახარჯები ჯერ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, ვინაიდან ამჟამად ხალხი “ეკონომიას” აკეთებს – სამომხმარებლო კალათა იკლებს, რადგან მოქალაქეები პროდუქტზე და ტანსაცმელზე ფულის დაზოგვას ცდილობენ.

რას ამბობს ხალხი

“თუკი თვეში, დაახლოებით 200 მანათს [113 აშშ დოლარი] ვხარჯავდი საკვებზე, ახლა 250-260 მანათი [142-147 აშშ დოლარი] მაინც მჭირდება. პროდუქტების გაძვირებამ გააძვირა კაფეები და რესტორნებიც. ისეთი სიხშირით ვეღარ დავდივარ. რა დაგვრჩენია იმის გარდა, რომ უფრო ეკონომიურად ვხარჯოთ ფული?”, – გვეუბნება რამინ ნამაზლი, რომელიც ბაქოს ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციაში მუშაობს.

რუსტამ პირიევი ჟურნალისტია და ოთხსულიანი ოჯახი აქვს. ფასების ზრდაზე ისიც საუბრობს.

“თუ კვერცხს წინა წელს 10-11 კაპიკად ვყიდულობდი, ახლა 16- 17 ღირს. ერთი კილოგრამი კარაქის ფასმა 7-8-დან 9-10 მანათამდე მოიმატა [5-6 აშშ დოლარი]. ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა, თუ ჩემი ხელფასიც პარალელურად გაიზრდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. თვის ბოლო აღარაფერი მრჩება და ვცდილობ, მთელი თვე ეკონომიით ვიცხოვრო. კარგ პროდუქტზე უარი ვთქვა და ადგილობრივი, უარესი ხარისხის საკვები ვიყიდო”.

გარდა ამისა, საგრძნობლად გაძვირდა პირველადი ჰიგიენის საშუალებებიც – საპონი, შამპუნი, კბილის პასტა.

უძრავი ქონების ბაზარი

2016 წელს უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურდა. კონსალტინგური კომპანია Value and Sources-ის წარმომადგენელი, ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში რაშად ალიევი ამბობს, რომ დოლარში ბინების ფასმა საგრძნობლად დაიკლო.

“2016 წელი იყო პერიოდი, როდესაც ახალი ფასები დაწესდა უძრავი ქონების ბაზარზე. 2015 წლის დევალვაციებმა გაუგებრობები წარმოშვა ამ მხრივ. მაგრამ გარკვეული დროის შედეგ სიტუაცია დასტაბილურდა. უძრავი ქონება მანათის ეკვივალენტში გაძვირდა, თუმცა, დოლარში დაიკლო”.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი